ღირსმოწამე ლუკა იერუსალიმელი (მუხაის ძე, აბაშიძე, +1273) - 27 ივნისი (10 ივლისი)
ღირსმოწამე ლუკა იერუსალიმელი (მუხაის ძე, აბაშიძე, +1273) - 27 ივნისი (10 ივლისი)
ძველი სტილით 27 ივნისს (10 ივლისს) ეკლესია ლუკა იერუსალიმელის ხსენების დღეს აღნიშნავს. 1277 წელს ლუკა სწორედ ამ დღეს აღესრულა მოწამებრივად. მის ხსენებას ქართული ეკლესია აღნიშნავს 12 თებერვალსაც (ახ. სტ. 24 თებერვალს), იერუსალიმის ქართველ მოღვაწეთა და მოწამეთა ხსენების დღეს. ლუკას ცხოვრებისა და მოწამებრივი სიკვდილის შესახებ მოგვითხრობს მისი სვინაქსარული (მოკლე) "ცხოვრება", რომელიც დაწერილია უცნობი ავტორის მიერ XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე. "ლუკა იერუსალიმელის მარტვილობის" ტექსტი, რომელიც ნაწერია XIV საუკუნის ხელით, ჩართულია XI საუკუნის წერილობით ძეგლში, გიორგი მთაწმიდელის მიერ შედგენილ "დიდ სვინაქსარში". სხვა წერილობითი წყარო ლუკა იერუსალიმელის შესახებ ჩვენამდე მოღწეული არ არის.

ლუკა იერუსალიმელი წარჩინებული ქართული საგვარეულოს, მუხაისძეთა ოჯახის წევრი იყო. იგი დაიბადა დაახლოებით 1245 წელს. ლუკას დედამ, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, დატოვა შვილები: ლუკა და მისი უფროსი ძმები, მონაზვნად აღიკვეცა და იერუსალიმში დაემკვიდრა.

ოცი წლის ლუკამ დატოვა თავისი მამული, ძმები და იერუსალიმში გაეშურა წმინდა ადგილების თაყვანსაცემად; აგრეთვე იერუსალიმში მცხოვრები, მონაზვნად აღკვეცილი დედის სანახავად. იერუსალიმში ჩასულმა ლუკამ აღარ დატოვა იერუსალიმი და თავისი დედა. იგი ცოტა ხანში ბერად აღიკვეცა და, რადგან არაბულ ენას ფლობდა, დიაკვნად დაადგინეს. ლუკას სიბრძნე და მხნეობა მალე იხილა ყველამ და არ გაუვლია დიდ ხანს, რომ იგი იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის მამად (წინამძღვრად) დაადგინეს.

ლუკა კეთილად განაგებდა მონასტერს სამი წლის განმავლობაში, მაგრამ XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართველებს, რადგან ისინი იძულებულნი იყვნენ მონაწილეობა მიეღოთ მონღოლთა ლაშქრობებში ეგვიპტის მამლუქთა წინააღმდეგ, იერუსალიმში არასახარბიელო მდგომარეობა შეექმნათ. XIII საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მამლუქებმა ჯვრის მონასტრის ქართველ ბერებს მონღოლების ჯაშუშობა დასწამეს. მონასტერსა და მის საკრებულოს განსაკუთრებით ემტერებოდა ერთი მაჰმადიანი, შეიხ კიდარი, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა სულთნის კარზე. შეიხ კიდარმა სულთნისაგან გამოითხოვა ჯვრის მონასტერი. სულთნისაგან თანხმობის მიღების შემდეგ შეიხ კიდარი უწყალო მხეცივით მიადგა მონასტერს, დაარბია იგი და ბერები გარეთ გამოყარა.

ლუკა ამ დროს სულთნის კარზე იყო წასული მონასტრის საჭიროების გამო. ქრისტიანებმა შეატყობინეს მას, რომ შეიხ კიდარი მოსაკლავად დაეძებდა წინამძღვარს და ურჩიეს ლუკას, იქაურობას გასცლოდა.
ლუკამ რჩევას ყური არ ათხოვა, ქრისტეს სახელით სიკვდილი აირჩია და არ მიატოვა მონასტერი და თავისი სულიერი ძმები. იგი თავისი ფეხით მივიდა შეიხ კიდართან და უთხრა, გაეთავისუფლებინა მისი სულიერი ძმები, სანაცვლოდ კი მისგან მოეთხოვა ყველაფერი, რასაც კი მოისურვებდა. შეიხ კიდარმა ლუკას ქრისტიანობის უარყოფა და მაჰმადიანობის აღიარება მოსთხოვა; თან სანაცვლოდ ამირობასა და ტაძრის თავადობას აღუთქვამდა, მაგრამ ლუკამ არც კი მოუსმინდა შეიხ კიდარს. ამის შემდეგ შეიხმა ლუკა მონასტრის კართან მიიყვანა და კვლავ სთხოვა ქრისტიანობის უარყოფა. ამის პასუხად ლუკამ ქედი მოიდრიკა, რათა მახვილს შეგებებოდა და თქვა: "რომ შემეძლოს ერთხელ კი არა, მრავალჯერ მოვკვდებოდი ქრისტეს სახელით". შეიხი გულისწყრომით აივსო და თანხმლებ მონას უბრძანა, თავი მოეკვეთა ლუკასათვის. მონამ აასრულა ბატონის ბრძანება და ერთი მოქნევით მოჰკვეთა თავი ლუკა წინამძღვარს. მისი სიკვდილისთანავე აღსრულდა სასწაული, რომელმაც ყველა იქ მყოფი განაცვიფრა. ლუკას მოკვეთილმა თავმა პირი აღმოსავლეთისაკენ მიაბრუნა, გაიცინა და ღმერთს მადლობა შესწირა. ლუკას სხეული შეიხ კიდარის ბრძანებით დაწვეს. ლუკას სხეულის ნაცარს თავად მაჰმადიანები იღებდნენ და ინაწილებდნენ ევლოგიად და განსაკურნებლად.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ლუკა ეწამა 1277 წლის 27 ივნისს.

ამის შემდეგ სულთან ბაიბარსის (1260-1277) განკარგულებით ჯვრის მონასტერი მეჩეთად გადააკეთეს.

აქვე წაიკითხეთ:

წმინდა ლუკა მუხაისძე-იერუსალიმელი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი (+1277) - 12 (25) თებერვალი

ბეჭდვა
1კ1