წმინდა მოწამე ზაქარია (+1802) - 28 მაისი (10 ივნისი)
წმინდა მოწამე ზაქარია (+1802) - 28 მაისი (10 ივნისი)
28 მაისს (10 ივნისს) ეკლესია პრუსიაში 1802 წელს ქრისტესთვის მოწამებრივად აღსრულებულ ზაქარიას იხსენიებს. წმინდა ზაქარია დაიბადა 1764 წელს. მსახურობდა სასულიერო პირად ბითინიის მთებში. ღვინის განუსაზღვრელი სმა ჩვეულებად ექცა ზაქარიას. ერთხელ სიმთვრალეში უარყო ქრისტიანობა და მიიღო ისლამი. გამოფხიზლებული ზაქარია მიხვდა, რა საშინელებაც ჩაიდინა და კიდევ უფრო მიეძალა სმას.
ერთხელ მთვრალი ზაქარია ეჩხუბა ქვრივს, რომელსაც მისი ფული ემართა. მან დედაკაცს მსაჯულთან უჩივლა ვალის დაუბრუნებლობის გამო. ქალაქის მსაჯულმა არ მიიღო ზაქარიას საჩივარი იმის გამო, რომ ის გამუდმებული ღვინის სმით არღვევდა ისლამის კანონებს. სწორედ ამ დროს ზაქარიამ მსაჯულს განუცხადა, რომ მან უარყო ისლამი და ისევ თავის რწმენას, ქრისტიანობას დაუბრუნდა, შემდეგ მოიხადა მუსლიმური ჩალმა და ფეხით გათელა. ზაქარია შეიპყრეს და სიმთვრალეში დაადანაშაულეს.

საპატიმროში ზაქარია ცხარე ცრემლებით ტიროდა ცოდვების გამო და ითხოვდა ყველა ქრისტიანულ ტაძარში ელოცათ მისი სულისთვის. მეორე დღეს სამსჯავროზე წარმდგარი ზაქარია ხმამაღლა აცხადებდა, რომ აღარაფრის ფასად აღარ უარყოფდა ქრისტეს.

ზაქარია ისევ საპატიმროში დააბრუნეს. მან იგრძნო, რომ კვლავინდებურად მასთან ერთად იყო უფლის მადლი, რომელიც განდგომილს დაეკარგა. სიხარულით აივსო და ქრისტესთვის სისხლის დაღვრა სწყუროდა. ზაქარია სასტიკად სცემეს ბამბუკის ხელკეტებით, შემდეგ დააძრეს ფეხისა და ხელის ფრჩხილები. ზაქარიას არ სურდა მოუნანიებლად გასულიყო ამ ქვეყნიდან, საპატიმროში ფარულად მიუყვანეს ღვთისმსახური, რომელმაც აზიარა იგი.

კვლავ წარადგინეს სამსჯავროზე, იმ იმედით, რომ რწმენას უარყოფდა, მაგრამ ამაოდ. სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემდეგ ცოტა ხნით ისევ საპატიმროში შეაბრუნეს, იმ იმედით, რომ დაფიქრდებოდა და გადაწყვეტილებას შეიცვლიდა. ზაქარია კიდევ უფრო მყარი იყო თავის გადაწყვეტილებაში. მან სასიკვდილო განაჩენის აღსრულების ადგილად, მშობლიური სახლი აირჩია. სიხარულით აღვსილი მივიდა იქ. ზაქარიას თავი მოჰკვეთეს, ის 38 წლისა აღესრულა მოწამებრივად.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1