წმინდა მოწამე გლიკერია ქალწული და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველი (+177) - 13 (26) მაისი
წმინდა მოწამე გლიკერია ქალწული და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველი (+177) - 13 (26) მაისი
წმინდა მოწამე გლიკერია ქალწული და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველი (+177) მოწამებრივად აღესრულნენ ქრისტეს აღსარებისათვის იმპერატორ ანტონინეს (138-161) დროს. წმინდა გლიკერია არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა მაკარი ქალაქ რომის მმართველი იყო, შემდგომ თრაკიის ქალაქ ტრინოპოლში გადასახლდა. გლიკერია ადრე დაობლდა. ქრისტიანებთან დაახლოებამ ქალწული ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. იგი ყოველდღე დადიოდა ღვთის ტაძარში. ქალაქის მმართველმა საბიანემ მიიღო იმპერატორის ბრძანება, ქრისტიანებისთვის მოეთხოვა წარმართული მსხვერპლშეწირვის წესის შესრულება. მანაც დანიშნა დღე ზევსის კერპის საყოველთაო თაყვანისცემისათვის. წმინდა გლიკერიამ მტკიცედ გადაწყვიტა, ქრისტესთვის აღსრულებულიყო, ქრისტიანებს გაუმხილა თავისი წადილი და სთხოვა, ელოცათ მისთვის.

ზევსის დღესასწაულზე შუბლზე ჯვარგამოსახული ქალწული სამსხვერპლოში გამოცხადდა. წმინდანი მზით განათებულ ადგილზე დადგა, თავსაბურავი მოიხსნა და ყველას დაანახვა შუბლზე გამოსახული წმინდა ჯვარი. ქრისტეს ტარიგი მხურვალედ ევედრებოდა უფალს წარმართთა გონზე მოყვანას და ზე¬ვსის ქვის კერპის დამსხვრევას. მოულოდნელად გრუხუნი გაისმა. ზევსის ქანდაკება მიწაზე დაემხო და დაიმსხვრა. გამძვინვარებულმა საბიანემ და ქურუმებმა ხალხს უბრძანეს, ქვებით ჩაექოლათ გლიკერია, მაგრამ ქვები ვერ აღწევდა წმინდანამდე - უფალი იცავდა თავის რჩეულს. ქრისტეს აღმსარებელი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ქრისტიანმა მღვდელმა ფილოსტრატემ მოინახულა და გაამხნევა იგი.

დილით ქალწული საწამებლად გამოიყვანეს. როცა წამება დაიწყო, ჯალათთა შორის უეცრად ანგელოზი გამოჩნდა. ყველანი შიშით ზარდაცემულნი, მიწაზე განერთხნენ. როცა ჩვენება გაქრა, საბიანეს ბრძანებით წმიდანი საპყრობილეში ჩააბრუნეს, კარები მტკიცედ დაუგმანეს და მმართველის პირადი ბეჭდით დაბეჭდეს. პყრობილობის მანძილზე წმინდა ქალწულთან უფლის ანგელოზს მოჰქონდა პური და წყალი. მრავალი დღის შემდეგ საბიანემ თვითონ გახსნა ბეჭედი, შევიდა საკანში და გაოგნდა, როცა ცოცხალი და საღ-სალამათი წმინდანი იხილა. საბიანე ირაკლიაში წავიდა და წმინდა გლიკერიაც თან წაიყვანა. წმინდანს წინ შემოეგება ირაკლიის ეპისკოპოსი დომენტი კრებულთან ერთად და ილოცეს მისი განმტკიცებისათვის.

ირაკლიაში წმინდა გლიკერია გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლი ჩაქრა და ღუმელიც გაცივდა. მრისხანებისაგან გონდაკარგულმა მმართველმა ბრძანა, ქალწულისთვის ტყავი გაეძროთ. სასწაულებრივად შუაღამეს უფლის ანგელოზი გარდამოხდა ზეცით და წყლულები გაუმთელა მოწამეს. დილით დილეგის მცველმა ვერ იცნო წმინდა გლიკერია, ეგონა, რომ ტუსაღი გაექცა და დასჯის შიშით თავის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ წმინდანმა შეაჩერა. სასწაულით შეძრულმა ლაოდიკემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და წმიდანს შეევედრა, ელოცა მისთვის, რომ თვითონაც მასთან ერთად აღსრულებულიყო უფლის სადიდებლად. "შეუდექ ქრისტეს და ცხონდები", - უპასუხა წმინდა ქალწულმა. ლაოდიკემ წმინდა გლიკერიას ბორკილები თვითონ დაიდო, სამსჯავროზე მმართველს და დამსწრეებს მოუთხრო ანგელოზის მიერ წმინდა ქალწულის განკურნებაზე და საჯაროდ აღიარა ქრისტე. ღვთის რჩეულს სასწრაფოდ მოჰკვეთეს თავი. ქრისტიანებმა მალულად წაასვენეს მისი ცხედარი და პატივით დაკრძალეს.

წმინდა გლიკერია მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ლომმა მორჩილებით აულოკა მას ფეხები. წმინდანი შეევედრა უფალს, მიეღო მისი სული. ზეციდან კი გაისმა ხმა, მაუწყებელი იმისა, რომ სასუფევლის კარი განხმული იყო ქრისტეს სასძლოსთვის. ამ დროს გალიიდან მეორე ლომიც გამოუშვეს. მან მოაკვდინა წმინდანი, მაგრამ არ დაუგლეჯია. ეპისკოპოსმა დომენტიმ და ირაკლიელმა ქრისტიანებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა მოწამე გლიკერია. მალე მისი წმინდა ნაწილებიდან მაკურნებელმა მირონმა იწყო დენა.

"წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ.

კონდაკი

ქალწული ღვთისმშობელი შეიყუარე და დაიცევ უხრწნელად ქალწულებაი შენი, ხოლო გულსმოდგინე იქმენ უფლისა სიყვარულითა და მხნედ ივნე მამაკაცებრივ ვიდრე სიკუდიმდე; ამისთვის მრჩობლითა გვირგვინითა გვირგვინოსან-გყო შენ ქრისტემან ღმერთმან, ქალწულმოწამეო გლიკერია.

ბეჭდვა
1კ1