წმინდა მღვდელმოწამე მარკელინი (+304) – 07 (20) ივნისი
წმინდა მღვდელმოწამე მარკელინი (+304) – 07 (20) ივნისი
პაპი მარკელინი დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს ზეობისას, სწორედ იმ დროს აღსაყდრდა, ოცდაათი დღის მანძილზე რომში ჩვიდმეტი ათასი ქრისტიანი მოწამებრივად რომ აღესრულა.

მალე მარკელინიც შეიპყრეს და დიოკლეტიანეს მიჰგვარეს. სამწუხაროდ, მას მოსალოდნელი, საზარელი წამების შიშმა სძლია და წარმართულ "ღმერთებს" მსხვერპლი შესწირა, რის შემდგომაც მტარვალმა ძვირფასი სამოსი უბოძა და მეგობრად მოიხსენია.

შინ მობრუნებულმა კი, ვითარცა პეტრე მოციქულმა, მწარედ დაიტირა საკუთარი შეცოდება, თან თავს განიკითხავდა და იტყოდა:

- მოწამებრივი აღსასრულისთვის მრავალი განამტკიცე, თავად კი ასე სამარცხვინოდ განუდექ უფალსო!

სწორედ იმ დროს კამპანიის ქალაქ სინუესში ადგილობრივი საეკლესიო კრება მოიწვიეს, რომელსაც სამოცდაათი მღვდელმთავარი თუ პრესვიტერი ესწრებოდა.

მარკელინი დაბებკილი საბერო კაბით შეიმოსა, თავზე ნაცარი დაიყარა და ისე წარუდგა ღირს მამებს, რომელთა წინაშეც თავისი ცოდვა აღიარა და დასჯა ითხოვა.

- მაგ ბაგეებით სცოდე და საკუთარ თავს მსჯავრიც მაგ ბაგეებით გამოუტანე, - უთხრეს მამებმა, - თვით მოციქულმა პეტრემაც უარყო უფალი, მაგრამ შეინანა და კვლავ გარდამოვიდა მასზე მადლი!

მაშინ აღიღო თავი მარკელინმა და თქვა:

- სამღვდელო პატივზე, რომლის ღირსიც არა ვარ, უარს ვამბობ, ამასთან ჩემი გარდაცვალების შემდგომ წესისამებრ ნუ დამმარხავთ, არამედ, სხეული ძაღლებს მიუგდეთ საჯიჯგნად, ხოლო თუ ვინმე მისი მიწისთვის მიბარებას დააპირებს, დაე, წყეულ იყოს!

რომს რომ დაბრუნდა, დიოკლეტიანეს ნაბოძვარ ძვირფას სამოსს ხელი დაავლო, მტარვალს სასახლეში წარუდგა, ბილწი საჩუქარი მის წინ დაყარა, მისი "ღმერთები" დაგმო, საკუთარი თავი უცოდვილესად მოიხსენია, თან მწარედ ცრემლოოდა.

გამხეცებულმა ტირანმა ჯერ სასტიკ ტანჯვას მისცა, შემ¬დეგ კი - სიკვდილი განუჩინა.

ოდეს სხვა სამ ქრისტიანთან - კლავდის, კვირინესა და ანტონინესთან ერთად ქალაქგარეთ თავის მოსაკვეთად წარიყვანეს, იქვე მყოფ პრესვიტერს, მარკელს, - მისი აღსასრულის შემდეგ რომ ეკურთხა პაპად, უხმო, რწმენაში განამტკიცა და დაუბარა, რამდენადაც უფალი უარყო და მისი სხეული მიწაში დაფლვას არ იმსახურებდა, დაკრძალვის ნაცვლად, საჯიჯგნად ძაღლთათვის მიეგდო, შემდეგ ღვთის წინაშე მხურვალედ ილოცა და კლავდის, კვირინესა და ანტონინესთან ერთად მიიღო მოწამებრივი სიკვდილი.

სამი დღის შემდეგ გზაზე უპატიოდ დაყრილი მოწამეთა ცხედრებიდან სამი, - კლავდი, კვირინე და ანტონინე, - ქრისტიანებმა მიწას მიაბარეს, პაპ მარკელეს სხეულს კი, რამდენადაც მისივე წყევლის შეეშინდათ, ვერავინ გაეკარა.

ოცდათექვსმეტი დღის შემდგომ პაპს მოციქული პეტრე გამოეცხადა და მარკელეს შესაბამისი პატივით დაფლვა უბრძანა.

ასე აღესრულა წმინდა პაპი მაგალითად დაუდო რა საკუთარი აღსასრული იმათ, ვინაც იმ შავ-ბნელ დროებაში დაეცა და განსაცდელს ვერ გაუძლო.

ბეჭდვა
1კ1