წმინდა დიმიტრი (მიტრა, +1794) - 28 მაისი (10 ივნისი)
წმინდა დიმიტრი (მიტრა, +1794) - 28 მაისი (10 ივნისი)
წმინდა დიმიტრი (მიტრა) დაიბადა XVIII საუკუნეში ქრისტიანულ ოჯახში ქალაქ პენოპოლესში. თერთმეტი წლის მიტრამ უარი თქვა ქრისტიანობაზე და თურქების სამსახურში ჩადგა. დროთა განმავლობაში ის ცნობილი და მდიდარი გახდა. ერთ მშვენიერ დღეს დაფიქრდა სამყაროს შემოქმედზე, გაიხსენა თავისი ბავშვობა, ქრისტიანული ოჯახი, ის ფასეულობები, რომლებითაც მშობლები ზრდიდნენ. სინანული დაეუფლა და დაუბრუნდა ძველ რწმენას. დაბრუნდა ოჯახში, სიმდიდრეზე უარი თქვა და ცხოვრობდა ისე, როგორც ნამდვილ ქრისტიანს შეეფერება.

ერთხელ მიტრა საქმეზე ქალაქ მისტრაში ჩავიდა, სადაც ნაცნობმა თურქებმა ნახეს. ძალით მიჰგვარეს ქალაქის თურქ მმართველს და დაადანაშაულეს ისლამის უარყოფაში. მმართველთან წარმდგარმა მიტრამ თამამად მოჰყვა, როგორ აღიზარდა ქრისტიანად, როგორ აქცია ზურგი ქრისტეს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მიხვდა ისლამის სიბნელეს და კვლავ ქრისტიანულ ნათელს დაუბრუნდა. დიმიტრიმ განუცხადა თურქებს, რომ მზად იყო, ქრისტესთვის სისხლი დაეთხია. მმართველის ბრძანებით დიმიტრი საპყრობილეში ჩააგდეს, ციხის მცველებს კი დაავალეს, ნებისმიერი ხერხით ის კვლავ ისლამზე მოექციათ. მიუხედავად დიდი მცდელობისა, თურქებმა ვერ შეძლეს დიმიტრის დაყოლიება - კიდევ ერთხელ ექცია ზურგი ქრისტესთვის. 1794 წელს მას თავი მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1