წმინდა მოწამენი: მანუელი, საბელი და ისმაილი (+362) - 17 (30) ივნისი
წმინდა მოწამენი: მანუელი, საბელი და ისმაილი (+362) - 17 (30) ივნისი
წმინდა მოწამენი მანუელი, საბელი და ისმაილი ღვიძლი ძმები იყვნენ და სპარსეთის სამეფოში ცხოვრობდნენ, მამა წარმართი ჰყავდათ, ხოლო დედა - ქრისტიანი, რომელმაც იესო ქრისტესადმი სიყვარული შთაუნერგა შვილებს. ყმაწვილები მღვდელმა ევნოიქმა მონათლა და ღვთის სიტყვა ასწავლა. როცა ვაჟები მოიწიფნენ, სამხედრო სამსახურში ჩადგნენ, სპარსეთის მეფე ალამუნდართან (თუმცა ამგვარი სახელის მეფე ისტორიაში არ არის ცნობილი, შესაძლოა ის სპარსი მთავარსარდალიც იყო). ერთხელ ისინი თავიანთმა მეფემ ბერძენ-რომაელთა იმპერატორთან, იულიანე განდგომილთან გააგზავნა ზავის დასადებად. იულიანემ ისინი თავიდან მეგობრულად მიიღო, მაგრამ როცა შეიტყო მათი ქრისტიანობა, სასტიკად განრისხდა და ძმები საშინელი წამების შემდეგ დახოცა. ეს ამბავი კი ასე მოხდა:

ერთხელ იულიანემ ბითინიაში წასვლა დააპირა, ორგია ტრიგონში, რომელიც სავარაუდოდ წარმართული ტაძარი იყო ქალკედონის სიახლოვეს. იმპერატორი გემით ქალკედონში ჩავიდა და იქ შეკრებილ ხალხთან ერთად კერპებს მსხვერპლი შესწირა და ზეიმი დაიწყო.

ქრისტეს მონები მანუელი, საბელი და ისმაილი თან ჰყავდა წაყვანილი იმპერატორს. მათ არათუ გარევა, დანახვაც კი არ მოისურვეს წარმართული ღრეობისა, იდგნენ მოშორებით, დასტიროდნენ ადამიანთა სულიერ სიბნელეს და მათთვის ევედრებოდნენ ღმერთს, რათა ჭეშმარიტება შეემეცნათ. ამ დროს იმპერატორმა შეამჩნია, რომ სპარსმა ელჩებმა მსხვერპლი არ შესწირეს და მათი მოძებნა და მოყვანა ბრძანა, იულიანე ფიქრობდა, რომ ისინიც კერპთაყვანისმცემლები იყვნენ. მაგრამ ქრისტეს მონებმა ერთხმად შესძახეს და მალემსრბოლს მეფესთან დააბარეს:

- ჩვენ არ ვუღალატებთ რწმენას, რომლითაც სიყრმიდანვე აღვიზარდეთ. ჩვენ არ ვუღალატებთ უფალს და არ ვცემთ თაყვანს თქვენში ჩასახლებულ დემონებს. აქ, ამხელა გზაზე, ჩვენი რწმენის საღალატოდ კი არა, არამედ ზავის დასადებად ჩამოვედით. და რა გინდარა ტანჯვას მიგვცენ, ვერ დაგვიმორჩილებენო.

მეფემ მათი ნათქვამი რომ გაიგო, სასტიკად განრისხდა, ელჩები დააჭერინა და მათი წამება მეორე დღისთვის გადადო. წმინდანებმა ის ღამე ლოცვაში გაატარეს და უფალს განმტკიცება სთხოვეს. მეორე დღეს იულიანემ შორიდან მოუარა:

- კეთილო ხალხო, თქვენ აქ მეფემ გამოგაგზავნათ როგორც ერთგული ხალხი, რათა თანხმობას და ყველასთვის სასურველ მშვიდობას მივაღწიოთ. მაგრამ როგორ შევთანხმდებით, როცა გუშინ არ დაესწარით ღმერთებისადმი მიძღვნილ დღესასწაულს, რომელსაც თქვენ სპარსელებიც აღიარებთ? მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს ხომ ეთაყვანებით სპარსელები? მაშ რატომ თქვით უარი ჩვენთან ერთად ზეიმზე. გამოდის, რომ მშვიდობის კი არა მტრობის ჩამოსაგდებად მოხვედით.

რაზეც წმინდანებმა უპასუხეს:

- ჩვენ აქ მეფემ ზავისთვის გამოგვგვზავნა, რათა ერთმანეთის საზღვრები აღარ გადავლახოთ. ამისთვის გამოგვაგზავნა და არა ღმერთზე სასაუბროდ. დაე, ყველამ იმ ღმერთს მიაგოს პატივი, რომელიც მოსწონს. შენ კი დაუტევე სამშვიდობო მოლაპარაკებები და სხვა რამეზე გვესაუბრები. და თუ გინდა იცოდე, ჩვენ სპარსელები კი ვართ, მაგრამ ქრისტიანები ვართ, სიყრმიდანვე ქრისტეს რწმენაში გაგვზარდა დედამ და ჩვენმა მოძღვარმა. ჩვენს ქვეყანაშიც სცადეს კერპთა თაყვანისმცემლობაზე მოვექციეთ, მაგრამ ვერ შეძლეს ჩვენი უფლის შეწევნით, და ახლაც იესოს იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რწმენის შერყევას ვერავინ შეძლებს.

დიდხანს ესაუბრა იულიანე, მაგრამ წმინდანები ვერ გატეხა და განრისხებულმა მათი წამება ბრძანა. ჯერ სასტიკად გაშოლტეს, მერე ხელ-ფეხით ხეზე მიალურსმეს და რკინის კაუჭებით დაუსერეს მთელი სხეული. ქრისტეს მოწამენი მხნედ დაითმენდნენ და უფალს გამძლეობასა სთხოვდნენ. წმინდანებს ლოცვისას წარმოუდგათ უფლის ანგელოზი, რომელსაც მხოლოდ მოწამენი ხედავდნენ. ანგელოზმა წამებულებს ისეთი სიხარული და ნუგეში მოჰგვარა, რომ მეტად აღარ გრძნობდნენ ტკივილს. იულიანებს ბრძანებით მოწამენი ხიდან ჩამოხსნეს. იმპერატორმა მათ ცინიკურად უთხრა:

- ხედავთ, მეტად აღარ გაწამეთ. იმედია, ამ მცირე სასჯელის შემდეგ ჩვენი თანამოაზრენი გახდებით.

წმინდანებმა მეტი კადნიერებით განუცხადეს, რომ მზად იყვნენ ყველანაირი ტკივილი დაეთმინათ უფლის გულისთვის. მანუელი სხვებზე უფრო თამამად ეპასუხებოდა, იულიანემ ბრძანა, ის ცალკე გაეყვანათ და უმცროსი ძმების მისადმი დაპირისპირება სცადა, მაგრამ წმინდანებს მისი მოსმენაც არ უნდოდათ, ხმამაღლა დაიწყეს იულიანეს მხილება. მაშინ განრისხებული იმპერატორის ბრძანებით მოწამენი საწამებელ ადგილას გაიყვანეს და ანთებული სანთლებით გვერდები დაუწვეს. შემდეგ კი იულიანემ მანუელის დაყოლიება სცადა, მაგრამ მისი სიმტკიცე როცა დაინახა, ბრძანა ისიც ძმებივით ეწამებინათ. ძმებს თავში გაუყარეს ლურსმნები, ხელ-ფეხში კი ბასრი რკინები. ბოლოს, თავები მოჰკვეთეს და სხეულები დასაწვავად გაიტანეს. სიკვდილის წინ წმინდანებმა უკანასკნელად ილოცეს, ამ დროს მათ ზეციდან მოესმათ ხმა, რომელიც ეტყოდა:

- მოვედით და დაირქვით თავზე თქვენთვის გამზადებული დიდების გვირგვინები, რომლებიც თქვენი ღვაწლით დაიმსახურეთო.

როცა მათი ნეშტი უნდა დაეწვათ, უეცრად ქვეყანა შეიძრა, მიწა დასკდა და წმინდა ცხედრები თან ჩაიტანა. ორი დღის შემდეგ ქრისტიანთა გულმხურვალე ლოცვით დედამიწამ უკან გამოაბრუნა ნეტარი ძმების სხეულები, რომლებიც საოცარ კეთილსურნელებას აფრქვევდნენ. ამ სასწაულის მოწმე მრავალმა წარმართმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მანუელის, საბელისა და ისმაილის უხრწნელი ნაწილები. ამის შემდეგ მალევე უბადრუკი იულიანე საშინელი სიკვდილით აღესრულა. სპარსი ელჩების დახოცვის მერე იმპერატორმა ჯარი სპარსეთისკენ დაძრა. როცა მეფე ალამუნდარმა შეიტყო, რომ იულიანემ მისი ელჩები დახოცა, ახლა კი სპარსეთთან საომრად მოდიოდა, აღდგა ქვეყნის დასაცავად - ცხარე ბრძოლა ბერძნების დამარცხებით დამთავრდა. სისხლის ღვრას თავად უსჯულო იმპერატორიც შეეწირა - იგი დიდმოწამე მერკურის უხილავმა ხელმა განგმირა.

კეთილმსახურმა იმპერატორმა თეოდოსი დიდმა (+395), 30 წლის შემდეგ, კონსტანტინოპოლში წმინდა მოწამეების - მანუელის, საბელისა და ისმაილის სახელობის ტაძარი ააგო, მღვდელ-მონაზონმა გერმანემ, შემდგომში კონსტანტინოპოლელმა პატრიარქმა, წმინდა მოწამეთა კანონი შექმნა.

კონდაკი

სარწმუნოებითა ქრისტესითა მოწყლულთა ყოვლადნეტართა და მისთა სარწმუნოებით მსმელთა სასმელისათა სპარსთა სამისნონი და სამსახურებელნი ქუეყანად დააკვეთენით, სამებისა რიცხვნო, მეოხებასა ყოფდით ჩუენ ყოველთათვის.

ბეჭდვა
1კ1