ათონელი მოწამენი, თესალონიკის ციხეებში 1821-1823 წლებში აღსრულებულნი - 10 (23) ივნისი
ათონელი მოწამენი, თესალონიკის ციხეებში 1821-1823 წლებში აღსრულებულნი - 10 (23) ივნისი
1821 წლის მარტში ჯერ პელოპონესში, შემდეგ კი - სრულიად საბერძნეთში ათონიდან მაკედონიამდე, საბერძნეთი თურქულ უღელს აუმხედრდა.

ოსმანთა იმპერიამ მაშინვე მიმართა სასტიკ რეპრესიებს, რომელიც მალევე გადაიზარდა დაუნდობელ რელიგიურ დევნაში.

წმინდა პატრიარქ გრიგოლის (ხსენება 10 აპრილს) და წმინდა სინოდის სხვა მღვდელმსახურთა (მაგალითად, მიტროპოლიტ იოსებ თესალონიკელის) მოწამებრივი აღსასრულის შემდგომ დევნა თესალონიკს და მის შემოგარენსაც მოედო, 15 ივლისს ქალკიდიკზე მომხდარი ამბოხი კი ისე ჩაახშეს თურქმა სამხედროებმა, სადაც გაიარეს, ყველაფერი ნაცრად აქციეს. მოსახლეობის ნაწილმა ათონის წმინდა მთას შეაფარა თავი.

სექტემბერში სულთანმა თესალონიკის ფაშად ყოფილი ქრისტიანი, ემინ აბდულა ლუბუთ ფაშა დანიშნა, რომლის მამაც მღვდელი გახლდათ, ძმა კი - ათონელი ბერი.

ახალმა მმართველმა, რომელმაც მალევე გაითქვა სახელი სისასტიკით, წელში გატეხა ამბოხებულნი.

9 ნოემბერს ათონელებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს, რის გამოც ფაშა დათმობებზე წავიდა, თუმცა, როგორც კი შეიტყო, რომ ბერთა ნაწილმა იქაურობა დატოვა და მონასტრებს სათანადო წინააღმდეგობის გაწევა აღარ ძალედვა, ათონს უმძიმესი ბეგარა დაუწესა, იქაურობის უმოწყა¬ლო ძარცვა იწყო, მონასტრებს კი ჯარისკაცები დაუდგინა, რომლებმაც სიწმინდენი შეურაცხყვეს.

ასევე ბრძანა, თესალონიკის ციხეებში მონასტრების მკ¬ვიდრნი გამოეკეტათ.

მამები შეიპყრეს და ციხის უკიდურესად ვიწრო და ნესტიან დილეგებში გამოკეტეს, ფეხებსა და კისერზე რკინის მძიმე ბორკილები აასხეს...

მრავალი დამცირება, შიმშილი, წყურვილი, ნერწყვება, ყოველდღიური გვემა ხვდათ წილად ამ უდანაშაულო მსხვერპლთ, მაგრამ ამ ტანჯვისგან გათა-ვისუფლების ფასად ქრისტესგან განდგომა არც უფიქრიათ.

ოთხმოცდაორმა მოღვაწემ მიიღო მაშინ მოწამებრივი სიკვდილი, დანარჩენნი კი 1823 წლის აგვისტომდე ციხეში დარჩნენ.

მატიანემ დიდი ლავრის თექვსმეტი, გრიგორიატის სავანის - ცამეტი, კონსტამონიტის - ხუთის სახელები შემოგვინახა, დანარჩენნი კი ზოგი ქსენოფონტიდან იყო, ზოგნიც - სიმონპეტრადან, სტავრონიკიტადან და სხვა სავანეებიდან...

მათგან პირველი, ქრისანე ქსენოფონტიდან, კონსტანტინოპოლში 1821 წლის 10 აპრილს ჩამოახრჩვეს, ტიმოთე კონსტამონიტიდან - მომდევნო წლის 4 ივნისს გარდაიცვალა თესალონიკს, იმავე მონასტრის ბერი, საბა კი - იმავე თვის 10 რიცხვში გამოასალმეს სიცოცხლეს.

მათი ბედი სხვა მამებმა, სხვადასხვა დროსა და ვითარებაში გაიზიარეს, მარტვილთა შორის გახლდათ ნეტარი მელეტიც, კიტრელი ეპისკოპოსი, 1821 წელს, სხვა თანამოღვაწეებთან ერთად, ბაზრის მოედანზე მოწამებრივად რომ აღესრულა.

მხცოვანების მიუხედავად, თურქებმა ჯერ წვერი გაპარსეს, შემდეგ - ქალაქის მოედნამდე მიათრიეს და ნაკუწ-ნაკუწ დახერხეს...

თურქებმა ხელ-ფეხი წარკვეთეს წმინდა მინას სახელობის ტაძრის მღვდელს, იოანეს, შემდეგ კი თვალნი მისივე მოჭრილი ხელებით დასთხარეს.

ქალაქში სისხლის მდინარეები მოედინებოდა, თურქებმა ფაშას საამებლად ათასობით მოწამის თავის ქალა შეკრიბეს და შეურაცხყვეს.

ამ მარტვილთა ლოცვით შეგვიწყალოს ქრისტემ!

ბეჭდვა
1კ1