წმინდა მოწამე ფესპესიოსი (+230) - 01 (14) ივნისი
წმინდა მოწამე ფესპესიოსი (+230) - 01 (14) ივნისი
ალექსანდრე სევერუსის (222-235 წლები) ზეობისას წმინდა ფესპესიოსი, იმის გამო, რომ ქრისტიანი გახლდათ, კაპადოკიის მმართველს, სიმპლიკიოსს წარუდგინეს, წარმართულ სალოცავში ძალით შეიყვანეს და კერპთათვის მსხვერპლის შეწირვას აიძულებდნენ.

ფესპესიოსი კი უშიშრად დასცინოდა უსულო კერპებს, რამაც ისეც გულბოროტი და სულდაფსილი მტარვალნი უკიდურესად გააწიწმატა: - ფესპესიოსი ჯერ უმოწყალოდ გვემეს და სხეული ჭრილობებით დაუსერეს, შემდეგ - გახურებულ ღუმელში უკრეს თავი, მაგრამ, ღვთის შეწევნით, იქიდან უვნებლად გამოაღწია.

უარესად ცოფქმნილებმა ისევ თავიანთ სამლოცველოში მიიყვანეს, თუმცა, კვლავ ვერა გააწყვეს რა, რის შემდეგაც მდუღარე ზეთით სავსე ქვაბში შთააგდეს, სადაც ორი დღე და ღამე კვლავ სრულიად უვნებელმა გაატარა.

ამის მხილველმა მრავალმა წარმართმა მიიღო ქრისტე და მოიქცა. მოთმინებადაკარგულმა მმართველმა კი ფესპესიოსის ქალაქგარეთ გაყვანა და თავის წარკვეთა ბრძანა.

* * *

ხსენება წმინდისა მოწამისა ნეონისა

* * *

ხსენება მღვდელმოწამისა პიროსისა, ეპისკოპოსისა

* * *

ხსენება ათი ათასი ანტიოქიელი მოწამისა, დეციუსის დევნისას ვნებულთა

ბეჭდვა
1კ1