ღირსმოწამე ლეონიდა, ლიბია და ევტროპია, ასურელი (+304) - 25 ივნისი (8 ივლისი)
ღირსმოწამე ლეონიდა, ლიბია და ევტროპია, ასურელი (+304) - 25 ივნისი (8 ივლისი)
ლეონიდა, ლიბია და ევტროპია ხორციელი დები იყვნენ. ცხოვრობდნენ წმინდა ქალწულ თებრონიას სიცოცხლეში  (III-IV სს მიჯნაზე). მათ დაიმარხეს ქალწულება და წმინდა თებრონიას დეიდის, იღუმენ ბრიენას თანაშემწის, წმინდა თომაიდას ზედამხედველობით და კურთხევით ეწეოდნენ ღვთისსათნო ცხოვრებას. როდესაც კონსული სელინი დიოკლეტიანემ ნისიბინში გაგზავნა, ქალაქის ქრისტიანი მოსახლეობა მთებში გაიხიზნა, მხოლოდ თომაიდა დარჩა მონასტერში თავის სამ მოწაფესთან ერთად. თომაიდამ გაამხნევა და დაარწმუნა მოწაფეები, რომ ქრისტესთვის სიკვდილი ბედნიერება იქნებოდა მათთვის. სელინის მეომრებმა შეიპყრეს ლიბია, ლეონიდა და ევტროპია და თავიანთ მხედართმთავარს მიჰგვარეს. სელინი ცდილობდა ქალწულები სიტყვით გადაებირებინა, მაგრამ უშედეგოდ, სამივე მტკიცედ იცავდა რწმენას. შემდეგ მტარვალმა გააცალკევა ქალწულები და ცალ-ცალკე დაუწყო მუქარა და თხოვნა, უარი ეთქვათ ქრისტიანობაზე. ევტროპია ყველაზე პატარა იყო, მხოლოდ ცხრა წლისა. სელინი მას თავს ისე აჩვენებდა, თითქოს, როგორც მამას, სურდა მისი გადარჩენა. ევტროპია გაკვირვებული ეკითხებოდა სელინს: "თუ მართლა ჩემი გადარჩენა გსურს, რატომ მიბიძგებ სიკვდილისკენ, ღვთის უარყოფა ხომ სიკვდილია ქრისტიანისთვის?!" ევტროპიამ მოისურვა, პირველი ეწამებინათ ქრისტესთვის. სელინის ბრძანებით, გოგონა ხეზე დაკიდეს და გაშოლტეს. ასევე მოექცნენ მის დებსაც. ღამით გოგონებს უფლის ანგელოზი გამოეცხადათ და განუკურნა ჭრილობები. მეორე დღეს სელინმა ბრძანა, ქვით ჩაექოლათ დები. მოწამეები სასწაულებრივად გადაურჩნენ ჩაქოლვას. ამის შემდეგ კონსულის ბრძანებით, ლიბიას თავი მოჰკვეთეს, ლეონიდა და ევტროპია კი გახურებულ ღუმელში ჩაყარეს. ქალწულებმა სული უფალს მიაბარეს, მათი სხეულები კი უვნებელი გადარჩა. ისინი წმინდა თომაიდამ თავის მონასტერში დაკრძალა ქრისტიანულად.

წმინდა ლიბიას ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1