წმინდა მოწამე დულე კილიკიელი (+დაახლ. 305-313) - 15 (28) ივნისი
წმინდა მოწამე დულე კილიკიელი (+დაახლ. 305-313) - 15 (28) ივნისი
წმინდა დულე ცხოვრობდა III-IV საუკუნეების მიჯნაზე. მისი მშობლები კილიკიის ქალაქ პრეტორიადაში ცნობილი ხალხი იყო, თავიანთი კეთილშობილებით და შვილიც ღვთის რწმენით გაზარდეს. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს და ქალაქ ზეფირეში იმპერატორ მაქსიმიანესთან წარადგინეს სამსჯავროზე. სასამართლოს დაწყებამდე წმინდანმა უფალს შესთხოვა, კერპთაყვანისმცემლობის მხილების ძალა მიენიჭებინა მისთვის. დაკითხვისას წმინდანმა მხნედ აღიარა თავი ქრისტიანად და განაცხადა, რომ ღვთის სიყვარულს ვერაფერი განაშორებდა. მმართველი გულმოდგინედ ცდილობდა, უარეყო ქრისტიანული სარწმუნოება, მაგრამ ვერ პოულობდა ძალას დულეს მადლმოსილი სიტყვების წინააღმდგომად. ამით გააფთრებულმა უსჯულომ დაუნდობლად აწამა წმინდანი: მისი ბრძანებით წმინდანი მიწაზე დააგდეს და სასტიკად სცემეს, წმინდანი პასუხად უფლის სახელს იმეორებდა და დასცინოდა წარმართულ მითებს. შემდეგ გახურებულ ნაკვერჩხლებზე დიდი ხნით დააწვინეს, მერე კი საპყრობილეში ჩააგდეს.

მეორე დაკითხვისას წმინდა დულემ კვლავ დიდი მხნეობა გამოიჩინა. ამიტომაც ჯალათმა ბრძანა, დულეს ზეთწასმულ თავზე ნაკვერჩხლები დაედოთ, ცხვირის ნესტოები მდოგვით აევსოთ. წმინდანს ზურგზე გავარვარებული რკინით დაღი დაასვეს, შემდეგ კი ჭრილობებზე მჟავე სითხე დაასხეს და გონებამიღებულებმა მის სხეულს თიხის ჭურჭლის ნატეხებით დაუწყეს ფხეკა. შემდეგ გაწამებული წმინდანი ციხეში ჩაამწყვდიეს.

მესამე დაკითხვაზე წმინდანი საზეიმო განწყობით და სიმტკიცით სავსე წარდგა. მაქსიმიანემ სცადა მისთვის ნაკერპავი საჭმელი გადაეყლაპებინა. როცა წმინდანმა გადმოაფურთხა, მაშინ განრისხებული მეფის ბრძანებით, მას ტყავი ისე გააძრეს, მთელი შინაგანი ორგანოები ჩანდა, ყბა მოგლიჯეს, წვივები გადაუმტვრიეს, მმართველის ეტლს გამოაბეს და ქუჩებში ათრიეს. ასე წარდგა ის უფლის წინაშე. დულეს დაფლეთილი სხეული მდინარეში გადააგდეს. ტალღებმა იგი მშობლიური ქალაქის ნაპირებთან გამორიყა, სადაც მეცხვარის ძაღლებმა იპოვეს. ერთი მათგანი იჯდა მის თავთან და ფრინველებს აფრთხობდა, ხოლო მეორემ მეცხვარის სამოსი მოიტანა და გადააფარა. მეცხვარეებმა ქრისტიანებს შეატყობინეს და მათაც წმინდანის ნეშ¬ტი დიდი პატივით მიაბარეს მიწას.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1