კანტარელი ღირსმოწამენი: იღუმენი იოანე, კონონი, ბარნაბა, გენადი, გერასიმე, გერმანე, თეოქტისტე, იერემია, იოსები, მარკოზი, კირილე, თეოგნოსტე, მაქსიმე - ლათინთაგან ვნებულნი (+1234) - 19 მაისი (1 ივნისი)
კანტარელი ღირსმოწამენი: იღუმენი იოანე, კონონი, ბარნაბა, გენადი, გერასიმე, გერმანე, თეოქტისტე, იერემია, იოსები, მარკოზი, კირილე, თეოგნოსტე, მაქსიმე - ლათინთაგან ვნებულნი (+1234) - 19 მაისი (1 ივნისი)
1220 წლებში, როცა კვიპროსის რომაელმა კათოლიკე მმართველებმა მართლმადიდებლების დევნა გააძლიერეს, კუნძულზე მცირე აზიის ქალაქ კალონ ოროსის მონასტრიდან ჩამოვიდნენ მამა იოანე და კონონი დამხმარე მათესთან (მონაზვნობაში მარკოზი) ერთად, რათა ერთმორწმუნენი სულიერად გაემხნევებინათ. მათ შეუერთდა კვიპრელი თეოდორე (ბერობაში თეოქტისტე). ისინი თავიდან მახერას და ქრიზოსთომოს მონასტრებში მოღვაწეობდნენ, ბოლოს კი კანტარის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში და¬სახლდნენ. მათ მოსაგრე ცხოვრებაზე ხმა გავარდა და უამრავი ქრისტიანი მოდიოდა მათთან სულიერი ნუგეშისათვის.

ლევკოსიის რომაელ-კათოლიკე მთავარეპისკოპოს ევსტორგის შეეშინდა, რომ წმინდა მონაზვნებს მისი ჩანაფიქრისთვის ხელი არ შეეშალათ, და მათთან ორი ელჩი გააგზავნა, რომელთაც სცადეს მონაზვნები დაერწმუნებინათ, ევქარისტია უფუარ პურზე აღესრულებინათ. იღუმენმა იოანემ მათ უთხრა, აგერ ცალკე ჩაატარეთ ლიტურგია, ხოლო წირვის შემდეგ შევიდეთ ანთებულ ღუმელში და გამოჩნდება ვისი რწმენაა მართალიო. ლათინებმა უარი განაცხადეს და მონასტერი დატოვეს.

ის ღამე კანტარელმა მონაზვნებმა ლოცვაში გაატარეს, დილით კი ლავკისიაში გაემგზავრნენ. როცა მათი მოსვლა გაიგო, ევსტროგიმ ბრძანა ბერები მის მდიდრულ რეზიდენციაში შეეყვანათ, სადაც ეპისკოპოსის ახლობლებიც შეკრებილიყვნენ. დაიწყეს კამათი. ლათინების ყველა არგუმენტს წმინდა იოანე და მისი თანამგზავრები ისე დამაჯერებლად უპასუხებდნენ, რომ ლათინებს სიტყვის მიგება აღარ ძალუძდათ. განრისხებულმა ეპისკოპოსმა მათი გამათრახება და საპყრობილეში ჩაყრა ბრძანა. სამი წელი გაატარეს მათ მყრალ ნესტიან ციხეში, სადაც დარაჯები ამცირებდნენ, ხშირად სცემდნენ და პურსაც მცირეოდენს აძლევდნენ. მაგრამ წმინდა მოწამენი უარყოფდნენ ეპისკოპოსის შეთავაზებას.

პატიმრობის მეორე წლის დასაწყისში ისინი კვლავ მიიყვანეს ევსტორგისთან, ისინი უფრო მხნედ პასუხობდნენ. მაშინ ღირსი მამანი საწამებლად ჯალათებს გადასცეს. წამების დროს წმინდა თეოგნისტე აღესრულა, მისი სხეული კი დაწვეს.

მესამე წელს მოწამენი წარდგნენ ევსტორგის თანაშემწე ინკვიზიტორ ანდრიას წინაშე. მათ მან ურჩობის შემთხვევაში სიკვდილით დასჯის ბრძანება აჩვენა, მაგრამ ამან ვერ შეარყია მოწამეთა რწმენა. სამი დღის შემდეგ ანდრიას ბრძანებით წმინდანები ფეხებით ცხენზე გამოაბეს, და ქუჩა-ქუჩა ათრიეს. შემდეგ ცოცხალ-მკვდრები ცეცხლში ჩაყარეს. წმინდა იოანე ცეცხლშიც განაგრძობდა ლოცვას, მას თავში კომბალი ჩაარტყეს. წმინდა მოწამეთა ფერფლი კი მიმოფანტეს. ეს მოხდა 1231 წელს.

ღმერთმა სასჯელი მიაგო მოწამეთა ჯალათს. ინკვიზიტორი ანდრია შემდგომში ესპანეთში აბილის ეპისკოპოსი გახდა. ერთხელ, ბუხართან ჩაძინებულს ცეცხლი მოეკიდა და ცოცხლად დაიწვა.


ბეჭდვა
1კ1