დიდმოწამე პროკოფი პალესტინელი (+303) - 08 (21) ივლისი
დიდმოწამე პროკოფი პალესტინელი (+303) - 08 (21) ივლისი
303 წელს დიოკლეტიანემ ქრისტიანთა დევნის შესახებ ედიქტი გამოსცა, მოკლე ხანში კი, შეიტყო რა, ანტიოქიას ქრისტიანნი განმრავლდნენ და წარმართულ კერპებზე უარი თქვესო, მყისვე იქით გაეშურა, ჯერ აპოლონის ტაძარში შესწირა მსხვერპლი, შემდეგ კი - იქაურ დიდებულებთან შესახვედრად გაემართა.

წარჩინებულმა წარმართმა ქალბატონმა, თეოდოსიამ, წარმოშობით - იერუსალიმელმა, ქრისტიანი ქრისტეფორეს ქვრივმა, დიოკლეტიანეს თავისი ვაჟი, ნეანი წარუდგინა, ოქრო და ვერცხლი უხვად გაიღო და სთხოვა, შვილი თავის სამსახურში აეყვანა.

იმპერატორს ფრიად ესათნოა ჭაბუკი, თავისი ლაშქრის ერთ-ერთი ნაწილის მხედართმთავრად დანიშნა და ალექსანდრიის ქრისტიანთა დევნა და იმათი დასჯა უბრძანა, ვინც იმპერატორის ედიქტს არ აღასრულებდა.

ნეანი ალექსანდრიისკენ მეომართა ორ კოჰორტასთან ერთად გაემართა, რომელთაც ტრიბუნნი: ნიკოსტრატე და ანტიოქე წინამძღვრობდნენ. ზაფხულის მცხუნვარე მზისთვის თავი რომ აერიდებინათ, გზად სირიის ქალაქ აპამეაში შეჩერდნენ, შებინდებისთანავე კი - კვლავ გზას დაადგნენ.

გზის ნახევარი უკვე მოელიათ, უეცრად ცა ელვამ რომ გაკვეთა და ხმა ისმა:

- ნეან, საით მიდიხარ, ან ვის უნდა ეომო?

შემდეგ ზეგარდამო ხმამ აუწყა, რომ თუ ქრისტიანთა დევნას გაბედავდა, საკუთარი სიცოცხლით აგებდა პასუხს და საუკუნო წყევლას მოიწევდა.

გულშემუსვრილ ნეანს ესღა აღმოხდა:

- ღმერთო!

მაშინ ცაზე უზარმაზარი, მოელვარე ჯვარი გამოისახა და კვლავ გაისმა ხმა:

- მე - ჯვარცმული იესო ვარ, ძე ღმრთისა!

ასე შეიმეცნა ნეტარმა საიდუმლო გადარჩენისა.

ოდეს ჩვენება განქარდა, ნეანი მსწრაფლ გაემართა სკვითოპოლისკენ, სადაც ერთ იუველირს ვერცხლის ჯვარი გამოაკვეთინა, რომელზეც თავისთავად გამოიკვეთა ებრაულად სამი სიტყვა: "ემანუელი", "მიქაელი" და "გაბრიელი".

ნეანი ჯვარს კრძალვით ეამბორა და კვლავ იერუსალიმს გაბრუნდა.

ბედუინები დროდადრო ესხმოდნენ თავს ქალაქს, ხალხს ძარცვავდნენ, წარჩინებული ოჯახის ქალიშვილებს კი - იტა-ცებდნენ და ცოლად ირთავდნენ.

წარჩინებულმა იერუსალიმელებმა ნეანს სთხოვეს დახმარება.

ნეტარმა ჯვარი აღიღო და ისე გაემართა თავის მეომრებიანად ბრძოლაში, რომელსაც ექვსი ათასი არაბი ემსხვერპლა, ნეანის მეომართაგან კი ერთიც კი არ დაჭრილა.

შინ მობრუნებულმა დედას ყოველი უამბო, თუმცა, მან ეს საკვირველი გამარჯვება კერპთ მიაწერა, ნეტარი კი არწმუნებდა, - ქრისტე შემეწიაო, რამაც იმდენად განარისხა დე¬დამისი, შვილი იმპერატორთან დაასმინა, ამ უკანასკნელმა კი ამ საქმის გამოძიება კესარიის მმართველს, იუსტს დაავალა.

მსაჯულის წინაშე წარდგომილმა ნეანმა იმპერატორის წერილი ნაფლეთებად აქცია და განაცხადა:

- უსულო კერპთა თაყვანისცემას ქრისტესთვის სიკვდილი მიჯობსო!

იუსტმა მაშინვე ბრძანა, შეეპყროთ და ბორკილდადებული კესარიას გაეგზავნათ საწამებლად.

ნეანის ტანჯვის მოწმეთაგან მრავალი ატირდა, ნეტარი კი ეტყოდა:

- ჩემ გამო კი ნუ ტირით, საკუთარი დაღუპვა იგლოვეთ, რამეთუ ამქვეყნიური პატივი ხორცს განაცხრობს, სულს კი - სამუდამო სატანჯველს განუმზადებს. მე კი იმ მიწათმოქმედის მსგავსად ვხარობ, მომავალ მოსავალს რომ მოელის.

ნეტარს მთელი დღის განმავლობაში ტანჯავდნენ, შემდეგ კი გასისხლიანებულს და ცოცხალ-მკვდარს კვლავ საპყრობილეს უკრეს თავი, სადაც თავად მაცხოვარი გამოეცხადა ანგელოზთა დასით, ბორკილთაგან გაათავისუფლა და აუწყა:

- ამიერიდან შენი სახელი - პროკოფია (რაც წარმატებულს ნიშნავს), რამეთუ სათნოებებში წარემატები, მოწამეობით სრულ იქმნები და მრავალ სულს შესძენ სასუფეველს!

შემდეგ წყლულნი განუმრთელა და მომავალი მოწამეობის წინ ძალით და სიმამაცით აღავსო.

როდესაც ჯალათებმა პროკოფი კვლავ მმართველს წარუდგინეს, სახე მზესავით უელავდა, სხეული კი - კვლავ მრთელი ჰქონდა. იუსტმა ეს სასწაული წარმართულ ღვთაებებს მიაწერა, ხოლო როდესაც პროკოფიმ სამსხვერპლოში შესვლა ინდომა, მთლად განიხარა და ამ ამბის სახილველად მთელ ქალაქს უხმო.

ტაძარს რომ მიუახლოვდა, პროკოფიმ, ვითომდა, სალოცავად, მარტო შესვლა ინება, კარის მიხურვისთანავე კი უფლისა მიმართ მხურვალედ ილოცა და რა გაასრულა, კერპთა 36 გამოსახულება ძირს განერთხა და დაიმსხვრა. მაგრამ ყველაზე საკვირველი ის გახლდათ, რომ ყოველივე წყლად იქცა, სამსხვერპლო აღავსო და გარეთ იხუვლა.

ამ სასწაულის მხილველი ორივე ტრიბუნი - ნიკოსტრატი, ანტიოქი და სხვა მეომარნი მოიქცნენ.

პროკურორი კი შფოთის გამოწვევას მოერიდა და ურჩნი იქვე არ შეიპყრო.

ახალმოქცეულები იმ ღამითვე ესტუმრნენ საპყრობილეში ნეტარს და მონათვლა სთხოვეს, პროკოფიმ კი მეგობარ ციხის მოხელეს, სახელად - ტერტიუსს სთხოვა, ისინი ეპისკოპოს ლეონტისთან მიეყვანა, რომელმაც მეომრები მონათლა.

მოკლე ხანში იუსტის ბრძანებით ყოველი მათგანი შეი¬პყრეს და პროკოფის თვალწინ წარკვეთეს თავები.

ამ სასწაულთა შემსწრე სენატორთა მეუღლეებმა, თორმეტმა ქალმაც ირწმუნა ქრისტე და მალე მათაც არ ასცდათ საპყრობილე.

პროკოფი მთელი ღამის განმავლობაში განამტკიცებდა, გამთენიისას კი თორმეტივე მსაჯულს წარუდგინეს და კერპთათვის მსხვერპლის შეწირვას აიძულებდნენ.

პროკოფის დედა, თეოდოსია, იხილა რა მორწმუნეთა სიმტკიცე, შეძრწუნდა, მის გულს მადლი შეეხო და აღმოთქვა:

- მეც ჯვარცმულის მხევალი ვარ! რის შემდეგაც მათთან ერთად გამოკეტეს საპყრობილეში, სადაც შვილმა წმინდა ნათლისღებისთვის მოამზადა და მოწამებრივი აღსასრულისთვის მოუწოდა.

თეოდოსიამ ნათლობა ეპისკოპოს ლეონტის ხელთაგან მიიღო და სიხარულით შეუერთდა თორმეტ მოწამეს.

დაკითხვისას კი დაუფარავად აღიარა ქრისტე, რის შემდეგაც მათთან ერთად საშინელ ტანჯვას მისცეს: - მარტვილთ ჯერ ყბები დაულეწეს, შემდეგ - ძუძუს კერტები დააგლიჯეს, იღლიები გავარვარებული სპილენძის ბურთებით ამოუწვეს, თუმცა, ოდეს დარწმუნდა, მოწამეთ ვერ მოდრეკდა, მმართველმა თავის წარკვეთა მიუსაჯა.

გავიდა რამდენიმე დღე და პროკოფი კვლავ წარუდგინეს დასაკითხად მსაჯულს. წამებისას ნეტარმა ერთი შეპყრობილი გოგონა განკურნა.

ვერა წამებამ ვერ მოდრიკა მისი სული, რამაც ისე გააცოფა იუსტი, ბრაზისაგან სული განუტევა.

მის ნაცვლად იმპერატორმა ფლავიანე გაამწესა, ისიც ქრისტიანთა დიდად მოძულე, რომელმაც პროკოფი იხმო და როდესაც მისი მხურვალე სიტყვა ისმინა, განრისხებულმა ერთ-ერთ მეომარს, არქელაოსს მისთვის თავის წარკვეთა უბრძანა.

მაგრამ როგორც კი ამ უკანასკნელმა ხმალი ასწია, ხელი შეახმა და მიწაზე უსულოდ დაენარცხა.

ექვსი დღის შემდგომ მარტვილი კვლავ წარუდგა ფლა¬ვიანეს, რომელსაც ამჯერად ჯადოქრობაში დასდეს ბრალი და კვლავ ტანჯვას მისცეს: - ჯერ ხარის ძარღის მათეახით გვემეს, შემდეგ სხეული გავარვარებული ნახშირებით დაუდაღეს, შემდეგ ხელისგულზე საკმეველი ჩაუდეს, ქვეშ კი - ცეცხლი შეუგზნეს, რომ ძალაუნებურად ეკმია კერპთათვის, თუმცა, ორი საათის განმავლობაში არ განძრეულა.

ფლავიანე ძლიერ გააოცა ამგვარმა სიმტკიცემ, მაგრამ ბოროტმა ეშმაკმა, ვით ფარაონს, გული ისე გაუსასტიკა, პროკოპის კვლავ ტანჯვა ბრძანა, - ნეტარი ფეხებზე მძიმე ქვებგამობმული ჩამოკიდეს, შემდეგ კი - აგიზგიზებულ ღუ¬მელში შეაგდეს, თუმცა, ვერა ავნეს რა.

მაშინ კი გაუწყდა მოთმინების ძაფი ფლავიანეს და პროკოფისათვის თავის მოკვეთა ბრძანა.

ასე შეჰვედრა სული უფალს წმინდა მამამ, მეოხ გვეყოს მისი წმინდა ლოცვა ღვთის წინაშე!

ტროპარი

მოწამემან შენმან, უფალო, პროკოფი, ღუაწლსა შინა თუისსა გუირგუინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ, ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მას შენ-მიერი ძალი, და მძლავრი დაამხუვა, და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი

საღმრთოთა შურითა ქრისტესითა განხურვებულმან და ჯურითა პატიოსნითა შეზღუდვილმან, მტერთა ზახებაი და მძლავრებაი დაამხუე, პროკოფი ყოვლადსანატრელო, და პატიოსანი ეკლესია აღამაღლე სარწმუნოებით წარმატებულმან და განმანათლებელმან ჩუენმან.

ბეჭდვა
1კ1