წმინდა თეოდორა ქალწული და დიდიმე მხედარი (+304) - 27 მაისი (9 ივნისი)
წმინდა თეოდორა ქალწული და დიდიმე მხედარი (+304) - 27 მაისი (9 ივნისი)
303-304 წელს ქალაქ ალექსანდრიაში ქრისტიანობისთვის თავი მოჰკვეთეს ქალწულ თეოდორას და მხედარ დიდიმეს. მათ ეკლესია ძველი სტილით 27 მაისს იხსენიებს. იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს ქრისტიანთა დევნისას ახალგაზრდა ქალწული თეოდორა ქრისტეს აღმსარებლობისთვის შეიპყრეს და ალექსანდრიის ქალაქისთავს, ევსტათეს წარუდგინეს. როდესაც ქალაქისთავმა ქალწულის გარეგნული მშვენიერება ნახა, ჰკითხა?

- მშვენიერო თეოდორა, რატომ არ გათხოვდი?

- მე თავი უფალს გავუკუთვნე და ქრისტეს სიყვარულით დავიმარხე ქალწულობა, - მიუგო თეოდორამ წარმართ მმართველს.

- ან შენი სამშობლოს ღმერთებს ეცი თაყვანი ანდა სამეძავო სახლში ჩაგაბარებ, ქრისტიანები ხომ უპირველეს მოვალეობად უბიწოების დაცვას მიიჩნევთო, - დაემუქრა ჯალათი. იცოდე, - უთხრა მას თეოდორამ, - ღმერთი გულთამხილავია... დაე ქმნან, რაც უნდათ, მე მაინც ქალწულად დავრჩები. ღმერთი ძლიერია და ძალუძს, თუ ინებებს, ჩემი აღთქმული უბიწოება დაიცვასო. მსაჯული შეძრა გოგონას გონიერებამ. სამი დღე "აცალა" - იქნებ გადაიფიქროსო, მერე კი, როცა დაინახა თეოდორას რწმენაში ურყევობა, უთხრა: - კარგი, ვნახოთ, რამდენად ყოვლისშემძლეა ეგ შენი ჯვარცმულიო და ქალწული, ჯარისკაცების თანხლებით, ბიწიერების სახლში გაგზავნა. ამასობაში ეს ამბავი ქალაქის გარყვნილმა ახალგაზრდობამაც შეიტყო, სამეძავო სახლთან მიირბინეს და ერთმანეთში კამათობდნენ, თუ ვინ უნდა შესულიყო ქალიშვილთან პირველი. საბრალო გოგონა თრთოდა და შეწევნას უფალს ევედრებოდა.

უეცრად ვიღაც სამხედრო სამოსიანმა ახალგაზრდამ მიირბინა სამეძავო სახლთან, გააპო ბრბო და შიგნით შევიდა. ვერავინ შეეწინააღმდეგა, რადგან ყველას სამხედრო ჩინოსანი ეგონა. მისი დანახვისას შეძრწუნდა თეოდორა. "ნუ გეშინია, - უთხრა ყმაწვილმა, - მე შენი ერთგული ძმათაგანი ვარ, დიდიმე მქვია. შენს დასახსნელად მოვედი. ჩემი სამოსი ჩაიცვი და გადაარჩინე შენი უბიწოება. მე კი აქ დავრჩები. თეოდორას არ უნდოდა, სხვისი სიცოცხლის ფასად შეენარჩუნებინა უბიწოება, მაგრამ დიდიმესგან გამხნევებულმა ჩაიცვა მისი სამოსი, სახე დაიფარა და ისე გამოსხლტა ამ საშინელი სახლიდან, როგორც კრავი - მგლის ხროვიდან.

როცა მომხდარი ევსტათეს აუწყეს, მან სამსჯავროზე დაიბარა წმინდა დიდიმე. წმინდანი თამამად მოჰყვა, თუ როგორ გაათავისუფლა წმინდა აღმსარებელი. შეუპოვრობისათვის დიდიმე სიკვდილით დასაჯეს. სიკვდილის წინ მოწამესთან მივიდა წმინდა თეოდორა და განუცხადა, რომ სურდა მასთან ერთად მიებარებინა სული უფლისათვის. ამის შემყურე ევსტათიმ ბრძანა, ორივესთვის მოეკვეთათ თავი. მათი წმინდა ცხედრები კი ცეცხლში დაწვეს.

ბეჭდვა
1კ1