წმინდა მოწამე ალექსანდრე დერვიში (+1794) - 26 მაისი (8 ივნისი)
წმინდა მოწამე ალექსანდრე დერვიში (+1794) - 26 მაისი (8 ივნისი)
ეკლესია ძველი სტილით 26 მაისს იხსენიებს 1794 წელს ქალაქ სმირნაში თურქების მიერ ქრისტეს აღიარებისთვის თავის კვეთით დასჯილ წმინდა მოწამე ალექსანდრე დერვიშს, რომელიც თესალონიკში ცხოვრობდა. ალექსანდრე გარკვეული დროის შემდეგ სმირნაში დასახლდა და ერთ თურქ მოხელესთან მსახურობდა. იქ დარწმუნდა ისლამის რწმენის არაჭეშმარიტებაში და უარყო იგი. მას შემდეგ შეუდგა მოხეტიალე ბერის ცხოვრებას, დადიოდა სოფელ-სოფელ და უპოვარი მუსლიმი ბერივით ცხოვრობდა. სწორედ ამიტომ ეწოდა დერვიში. (დერვიში - მუსლიმი უპოვარი ბერი). მოხეტიალე ბერი ცხადად ამხელდა ისლამს, ეგვიპტეში ძლივს გადაურჩა მუსლიმთაგან ჩაქოლვას. გარკვეული დროის შემდეგ სმირნაში დაბრუნდა და ქრისტეს მოძღვრება მიიღო. ალექსანდრე წარდგა მსაჯულის წინაშე და საჯაროდ აღიარა ქრისტე. გარეგნულად მუსლიმ დერვიშს ჰგავდა, ისე კი ქრისტეს აღიარებდა, ამიტომ სმირნელმა თურქებმა ალექსანდრე გიჟად შერაცხეს. მოგვიანებით მსაჯულმა ჩათვალა, რომ ის მთვრალი იყო და ბრძანა, საპატიმროში ჩაეგდოთ. მეორე დღეს ალექსანდრე მეტი სიმამაცით აღიარებდა მაცხოვრის მოძღვრებას. როდესაც თურქები სიკვდილით დასჯით დაემუქრნენ, ალექსანდრემ განაცხადა: "სწორედ ამის გამო წარვდექი თქვენ წინაშე, მსურს ქრისტეს გამო სიკვდილი".

ალექსანდრეს 1794 წლის 26 მაისს ქალაქ სმირნის მთავარ მოედანზე თავი მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1