წმინდა მოწამე მირდატ მეფე (+410) - 8 (21) ივლისი
წმინდა მოწამე მირდატ მეფე (+410) - 8 (21) ივლისი
წმინდა მოწამე მირდატ მეფე იყო ძე ქართლის მეფის, ვარაზ-ბაკურისა. იგი ბაბუამ, დედის მამამ, თრდატ მეფემ აღზარდა.

მორწმუნე, ბრძენი და გონიერი პაპა მომავალ ხელმწიფეს ღვთისა და ერის სიყვარულს ასწავლიდა და უნერგავდა. მირდატიც ყრმობიდანვე გამოირჩეოდა სამეფო თვისებებით.

ახოვნება, სიმხნე და უშიშრობა ბავშვობიდანვე დაჰყვა საქართველოს უფლისწულს. მას არც სიქველე და გონიერება აკლდა.

მოზღვავებულმა ძალმოსილებამ საკუთარ ვაჟკაცობასა და სიმხნეზე მინდობილ მეფეს დიდი მიზანი, ქართლის სამეფოს სრული გათავისუფლება და გაძლიერება დაასახვინა. მირდატ მეფე "მტერ ექმნა ბერძენთა და სპარსთა".

სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ხელმწიფე ბიზანტიისაგან დაპყრობილი ტაო-კლარჯეთის დაბრუნებას ესწრაფვოდა - "ბერძენთაგან ეძიებდა კლარჯეთსა, საზღვართა ქართლისასა", ხოლო სპარსეთს კი ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევის უფლებას არ აძლევდა და მისთვის ხარკის გადახდაზეც ცივ უარს აცხადებდა.

მოკლედ თუ ვიტყვით, მეფე მირდატი იმდროინდელი მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებს, რომლებიც საქართველოს ესაზღვრებოდნენ, ერთდროულად დაუპირისპირდა და თავისი ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და გაძლიერებისთვის დაუცხრომლად იღვწოდა.

ბუნებრივია, საქართველოს დაკარგვასა და მასზე გავლენის შესუსტებას არც ბიზანტია და არც სპარსეთი დიდხანს არ შეურიგდებოდნენ და სპარსთა მეფემ ძლიერი მხედრობა გამოაგზავნა ქართველთა მეფის დასასჯელად.

მირდატმა "არა ჰრიდა სიმრავლესა სპარსთასა", მოძალადეებს მცირედი მხედრობით გარდაბანთან მიეგება და ფიცხელი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ თავდადებულ ქართველთა შიშველი შემართება საკმარისი არ აღმოჩნდა მტრის აურაცხელი და კარგად აღჭურვილი ურდოს დასამარცხებლად.

ქართველთა ლაშქარმა ბრძოლა წააგო, ხოლო თავად მირდატ მეფე კი მტერმა ტყვედ ჩაიგდო და მაშინვე ბაღდადს, სპარსეთის ხელმწიფის კარზე წაიყვანეს. ტყვედ ჩავარდნილ ქართველ გვირგვინოსანს სპარსთა მეფემ მაშინვე რჯულის გამოცვლა მოსთხოვა, მაგრამ ცივი უარი მიიღო.

ბევრი ტანჯეს და აწამეს სპარსელებმა მირდატი, უხვ წყალობასა და დიდებასაც დაჰპირდნენ, მაგრამ ამაოდ, ქართველთა გაუტეხელმა ხელმწიფემ ქრისტიანობის ღალატს ისევ ტყვედ დარჩენა ამჯობინა.

ბორკილდადებული და ნატანჯი მირდატი სპარსელებმა ბაღდადის ციხეში ჩააგდეს, სადაც მცირე ხნის შემდეგ აღესრულა კიდეც (410 წ.). ასე დაამთავრა თვისი სიცოცხლე ქრისტიანობისა და საქართველოსათვის წამებულმა კიდევ ერთმა ქართველმა გვირგვინოსანმა.

თავისი ერის უსაზღვროდ მოყვარულმა მირდატმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო ეკლესია-მონასტრების შენება, რადგან გამუდმებით ბრძოლებში გართულს, ალბათ განზრახული ჰქონდა, რომ სამშობლოს გათავისუფლების შემდეგ მიეხედა ერის სულიერ-ზნეობრივ სატკივართათვის.

საყვედურობს კიდეც ჟამთააღმწერელი: "არცა აღაშენა ეკლესიაჲ, არცა ჰმატა შენებულთაო", მაგრამ ღმერთმა გაამჟღავნა ქრისტესადმი მისი უსაზღვრო სიყვარული და საკუთარი სიკვდილის ფასად თავდადებულმა მეფემ აგვიგო ზეცაში ხელთუქმნელი ტაძარი, საიდანაც ისევე მხურვალედ ლოცულობს ჩვენთვის, როგორც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის მტერთა წინააღმდეგ.

"ქართლის ცხოვრება" ძალიან მოკლედ გვიამბობს მის შესახებ. თუმცა, მისი ვაჟკაცობა კარგად ჩანს ამ პატარა ეპიზოდშიც:

ოცდამეათე მეფე. მირდატ, ძმა ფარსმან მეფისა. ხოსროიანი "და დაჯდა მეფედ ძმა მისი მირდატ, ასულის-წული თრდატისი, ძე ვარაზ-ბაქარისი, მამულად ბაქარიანი, დედულად რევიანი, ორითავე მირიანის ძეთა ნათესავი და იყო ესე მირდატ კაცი ქუელი, მჴედარი შემმართებელი, ურწმუნო და უშიში ღმრთისა, ლაღი და ამპარტავანი, და მინდობილი მჴედრობასა თჳსსა. არა მსახურა ღმერთსა, არცა აღაშენა ეკლესია, არცარა მატა შენებულთა, და სილაღითა მისითა მტერ ექმნა ბერძენთა და სპარსთა.

ბერძენთაგან ეძიებდა კლარჯეთს, საზღვარსა ქართლისასა, ხოლო სპარსთა არა მისცემდა ხარკსა. მაშინ სპარსთა მეფემან გამოგზავნა ერის-თავი, რომელსა ერქუა უფრობ, სპითა ძლიერითა, მირდატის ზედა.
მაშინ მირდატ, სილაღითა თჳსითა, არა ჰრიდა სიმრავლესა სპარსთასა, მცირედითა სპითა მიეგება გარდაბანს და ეწყო: იოტეს და შეიპყრეს სპარსთა; მოვიდეს ქართლად, დაიპყრეს ქართლი და განრყუნნეს ეკლესიანი.

ხოლო ნათესავნი მეფეთანი დარჩეს ჴევსა კახეთისასა, და სჳმონ ეპისკოპოსი მათ თანა-ვე. ხოლო მირდატ წარიყვანეს ბაღდადს და მუნ მოკუდა."



ბეჭდვა
1კ1