მღვდელმოწამე ფილონიდო, კურიონის ეპისკოპოსი (+306) - 17 (30) ივნისი
მღვდელმოწამე ფილონიდო, კურიონის ეპისკოპოსი (+306) - 17 (30) ივნისი
წმინდა ფილონიდო დაიბადა დაახლოებით 250 წელს კუნძულ კვიპროსზე. იგი გახლდათ უძველესი ქალაქის კურიონის ეპისკოპოსი, რომლის ნანგრევებიც ლიმასოლის სიახლოვეს არის აღმოჩენილი. დიოკლეტიანეს მიერ წამოწყებული ქრისტიანთა დევნისას წმინდა ფილონიდო დააპატიიმრეს თავის თანამსახურებთან მღვდელ არისტოკლესთან, დიაკვან დიმიტრისა და წიგნის მკითხველ ათანასესთან ერთად. მას მერე, რაც ფილონიდოს თანამსახურნი დახოცეს, წმინდა ფილონიდოს სიკვდილის წინ შეურაცხყოფა დაუპირეს, მაგრამ წმინდანი ციხიდან გაიქცა, ავიდა მაღალ მთაზე, დიდხანს ილოცა, მერე ხრამში გადავარდა და მანამდე წარდგა უფალთან, ვიდრე მიწაზე დაეცემოდა.

წარმართებმა მისი სხეული ტომარაში ჩადეს და ზღვაში გადააგდეს, რათა ქრისტიანებს არ ეცათ თაყვანი. მაშინ წმინდა ფილონიდო ორ ქრისტიანს გამოეცხადა, რომლებიც ქალაქიდან შორ გზაზე მიდიოდნენ. წმინდანმა განშიშვლებულმა, თავზე გვირგვინდადგმულმა მათ წინ ჩაირბინა, ირგვლივ კეთილსურნელებას აფრქვევდა და ამბობდა: "გმადლობ, შენ ქრისტე ღმერთო, რამეთუ შენით გავიმარჯვე და ზეციურ კარიბჭეს მივაღწიე". როცა ქრისტიანები ქალაქს მიუახლოვდნენ, წმინდანი უჩინო შეიქნა და მათ ზღვისგან გამორიყული წმინდა ფილონიდოს სხეული დაინახეს. მაშინ ქრისტიანებმა წმინდანი დიდი პატივით დაკრძალეს.

ბეჭდვა
1კ1