წმინდა მოწამე პოტამიენა და მასთან: პლუტარქე, ჰერაკლიდე, ირონი, ირაიდა, მარკელა, ბასილიდე და ორი სერენი (III) – 07 (20) ივნისი
წმინდა მოწამე პოტამიენა და მასთან: პლუტარქე, ჰერაკლიდე, ირონი, ირაიდა, მარკელა, ბასილიდე და ორი სერენი (III) – 07 (20) ივნისი
სეპტიმუს სევერუსის (193-211 წლები) ჟამინდელი დევნისას ალექსანდრიის სკოლა ორიგენეს ჩააბარეს, რომელიც მოწაფეთ მოწამეობისკენ მოუწოდებდა.

პირველი მოწამე პლუტარქე გახლდათ, ძმა ირაკლისა, მოგვიანებით რომ აღსაყდრდა ალექსანდრიის კათედრაზე.

მომდევნო - სერენე გახლდათ, რომელიც ცეცხლით აწამეს, რის შემდგომაც ირადსა და ირონს თავნი წარკვეთეს.

ორიგენეს მოწაფეთაგანი, ირაიდაც ქრისტესთვის ევნო, სიკვდილი ცეცხლით რომ მიიღო.

მათ შორის ყველაზე ცნობილი - უმშვენიერესი და უკეთილშობილესი პოტამიენა გახლავთ, მრავალი წამების დათმენის შემდგომ დედასთან, - მარკელასთან ერთად რომ დაიწვა ცეცხლში.

მსჯავრის აღსრულების ადგილამდე მეომარი, ბასილიდე მიჰყვა, რომელსაც ისე თანაუგრძნო ქალწულს, გზად მისი შეურაცხყოფა არავის დაანება.

პოტამიენამ მადლობა შესწირა ბასილიდეს და აღუთქვა, ოდეს მიიცვლებოდა, მისი სული ჯოჯოხეთიდან გამოეთხოვა.

აი, როგორ მოგვითხრობს ამ მშვენიერი ქალწულის ამბავს სახელგანთქმული "ლავსაიკონი", რომელიც მის წამებას მაქსიმიანეს ეპოქას უკავშირებს:

{"უცხოთა შემფარებელმა პირველხსენებულმა ნეტარმა ისიდორემ ანტონი დიდისგან გაგონილი ერთი ამბავი მაუწყა, რომლის მოთხრობა სათანადოდ მიმაჩნია.

მაქსიმიანე განდგომილის მეფობის ჟამს ცხოვრობდა ერთი მშვენიერი ქალი, სახელად პოტამიენა. ის ერთი ალექსანდრიელი ავხორცი კაცის მონა იყო. ბატონს მშვენიერ ქალთან თავისი პირუტყვული სურვილის აღსრულება ეწადა და თავსაც ევლებოდა.

უჯერო ტრფიალებით ძლეულმა ვერ შეძლო პოტამიენას ცდუნება და განრისხებულმა ქალი ქალაქის მმართველთან დააბეზღა, ქრისტიანი და თქვენი კერპების მგმობელიაო, თან დიდი ქრთამიც წაიღო და მმართველს სთხოვა, რომ ყველა ღონე ეხმარა მისი გულისწადილის აღსასრულებლად. თუ ქალი მას არ დაემორჩილებოდა, ტანჯვით მოეკლა, რადგან ასე დასცინა მის ვნებას.

წმინდანი სამსჯავროზე წარადგინეს, სადაც სხვადასხვა იარაღით აწამეს, თან ლიქნით ცდილობდნენ, რომ დაჰყოლოდა ბატონის სურვილს.

როცა ვერაფერს გახდნენ, განრისხებულმა მსაჯულმა ბრძანა, შეეკრათ ქალი და მოგიზგიზე კუპრით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ. პოტამიენამ მას ხმამაღლა სთხოვა:

- გაფიცებ მეფეს, რომლის წინაშეც ასე ძრწი, რომ არ შემკრან და გახსნილი ჩამაგდონ კუპრში, რათა იხილო, თუ როგორი მოთმინება მომანიჭა ქრისტემ, რომელსაც შენ გმობ!

ჯალათებმა ქალი მოთუხთუხე კუპრში ჩააგდეს. სამი საათი დაჰყო წმინდანმა ამ სატანჯველში, ვიდრე კუპრი მხრებამდე არ მისწვდა და არ შეისვენა.

მრავალი ალექსანდრიელი ქალი და კაცი აღესრულა იმ დროს, რომელთაც საუკუნო განსასვენებელი მოიპოვეს".

მცირე ხნის შემდგომ ბასილიდემ, რომელსაც მეგობრები გარკვეული მიზეზის გამო ფიცს გამოსთხოვდნენ, თქვა, ქრისტიანი ვარ და ფიცი ჩემთვის დაუშვებელიაო.

თავიდან ეგონათ, რომ ბასილიდე ხუმრობდა, მაგრამ ნეტარი თავისას არ იშლიდა და არწმუნებდა, - ქრისტიანი ვარო!

სხვა რაღა დარჩენოდათ, მაშინვე საპყრობილეს უკრეს თავი. ხოლო როდესაც მის მოსანახულებლად და სანუგეშებლად ქრისტიანები მივიდნენ და ამ უეცარი ფერისცვალების მიზეზი ჰკითხეს, უპასუხა:

- პოტამიენას მარტვილობიდან მესამე დღე იყო, ღამით წმინდა ქალწული რომ მეჩვენა, თავზე გვირგვინი დამადგა და მაუწყა, - ღვთისგან მადლი მივიღე და მალე მის დიდებას შევერთვებიო!

ბასილიდე საპყრობილეში ერთი ქრისტიანის ხელით მოინათლა, მომდევნო დღეს კი - ისიც მოწამებრივად აღესრულა - თავი წარკვეთეს.

წმინდა გადმოცემით, იმხანად მრავალს გამოეცხადა ნეტარი ქალწული, რის შემდეგაც არაერთმა მიიღო ღვთისგან მოწამებრივი გვირგვინი.

მეოხ გვეყოს მათი წმინდა ლოცვანი ღვთის წინაშე!

ბეჭდვა
1კ1