წმინდა მოწამე ასკალონი (+დაახლ. 287) - 20 მაისი (2 ივნისი)
წმინდა მოწამე ასკალონი (+დაახლ. 287) - 20 მაისი (2 ივნისი)

წმინდა მოწამე ასკალონი დაიბადა შუა ეგვიპტეში, ქალაქ დიდ ერმოპოლისში. წმინდანი უფლისთვის ეწამა დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის ჟამს.

იგი შეიპყრეს და მმართველ არიანეს მიჰგვარეს. ასკალონმა თამამად აღიარა ქრისტიანობა და უარი განაცხადა წარმართთა ღმერთებისთვის მსხვერპლშეწირვაზე. წმინდანმა თავის განმსჯელ არიანესაც უწინასწარმეტყველა: დადგება დრო, როცა თვითონაც აღიარებ უფალ იესო ქრისტეს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად. არიანეს ბრძანებით, ასკალონი სასტიკად აწამეს, ხეზე დაჰკიდეს და რკინის იარაღებით იმგვარად დასერეს, რომ ხორცის ნაფლეთები მიწაზე ცვიოდა. წმინდანი მდუ-მარედ დაითმენდა ტკივილებს. ერთ-ერთი ჯალათი მოწამესთან მივიდა, შეხედა და თქვა: "შეხედეთ, მან გრძნობა დაკარგა და სიკვდილის პირასაა მისული". წმინდანმა თვალები გაახილა და უპასუხა: "მე გრძნობა არ დამიკარგავს, მოუკლებლად განვადიდებ ჩემს შემოქმედ ღმერთს".

არიანე ნილოსის გაღმა, ქალაქ ანტინუსში აპირებდა წასვლას და ბრძანა, ასკალონიც თან წამოეყვანათ.

მაშინ წმინდა ასკალონი უფალს შეევედრა, მთავრის ნავი იმდენხანს გაეჩერებინა მდინარეში, ვიდრე არიანე ხალხის წინაშე არ აღიარებდა იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად, ყოვლის შემოქმედად. აი, შეცურეს შუა ნილოსში და არიანეს ნავი გაჩერდა. მენიჩბეებმა ვერანაირი ძალით ვერ დაძრეს ადგილიდან. არიანემ ეს სასწაული ასკალონის გრძნეულობას მიაწერა, მაგრამ მაინც მოუხდა დაფაზე დაეწერა, რომ იესო ქრისტეს აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთად. მაშინ ნავი ამოძრავდა.

განრისხდა არიანე და მომხდარი სასწაული ასკალონის ჯადოქრობას მიაწერა. ქალაქში ჩასულმა კვლავ ბრძანა მისი წამება. იგი კვლავ ხეზე ჩამოჰკიდეს, სხეულს ცეცხლით უწვავდნენ, შემდეგ კი მმართველმა მდინარეში ჩაახრჩობინა. წმინდა ასკალონმა იქვე მყოფ ქრისტიანებს მიმართა: "ესწრაფეთ, ძმანო, უფლის წყალობის მისაღებად. ჩემი სიკვდილიდან მესამე დღეს ქალაქის ჩრდილოეთში მოდით, და იქ იპოვით ჩემს ცხედარს, ზედ გამობმულ ქვასთან ერთად, და ასევე დამმარხეთო. წმინდანი 287 წელს წარვიდა უფალთან. მესამე დღეს ქრისტიანებმა წმინდა-ნისაგან მითითებულ ადგილას იპოვეს მოწამე ასკალონის ქვაგამობმული ცხედარი და მისი ანდერძისამებრ ქვიანად დაასაფლავეს.

 

ბეჭდვა
1კ1