მღვდელმოწამე მარკელინი, რომის პაპი და მასთან ერთად მოწამენი: სისინი, კვირიკე დიაკონი, სმარაგდი, ლარგო, აპრონიანე, სატურნინე, პაპი, მავრო, კრისკენტიანე და დედანი: პრისკილა, ლუკინა და არტემია (IV)
მღვდელმოწამე მარკელინი, რომის პაპი და მასთან ერთად მოწამენი: სისინი, კვირიკე დიაკონი, სმარაგდი, ლარგო, აპრონიანე, სატურნინე, პაპი, მავრო, კრისკენტიანე და დედანი: პრისკილა, ლუკინა და არტემია (IV)
ეს მარტვილნი რომში დიოკლეტიანეს, მაქსიმიანეს (284- 305 წლები) და მათ მემკვიდრეთა - გალერიუსისა (305- 311 წლები) და მაქსენტიუსის (305-312 წლები) ჟამს ევნენ.

რომის დასავლეთ ნაწილის მმართველმა მაქსიმიანემ სამხედრო პატივი აჰყარა ყველა ქრისტიანს და თავი კატორღას უკრა. მდიდარი ქრისტიანი ფარასონი ქრისტიანების, - სისინის, კვირიკეს, სმარაგდისა და ლარგოს ხელით უგზავნიდა საზრდელს და სამოსს პყრობილებს.

ოდეს ამის თაობაზე პაპმა, მარკელინმა შეიტყო, ფაროსანს ქველი საქმისთვის მადლობა უთხრა, სისინი და კვირიკე კი - დიაკვნებად აკურთხა.

მალე ტყვეებთან საზრდელის მისატანად მისულნი შეიპყრეს და სხვა ქრისტიანთა ხვედრს სწიეს.

სისინი და კვირიაკე თავიანთ სამუშაოსთან ერთად მხცოვანი და დაუძლურებული სატურნინეს ნაცვლადაც ირჯებოდნენ.

როგორც კი ამ ამბავმა მაქსიმიანეს ყურამდე მიაღწია, სისინი საწამებლად მაშინვე ოლქის მმართველს, ლავდიკიუსს გადასცა, რომელმაც ნეტარი საპყრობილეს მისცა.

საპყრობილის მცველმა, სახელად აპრონიანემ, ოდეს სისინის ზეციური ნათლით გაბრწყინვებული სახე იხილა, ირწმუნა ქრისტე და მოინათლა, შემდეგ წმინდანთან ერთად პაპ მარკელინთან მივიდა, მირონი იცხო და მისივე ხელით ეზიარა.

იმავე დღეს, 7 ივნისს, სისინი და სატურნინე, აპრონიანეს თანხლებით, ლავდიკიუსის წინაშე წარდგნენ. აპრონიანეს მაშინვე მოჰკვეთეს თავი, სისინი და სატურნინე კი - ბნელ ჯურღმულში გამოკეტეს.

ლავდიკიუსმა ბრძანა, ნეტარნი {"ღმერთთათვის" მსხვერპლის შესაწირად წარმართულ ტაძარში მიეყვანათ.

სატურნინემ თქვა:

- დაე, ფერფლად აქციოს უფალმა წარმართული ბომონები!

ამის თქმა იყო და კერპების წინ მდგარი სამფეხები, რომლებზეც ცრუ-ღმერთთა პატივად საკმეველი იკმეოდა, გალღვა.

ამ სასწაულის მხილველმა მეომრებმა, პაპმა და მავრომ, ადიდეს ქრისტე და მოიქცნენ.

ხანგრძლივი და საშინელი სალმობის შემდეგ სისინსა და სატურნინეს თავები მოჰკვეთეს, პაპია და მავრო კი - საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც გულმხურვალედ ევედრებოდნენ უფალს, ნათლისღების წმინდა ბეჭდის ღირსნი გამხდარიყვნენ.

ყოვლადსახიერი ღვთის შემწეობით აღმსარებლებმა შეძლეს, შეუმჩნევლად დაეტოვებინათ სატუსაღო, მარკელის ხელით მონათლულიყვნენ და უკანვე დაბრუნებულიყვნენ.

სამსჯავროზე მათ კვლავ აღიარეს ქრისტე, რის შემდგომაც საზარელი ტანჯვით ამოხადეს სული. მათი წმინდა ნაწილები მღვდლებმა, იოანემ და ფარასონმა მიაბარეს მიწას.

კვირიკეს, სამარაგდს, ლარგოსს და სხვა ტყვე ქრისტია¬ნებს კვლავ ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებდნენ.
ამ დროს დიოკლეტიანეს უმცროს ქალიშვილს, არტემიას, ბოროტი სული ეკვეთა და სასტიკად ტანჯავდა.

როცა იმპერატორმა შეიტყო, - ტყვე კვირიკე სნეულთ კურნავს და ეშმაკთ განასხამსო, მოუხმო.

წმინდანმა არტემია ლოცვით განკურნა, შემდეგ კი - მონათლა.

დიოკლეტიანემ მადლობის ნიშნად კვირიკე, სამარაგდი და ლარგოსი განათავისუფლა, მოკლე ხანში კი კვირიკე სპარსეთს წარგზავნა მეფის ასულის განსაკურნებლად.

რომს მობრუნებული კვირიკე ახალი იმპერატორის, გადამდგარი დიოკლეტიანეს სიძის, არანაკლებ პირსისხლიანი გალერიუსის ბრძანებით შეიპყრეს. მეფის ასულის, არტემიას გაქრისტიანების გამო ცოფქმნილმა იმპერატორმა ბრძანა, ბრბოს დასაცინად და აბუჩად ასაგდებად თავისი ეტლის უკან ეტარებინათ გაშიშვლებული და შებორკილი კვირიკე.

პაპმა მარკელინმა სახალხოდ ამხილა გალერიუსი უდანაშაულო ქრისტიანების მხეცურ ტანჯვაში, რისთვისაც შეიპყრეს და საპყრობილეში შთააგდეს.

კვირიკე, სამარაგდი, ლარგო და კიდევ ერთი ტყვე, კრისკენტიანე, წამებით მოკლეს. საპყრობილეში სიკვდილით დასაჯეს წმინდა კვირიკესთან ერთად გამომწყვდეული მეფის ასული არტემია და სხვა 21 პყრობილი.

რომაელმა ღვთისმსახურმა პაპი მარკელინი საპყრობილიდან გააპარა, კვირიკეს, სამარაგდისა და ლარგოს ცხედრები ქრისტიანი ქალების, პრისკილასა და ლუკინას მამულში გადაასვენა, ლუკიანას სახლი კი ტაძრად აქცია.

გაიმპერატორებულმა მაქსენტიუსმა ბრძანა, დაენგრიათ ტაძარი და საქონლის სადგომად ექციათ, წმინდა პაპი კი - ნახირის მწყემსად განაწესა.

შიმშილით, ყინვით და საშინელი პირობებით ჯანგატეხილი წმინდა მარკელი მძიმედ დასნეულდა და 310 წელს მიიცვალა.

წმინდა პრისკილა და ლუკინა უპატიოდ განდევნეს რომიდან, მათი მამულები კი დაარბიეს.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1