წმინდა მოწამე არგიროსი (+1806) - 11 (24) მაისი
წმინდა მოწამე არგიროსი (+1806) - 11 (24) მაისი
წმინდა არგიროსი დაიბადა 1788 წელს მაკედონიის ქალაქ აპანომიაში. მისი მშობლების შესახებ არაფერი ვიცით. ადრეული წლებიდანვე ის თესალონიკში გადავიდა საცხოვრებლად და სამკერვალო საამქროში დაიწყო მუშაობა. არგიროსი ღვთის მოშიში ყმაწვილი იყო, თავისი ღვთისმოსაობის გამო უფალმა ის მოწამის გვირგვინით დააჯილდოვა.

ერთი სოხოსელი ქრისტიანი ვალის გადაუხდელობის გამო ფაშას საპყრობილეში ჰყავდა ჩაგდებული და ჩამოხრჩობით ემუქრებოდა. შეშინებული ქრისტიანი დაჰპირდა, რომ ისლამს მიიღებდა. ის ციხიდან გამოუშვეს და წინადასაცვეთად ერთ ტრაქტირში მიიყვანეს.

წმინდა არგიროსმა ეს რომ გაიგო, საღმრთო შურით აღივსო, უშიშრად შევიდა ტრაქტირში, სადაც ის უბედური ქრისტიანი მუსლიმანთა გარემოცვაში იმყოფებოდა, ბრბოში გააღწია, ქრისტეს უარმყოფლის წინ დადგა და უთხრა:

- რა ქენი, ძმაო, რატომ უარყავი ქრისტე, ჩვენი შემოქმედი და მაცხოვარი? დროებითი სიკვდილის თავდასაღწევად საკუთარ სულს ჯოჯოხეთში რად აგდებ, სადაც საუკუნო და დაუსრულებელი სიკვდილია? გონს მოდი, ძმაო, შეინანე, კვლავ ქრისტე აღიარე. შესაძლოა შენ სიკვდილის გეშინია? დაღვარე სისხლი ქრისტეს გულისთვის, ჩვენ ხომ მოვალენი ვართ, თუ საჭირო გახდება, მისი სიყვარულისთვის მოვკვდეთ, რადგან პირველი ის მოკვდა ჩვენი სიყვარულისთვის.

ამის თქმა იყო და ეს შეიარაღებული ბრბო მას ეცა და ცემით დააწყლულეს. ალბათ მოკლავდნენ კიდეც, მისი ისლამზე მოქცევის აზრი რომ არ გასჩენოდათ. ხმლებით და პისტოლეტებით ხელში გარს შემოერტყნენ და უთხრეს: - თქვი, რომ ისლამს მიიღებ, თორემ სიკვდილი არ აგცდებაო.

წმინდანმა უთხრა: - ქრისტიანი ვარ და ჩემს რწმენაზე უარს არ ვიტყვი, რაც უნდა გამიკეთოთ, დიდებად და პატივად ვთვლი ქრისტესთვის სიკვდილს და ძალზე მსურს ჩემი უფლისთვის მოვკვდეო.

როცა მუსლიმანებმა მისი სიმტკიცე იხილეს, მსაჯულთან მიიყვანეს და ისიც, ხან დაყვავებით, დაპირებებით და ხანაც მუქარით აიძულებდნენ რწმენის ღალატს, მაგრამ, მასზე ვერაფერმა იმოქმედა და დასისხლიანებული მოწამე დილეგში ჩააგდეს. ორი დღის შემდეგ ისევ მიიყვანეს მსაჯულთან და სიკვდილით დასჯის ნებართვა სთხოვეს. მაგრამ მსაჯული წმინდანს სიკვდილის ღირსად არ თვლიდა:

- თითოეულ სარწმუნოებას ასეთი მხურვალე აღსარება სჭირდება, თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ასეთი გულმოდგინება და სიყვარული საკუთარი რწმენისადმი, როგორიც ამ წმინდანმა აჩვენა. მაგრამ, თუ თქვენ მართლა მოშურნენი ხართ საკუთარი რწმენისა, მაშინ მისი უდანაშაულოდ სიკვდილი კი არ უნდა გინდოდეთ, არამედ ეცადეთ, ჩვენს რწმენაზე მოაქციოთ.

აგარიანები აღშფოთდნენ:

- როგორ შეგიძლია ჩვენი რწმენის მტერის გამართლება? ანდა იქნებ ფიქრობ, რომ სიკვდილის ღირსი არ არის ის, ვინც ჩვენს რწმენას შეურაცხყოფს?

მსაჯული მცირე ხნით ჩაფიქრდა და უპასუხა:

- რადგან ჩვენს რწმენას შეურაცხყოფდა, დამნაშავეა და მისი ჩამოხრჩობის ნებას გაძლევთ.

1806 წლის 11 მაისს ერთ ადგილას, რომელსაც კამპანას ეძახდნენ, აგარიანებმა წმინდა არგიროსი ჩამოახრჩვეს და ისიც შეუერთდა ქრისტეს მოწამეთა ზეციურ დასს. წმინდა არგიროსის აღსასრულის შემდეგ მის წმინდა სხეულს წამების კვალი არ ეტყობოდა და გეგონებოდა, ახლა მიიძინაო.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1