ნეტარი მუზა ქალწული (V) - 16 (29) მაისი
ნეტარი მუზა ქალწული (V) - 16 (29) მაისი
ნეტარი მუზა ქალწული (V ს.) ზნეკეთილობით გამოირჩეოდა. წმინდა გრიგოლ დიოლოღოსმა მის შესახებ არქიდიაკონ პეტრეს მოუთხრო ის, რაც წმინდანის ძმისგან, პრობისგან გაეგონა: ერთ ღამეს მუზას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მარადის ქალწული მარიამი გამოეცხადა და თავისი თანატოლი თეთრად შემოსილი ნორჩი ქალწულები აჩვენა. მუზას მათთან მისვლა უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედა. მარადის ქალწულმა მარიამმა ჰკითხა:

- გინდა მათთან ერთად იცხოვრო და მე მემსახურო?

- მინდა, - მიუგო მუზამ ღვთისმშობელს, რომელმაც მაშინვე მცნებად მისცა:

- ამიერიდან ნუღარ მოიქცევი ბავშვურად და ქარაფშუტულად, თამაშისა და სიცილისგან თავი შეიკავე. ოცდამეათე დღეს ჩემთან მსახურებისთვის მოხვალ და იმათთან ერთად იქნები, რომლებიც იხილე.

ამის შემდეგ გოგონას საქციელი სრულიად შეეცვალა. თავი ანება ბავშვურ სიცელქეს და მკაცრად იწყო ცხოვრება. მშობლები გაოცდნენ მისი ასეთი ცვლილებით და მიზეზი ჰკითხეს. მუზამ მოუყვა ყოველივე და ისიც, რომელ დღეს წავიდოდა უფლის დედის სამსახურში. ოცდამეხუთე დღეს ყრმა ავად გახდა. ოცდამეათე დღეს, როცა მისი აღსასრულის ჟამი მოახლოვდა, მუზამ იხილა მისკენ მომავალი ღვთისმშობელი, იმ ყრმა ქალწულებთან ერთად, ადრევე რომ ნახა. ღვთისმშობლის ძახილზე კეთილმოკრძალებით თვალდახრილმა ხმამაღლა თქვა:

- მოვდივარ, ჩემო ქალბატონო, მოვდივარ, ჩემო ქალბატონო.

ამ სიტყვებით განუტევა სული, გამოვიდა ქალწულებრივი სხეულიდან, რათა წმინდა ქალწულებთან დასახლებულიყო.

ნეტარი მუზა ქალწული V საუკუნეში გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1