ღირსმოწამე გერასიმე ახალი, კარპენისელი (+1812) - 03 (16) ივლისი
ღირსმოწამე გერასიმე ახალი, კარპენისელი (+1812) - 03 (16) ივლისი
ღირსმოწამე გერასიმე 1787 წელს ევრიტანიასთან, ქალაქ კარპენისის სიახლოვეს იშვა. თერთმეტი წელი რომ შეუსრულდა, უფროს ძმასთან ერთად კონსტანტინოპოლს მიაშურა, სადაც ერთ ვაჭარს მიჰბარდა შეგირდად.

ერთხელ ფეხი დაუცდა და რძიანი ჭურჭელი დაემსხვრა. მოსალოდნელმა სასჯელმა ყმაწვილი იმდენად შეაშინა, მწარედ ატირდა.

ერთ წარჩინებულ თურქ ქალბატონს ისე შეეწყალა, თან წაიყვანა და რამდენიმე ხნის შემდეგ იმდენი ქნა, წინადააცვეთინა.

ხუთი წლის მანძილზე მსახურობდა გერასიმე იმ სახლში, შემდეგ კი - სხვა წარჩინებული პატრონი იშოვა, ორი წლის შემდეგ, კონსტანტინოპოლს დაბრუნების შემდგომ, ჩადენილი გაისიგრძეგანა, შეინანა, მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და იქაურ მღვდელს ეშვილა.

თუმცა, სინდისი ვერც ამით დაიმშვიდა, ღამღამობით ხშირად იარებოდა დიდმოწამე გიორგის სახელობის დაქცეულ სამრეკლოში და წმინდანს ევედრებოდა, მოწამებრივი ღვაწლისთვის განემზადებინა.

ტოლები დასცინოდნენ და მონაზონს ეძახდნენ, გერასიმე კი მათ სიტყვას წინასწარმეტყველებად იღებდა და ერთ დღეს დედას აუწყა, - ბერად უნდა აღვიკვეცოო!

დედამ კი, რომელმაც განაზრახი არ მოუწონა, მისთვის საცოლის ძიება იწყო.

მაშინ გერასიმე პრუსის სავანის ერთ მონაზონს გაენდო, რომელიც ათონზე, ყუთლუმუშის მონასტრის წმინდა პანტელეიმონის სახელობის სკიტში გაქცევაში დაეხმარა. იქ წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის (ხსენება 14 ივლისს) თანამოღვაწეს, მღვდელ-მონაზონ კირილეს დაემოწაფა და ცრემლით შეევედრა, მონაზვნად აღეკვეცა, შემონაზვნებიდან სამ დღეში კი მოწამებრივი აღსასრულისთვის სთხოვა კურთხევა, თუმცა, უარი მიიღო.

გულდამძიმებული გერასიმე დიდბერთაგან რჩევის გამოსათხოვად მონასტრიდან მონასტერში გადადიოდა, ბოლოს კი მოძღვარს სთხოვა, სამშობლოში, დედისა და ძმების სანახავად გაეშვა, ხომალდით კონსტანტინოპოლს გაეშურა, გზიდან კი მოძღვარს წერილობით შენდობა სთხოვა, - სამშობლოში კი არა, ზეციურ იერუსალიმს მსურს წასვლაო.

კონსტანტინოპოლს იმ თურქთა სახლს მიადგა, სადაც წინადაცვეთა აიძულეს და ამცნო, - ჩემს სარწმუნოებას დავუბრუნდი და მზად ვარ, ქრისტესთვის მოვკვდეო!

თურქებმა მყისვე დილეგს უკრეს თავი და ორი კვირის განმავლობაში სტანჯავდნენ.

ჯალათთ კი ეტყოდა, - ტანჯვა სიხარულით აღმავსებსო.

1812 წლის 3 ივლისს (ძვ. სტ.), წმინდა სოფიას ტაძრის წინ მარტვილს თავი წარკვეთეს, სხეული კი კიდევ ნახევარ საათს იდგა მუხლებზე, შემდგომ კი ისე მშვიდად მიწვა მიწაზე, თითქოს უნდა მიიძინოსო...

ბეჭდვა
1კ1