წმინდა მოწამე მარკოზ სმირნელი (+1801) - 05 (18) ივნისი
წმინდა მოწამე მარკოზ სმირნელი (+1801) - 05 (18) ივნისი
უფლის ეს რჩეული XVIII საუკუნის II ნახევარში, სმირნაში (დღევანდელი იზმირი) იშვა და ფრიად ზნეკეთილ მშობელ¬თა შვილი გახლდათ.

ოჯახი თავიდან ქიოსს ცხოვრობდა, შემდგომ კი ახალ ეფესოში გადასახლდნენ, მარკოზი დაქორწინდა და ვაჭრობას მიჰყო ხელი, იმის გამო, რომ ერთ ქრისტიან ქალთან, სახელად - მარიამთან გააბა სასიყვარულო ურთიერთობა, მასთან ერთად შეიპყრეს და აღას მიჰგვარეს, რომელმაც იმდენი ქნა, სანამ ორივეს ქრისტეზე უარი არ ათქმევინა.

ამ ამბის შემდგომ მარკოზმა აღასთან იწყო მსახური და რამეთუ ქრისტიანთ განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობო¬და, მისი კეთილგანწყობაც დაიმსახურა.

თუმცა, რაც დრო გადიოდა, სინდისი უფრო და უფრო ქენჯნიდა, ცხრა თვის თავზე კი ვეღარ გაუძლო და თვისი ცოდვა მღვდლის წინაშე ცრემლით შეინანა.

იგივე ჰქმნა მარიამმაც, რომელმაც მღვდელს სთხოვა, დახმარებოდა, რომ მისი შვილი წინადაცვეთას გადარჩენოდა და ერთი ექიმის წყალობით, თითქოს მარკოზს სასწრაფოდ მკურნალობა სჭირდებოდა, სმირნისკენ მიმავალ ხომალდში მოხვდნენ.

გარკვეული ხნის შემდგომ აღამ იგრძნო, რომ მოატყუეს და მდევარი გაადევნა, ლტოლვილებმა კი ამასობაში სმირნის ნაცვლად ვენეციის არქიპელაგისკენ ქნეს პირი, სადაც წმინდა ეკლესიის წიაღს დაუბრუნდნენ.

როგორც ჩანს, საიმდროოდ მარკოზის კანონიერი ცოლი უკვე გარდაცვლილი იყო, რადგან მარიამთან კავშირი ეკლესიამ კანონიერად ცნო. მარკოზს სინდისი ძალზე ქენჯნიდა, მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა, თუმცა, მშვიდობა ვერსად პოვა და განიზრახა, მძიმე ცოდვები საკუთარი სისხლით წარეხოცა.

ოსმალეთს დაბრუნებულმა განაზრახი მრავალ სასულიერო პირს გაანდო, თუმცა, არც ერთმა მათგანმა არ თანაუგრძნო, - საამისოდ სინანულიც საკმარისიაო. მის გულს კი ქრისტესთვის მოწამეობის და ცოდვათაგან განწმენდის იმგვარი სურვილი მოსდებოდა, გადაწყვიტა, თავისი მოქცევა იმ ადგილას განეცხადებინა, სადაც უწინ სცოდა, ამიტომ, ახალ ეფესოში ის მღვდელი იპოვა, ვინც მისი აღსარება ჩაიბარა.

ეს უკანასკნელი, მართალია, მის გადაწყვეტილებას არ შეწინააღმდეგებია, მაგრამ ურჩია, მოწამეობა ამ ქალაქში არ მიეღო, სადაც მცირე ხნის წინ წმინდა გიორგი (ხსენება 5 აპრილს) აღესრულა.

მარკოზი ქიოსს დაუბრუნდა, ღამე ლოცვაში განლია, ეზიარა, გამთენიისას კი, საბეროდ მოსილი, ხელში ჯვრით, მსაჯულს ეახლა.

- გონს არ ხარ, თუ ღვინით დამთვრალხარ? - დაეკითხა მსაჯული,

- სრულ ჭკუაზედ გახლავართ და მზად ვარ, ქრისტეს გულისთვის სისხლი დავთხიო!

მარკოზს მყისვე ციხეს უკრეს თავი, ფეხები შეუკრეს, ის კი სიხარულევანი ადიდებდა უფალს და ფსალმუნთ გალობდა.

მისმა სიტყვამ ისე გაახელა დაცვის თავკაცი, საპყრობილეში შევარდა და სასტიკად გვემა.

ხოლო როდესაც შეიტყო, რომ მარკოზი უწინ ქრისტიანი იყო, ისლამი იძულებით მიიღო და შემდეგ კვლავ ნათელ იღო, გონი მთლად დაკარგა და ყელი გაუგმირა, მაგრამ ღვთის დიდება არ შეუწყვეტია.

მაშინ სამი ახალმოწამე გამოეცხადა და განამტკიცებდნენ.

მომდევნო დაკითხვისას სხეული ხოჯთა ცემით დაუსისხლიანეს, მარკოზი კი ეტყოდა:

- რომ უწყოდეთ, სად მივდივარ, ყოველივეს დააგდებდით და თან გამომყვებოდითო!

მოწამის განსამტკიცებლად ქიოსელმა ქრისტიანებმა მარხვა და ტაძრებში ერთობლივი ლოცვა იწყეს, მარკოზი ყოველდღე ეზიარებოდა, 1801 წლის 5 ივნისს, მესამე დაკითხვის შემდგომ მსაჯულმა სიკვდილი მიუსაჯა.

მარკოზი სიხარულით წარემართა იმ ადგილას, სადაც სიკვდილით უნდა დაესაჯათ, ჯალათს თავი მორჩილად დაუხარა და უთხრა:

- როგორც საჭიროა, ისე ჩამარტყი!

მხოლოდ მეექვსე მცდელობაზე წარკვეთა თავი ჯალათმა ნეტარს, ქრისტიანებმა მისი წმინდა ნაწილნი შეკრიბეს, საკვირველად რომ კეთილსურნელებდა და მრავალ სასწაულს აღასრულებდა.

* * *

ხსენება წმინდა მოწამისა ქრისტეფორე რომაელისა, მახვილით განგმირულისა

* * *

ხსენება წმინდისა მოწამისა კონონ რომაელისა, ზღვაში ჩამხრჩვალისა

ბეჭდვა
1კ1