მღვდელმოწამე ევსები, სამოსატელი ეპისკოპოსი (+380) - 22 ივნისი (5 ივლისი)
მღვდელმოწამე ევსები, სამოსატელი ეპისკოპოსი (+380) - 22 ივნისი (5 ივლისი)
სამოსატელი ეპისკოპოსი ევსები მთელი ცხოვრება იდევნებოდა მწვალებელი არიანელებისგან. ბოლოს მრავალგანსაცდელგამოვლილი მღვდელმთავარი არიანელი ქალის ნასროლმა კრამიტმა იმსხვერპლა. დიდსულოვანმა ევსებიმ მაცხოვრის მსგავსად შეუნდო მკვლელს და ითხოვა, არ დაესაჯათ იგი.

სამოსატის მღვდელმთავარი ყოველთვის ერთგულად იცავდა 325 წელს ნიკეის I მსოფლიო კრებაზე მიღებული სარწმუნოების სიმბოლოს, რის გამოც არიანელები გააფთრებით დევნიდნენ. მათ წმინდა მღვდელმთავარი არაერთხელ გააძევეს კათედრიდან და საპყრობილეში გამოამწყვდიეს.

კონსტანტინე დიდის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი კონსტანციუსი (337-361 წწ.), მართავდა აღმოსავლეთ იმპერიას. ის მუდამ ერეოდა ეკლესიის საქმეებში და ამით გაუთავებელ უთანხმოებასა და მღელვარებას იწვევდა. სუსტი ხასიათის, ამასთან ანჩხლი და სასტიკი ადამიანი იყო და ადვილად ექცეოდა სხვისი გავლენის ქვეშ, რითაც ისარგებლეს არიანელებმა და მისი ნდობა მოიპოვეს. კონსტანციუსი არიანელების მფარველი იმპერატორი გახდა.

მღელვარებამ ძალიან მალე იჩინა თავი. კონსტანციუსის მმართველობის პირველსავე წელს გარდაიცვალა კონსტანტინოპოლის პატრიარქი, წმინდა ალექსანდრე. როდესაც სასულიერო დასმა სიკვდილის წინ მას სთხოვა, დაესახელებინა მემკვიდრე, ეპისკოპოსმა უპასუხა: "თუ ყოფით საქმეებში გამოჩენილი და გამოცდილი ადამიანი გინდათ, მაკედონიუსი აირჩიეთ. თუ სწავლაში დამმოძღვრავი და სამაგალითო ცხოვრების კაცი გსურთ, მაშინ პავლე". პავლე, ერთ-ერთი პრესვიტერი, ევსტათი ანტიოქიელთან ერთად დევნილი, გადასახლებიდან ახალი დაბრუნებული იყო. ეკლესიამ არჩევანი პავლეზე შეაჩერა. რაკი მაკედონიუსს არიანელები მფარველობდნენ, უკმაყოფილო იმპერატორმა დაამხო ახალარჩეული ეპისკოპოსი და კონსტანტინოპოლში ევსები ნიკომიდიელი გადმოიყვანა. ამრიგად, დაარღვია ეკლესიის უძველესი უფლება ეპისკოპოსის არჩევისა და ნიკეის კრების განჩინება, რომლის თანახმადაც, იკრძალება ეპისკოპოსების ერთი კათედრიდან მეორეზე გადაყვანა. ამ უკანონო საქციელმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ კონსტანციუსმა ამას ყურადღება არ მიაქცია. ორი წლის შემდეგ ევსები გარდაიცვალა, მართლმადიდებლებმა ისევ პავლე, ხოლო არიანელებმა მაკედონიუსი აირჩიეს. კონსტანციუსი ისევ ჩაერია საქმეში და გაგზავნა მეომრები პავლეს დასამხობად და დასაპატიმრებლად. მართლმადიდებლები თავის ეპისკოპოსს გამოექომაგნენ, მოხდა შეტაკება, რაზმის უფროსი მოკლეს, კონსტანტინოპოლის ქუჩები სისხლით შეიღება... ეპისკოპოსად მაკედონიუსი დაადგინეს, პავლე კი განდევნეს. შემდგომში ამ ორმა ეპისკოპოსმა კიდევ რამდენჯერმე შეცვალა ერთმანეთი კონსტანტინოპოლში, იმის მიხედვით, თუ მათ მხარდამჭერთაგან რომელი ფრთა იმარჯვებდა.

ანტიოქიის ეკლესიას განაგებდა წმინდა მილეტი, რომელიც ევსების მსგავსად ებრძოდა არიანელებს. არიანელთა მფარველმა იმპერატორმა განიზრახა მისი განდევნა ანტიოქიის კათედრიდან. კონსტანციუსმა შეიტყო, რომ ევსებისთან ინახებოდა კრების დადგენილება ანტიოქიის კათედრაზე მართლმადიდებელი მთავარეპისკოპოსის, მელეტის არჩევის შესახებ, უბრძანა წმიდანს, მისთვის გამოეგზავნა იგი. ნეტარმა მამამ უარი განაცხადა. განრისხებულმა იმპერატორმა შეუთვალა, თუ აქტს არ გადმომცემ, მარჯვენა ხელს მოგკვეთენო. ევსებიმ დესპანს ორივე ხელი გაუწოდა და უთხრა: "მომკვეთეთ, მაგრამ კრების დადგენილებას, რომელშიც არიანელთა ღვარძლი და უსჯულოებაა მხილებული, არ მოგცემთ!" მღვდელმთავრის გაბედულებით გაკვირვებულ თვითმპყრობელს მისთვის არაფერი დაუშავებია.

კონსტანციუსის შემდეგ ტახტზე ავიდა იულიანე განდგომილი (361-363), რომელმაც ქრისტიანთა აშკარა დევნა დაიწყო. მეომრის სამოსელში გადაცმული წმინდა ევსები ფარულად მოგზაურობდა სირიაში, ფინიკიაში, პალესტინაში და განამტკიცებდა განსაცდელში მყოფ მართლმადიდებლებს. იულიანე განდგომილის დაღუპვის შემდეგ კეთილმსახური მეფე იობიანე (363-364) გამეფდა. ეკლესიურ ცხოვრებაში სიმშვიდემ დაისადგურა. გადასახლებიდან დაბრუნებულმა მთავარეპისკოპოსმა მელიტიმ, ევსების რჩევით, 379 წელს ადგილობრივი კრება მოიწვია ანტიოქიაში. მას ესწრებოდა 27 ეპისკოპოსი, რომლებმაც დაამტკიცეს I მსოფლიო კრებაზე მიღებული რწმენის სიმბოლო. იობიანეს შემდეგ იმპერატორი გახდა არიანელი ვალენტი (364-378). ვალენტი მონათლა არიანელმა ეპისკოპოსმა ევდოქსიმ და ფიცი ჩამოართვა, მხარი დაეჭირა არიანული სწავლებისთვის. ვალენტიმ სიტყვა შეასრულა და ტახტზე ასვლისთანავე განაახლა არიანელთა კონსტანციუსის დროინდელი ზეობა. მართლმადიდებელი ეპისკოპოსები უმალ არიანელებმა შეცვალეს; დაიხურა ან არიანელებს გადაეცა ტაძრები. გამოვიდა ბრძანება, რომლის თანახმად კონსტანციუსისგან განდევნილ და იულიანეს მიერ დაბრუნებულ ყველა ეპისკოპოსს კვლავ უნდა დაეტოვებინა თავისი კათედრა. ვალენტიმ ევსების თრაკიაში გადასახლება და პატიმრობა მიუსაჯა. მეფის ბრძანება რომ მიიღო, ნეტარმა მამამ მრევლის მღელვარების თავიდან ასაცილებლად ღამით დატოვა ქალაქი. სამოსატის კათედრაზე არიანელი ევნომიუსი დაადგინეს, მაგრამ ხალხმა არ მიიღო ცხვრის ქურქში გადაცმული მგელი. მწვალებელი მალე მიხვდა, რომ ვეღარ შეძლებდა საკუთარი სამწყსოს შემოკრებას.

ვალენტის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასულმა იმპერატორმა გრაციანემ (375-383) არიანელთაგან შევიწროებული მართლმადიდებელი მღვდელმთავრები დააბრუნა გადასახლებიდან. დაახლოებით 380 წელს წმინდა მამა ევსები არიანელთა ქალაქ დოლიქინში ჩავიდა, რომ იქაური კათედრა მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, მარინისთვის ჩაებარებინა. როგორც ზემოთ გითხარით, ერთმა არიანელმა ქალმა სახურავიდან კრამიტი ესროლა და თავი გაუპო უფლის რჩეულს. ნეტარი მღვდელმთავრის ნეშტი სამოსზე გადაასვენეს.

მღვდელმოწამე ევსევის, სამოსატელი ეპისკოპოსის კონდაკი:

მღდელმთავრობასა შინა ღმრთივმსახურებით სცხოვნდებოდი და წამებისა გზათა აღხედ, სამსხვერპლონი იგი კერპთანი დაშრიტენ, მღდელმთავარო ევსევი, არამედ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი ქრისტეს ღმრთისა მიმართ, ევედრე მას ცხორებად სულთა ჩუენთათვის.

......................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1