ბრიტანეთის პირველწამებული წმინდა ალბანი (+303) - 22 ივნისი (5 ივლისი)
ბრიტანეთის პირველწამებული წმინდა ალბანი (+303) - 22 ივნისი (5 ივლისი)
წმინდა ალბანი გახლავთ ბრიტანეთის პირველწამებული. აწამეს 303 წელს. იგი ცხოვრობდა III-IV საუკუნეების მიჯნაზე, წარმოშობით ბერულამიუმიდან იყო. ალბანი გახლდათ უბრალო წარმომავლობის წარმართი. ერთხელ მან შინ მიიღო დევნილი მისიონერი ქრისტიანი სასულიერო პირი. ალბანი ხედავდა, რომ მისი სტუმარი დღე და ღამ ლოცულობდა. ღვთაებრივი მადლი მასპინძელზეც გადმოვიდა და მასაც მოუნდა, მიებაძა სტუმრისთვის. ალბანმა სასულიერო პირს გამოკითხა ქრისტიანული მოძღვრების შესახებ. მას სრულიად გაუქრა ნდობა და რწმენა წარმართული რელიგიისა. სტუმარს სთხოვა, მოენათლა ქრისტიანად, ასეც მოხდა. ეს ამბავი რომაელი გუბერნატორის ყურამდე მივიდა, რომელმაც მეომრები გაგზავნა ალბანის სახლში მისიონერის შესაპყრობად. მეომრებს ალბანის სახლში ღვთისმსახურის სამოსში გამოწყობილი მასპინძელი დახვდათ, მღვდელს დამალვა მოესწრო. მეომრებმა ალბანი შეიპყრეს და გუბერნატორის სამსჯავროზე მიიყვანეს.

ახალნათელღებული ქრისტიანი არ შეწინააღმდეგებია მათ. ალბანი მაშინ მიჰგვარეს მსაჯულს, როცა ის კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვას აპირებდა. მსაჯული მიხვდა, რომ სასულიერო პირის სამოსში ალბანი იყო გამოწყობილი, მკაცრად მოსთხოვა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა, თუ არა, მოგკლავო. ალბანმა თამამად განაცხადა, - სულით და ხორცით ქრისტიანი ვარო, უსულო ბომონებს არ ესმით ჩვენი ლოცვა. ვინც კერპებს ეთაყვანება, საუკუნოდ იწყევლის თავსო. მსაჯულმა ჯალათებს გადასცა ალბანი, რომლებიც უმოწყალოდ სცემდნენ და აწამებდნენ მას. ქრისტიანი სიხარულით იღებდა სატანჯველს, ამან კი ისე გააღიზიანა ურჯულო მტარვალი მსაჯული, რომ სასწრაფოდ თავის მოკვეთა ბრძანა.

ალბანი მეომრებს სასჯელის აღსასრულებლად ქალაქის მთავარ მოედანზე მიჰყავდათ, გზად პატარა მდინარე უნდა გაევლოთ, ვიწრო ხიდით. ალბანი სიკვდილის წინ ლოცულობდა, მოხდა სასწაული, სიკვდილმისჯილმა ქრისტიანმა წყალზე ისე გაიარა, როგორც მაცხოვარმა. ამის მხილველმა ერთმა წარმართმა ხმამაღლა განაცხადა, რომ მზად იყო ქრისტეს სახელით მასაც მიეღო სიკვდილი.

წმინდა ალბანს თავი მოჰკვეთეს. ქრისტიანმებმა ის ფარულად მიაბარეს მიწას. მის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულებოდა. ალბანის სახელი, როგორც პირველმოწამისა, მთელ ინგლისს მოედო.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1