წმინდა მოწამენი - თალალე, ალექსანდრე და ასტერი (+284) - 20 მაისი (2 ივნისი)
წმინდა მოწამენი - თალალე, ალექსანდრე და ასტერი (+284) - 20 მაისი (2 ივნისი)
იმპერატორ ნუმერიანეს მეფობის (283-284) დროს ქალაქ ეგეს მთავარმა მეომრები გაგზავნა ქრისტიანთა მოსაძებნად, მასთან მიიყვანეს 18 წლის ქერათმიანი ჭაბუკი თალალე. დაკითხვაზე ყმაწვილმა განაცხადა: "მე ვარ ქრისტიანი, ლიბანელი. მამაჩემი - ბერუკი მხედართმთავარი იყო, დედას რომელეა ჰქვია. მყავს იპოდიაკონი ძმა. მე ექიმობა შევისწავლე მკურნალ მაკარისგან. ქრისტიანთა დევნის ჟამს უდაბნოში გავიქეცი, მაგრამ შემიპყრეს და მმართველ ტიბერიუსთან მიმიყვანეს, მაწამეს, მაგრამ ქრისტეს სახელი ვაღიარე, ღვთის შეწევნით გავიქეცი და ახლა შენს ხელში ვარ. აწ ჰქმენით ჩემ ზედა, რაცა გსურთ. მე მზად ვარ სიხარულით დავითმინო სიკვდილი სახელისათვის უფლისა ჩემისა იესო ქრისტესა".

განრისხებულმა მთავარმა ორ ჯალათს - ალექსანდრეს და ასტერს - უბრძანა, წვივები გაეხვრიტათ მოწამისთვის, შიგ თოკი გაეყარათ და ხეზე ჩამოეკიდათ. ღვთის განგებით ჯალათებმა შეიბრალეს ახალგაზრდა თალალე, მათ ხის კუნძი გახვრიტეს და ხეზე ისე ჩამოკიდეს, ანუ ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს. მმართველმა ეს რომ დაინახა, ჯალათებზე განრისხდა და მათი სასტიკად ცემა ბრძანა. მაშინ წმინდა ალექსანდრემ და ასტერმა ხმამაღლა თავი ქრისტიანებად გამოაცხადეს და ყოვლის შემოქმედი ღმერთი ადიდეს. გამგებლის ბრძანებით მათ იმწუთას თავები მოჰკვეთეს. მერე კი სცადა თალალესთვის წვივევი გაეხვრიტა, მაგრამ ღვთის ნებით ეს ვერ შეძლო, მაშინ წმინდანი ზღვაში დაახრჩვეს.

წმინდა თალალეს დასახრჩობად წასული მსახურები დაბრუნდნენ და გამგებელს მოახსენეს, - ბრძანება შევასრულეთო. ამ დროს თეთრად მოსილი წმინდა თალალე წარმოუდგათ. "ზღვაც კი მოაჯადოვაო", - იყვირა გაოგნებულმა გამგებელმა. ერთ-ერთმა იქ მყოფმა მოგვმა, ურბიკიანემ, მთავარს ურჩია, მხეცებისთვის მიეგდო წმინდანი, მაგრამ არც მძვინვარე დათვმა, არც მშიერმა ლომმა პირი არ დააკარეს, ფეხებთან მიუწვნენ და ლოკავდნენ. გაოცებული ხალხი გაიძახოდა: "დიდია ქრისტიანეთა ღმერთი, თალალეს უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ!" ბრბომ შეიპყრო ურბიკიანე და მხეცებს მიუგდო, მათ იმწამსვე გაგლიჯეს მოგვი. სხვა რომ ვეღარაფერი მოიგონა, მმართველმა ბრძანა, წმინდა თალალე მახვილით მოეკლათ. გაიყვანეს დასასჯელ ადგილას, რომელსაც ედესას ეძახდნენ. ეს მოხდა 284 წელს. წმინდანმა ილოცა, ხოლო შემდეგ ქედი შეუშვირა მახვილს. მისი წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლის აღათონიკეს ტაძარშია დასვენებული და მრავალ სასწაულს აღასრულებს. წმინდა თალალე ეკლესიის მიერ შერაცხილია უვერცხლო მკურნალად. მას მიმართავენ ლოცვით ზეთის კურთხევისა და აიაზმის (წყლის კურთხევის) დროს. ამბობენ, რომ მისი დასჯის ადგილას ხე ამოვიდა, რომლის ნაყოფი და ფოთოლი ათასგვარი სნეულებისგან ჰკურნავდა ხალხს და თითქოს ამით ერთგვარად წმინდა თალალეს საქმეს აგრძელებდა.

ბეჭდვა
1კ1