წმინდა მოწამენი ტიმოთე და მავრა (დაახლოებით 286 წელი) - 03 ( 16) მაისი
წმინდა მოწამენი ტიმოთე და მავრა (დაახლოებით 286 წელი) - 03 ( 16) მაისი
წმინდა ტიმოთე III-IV საუკუნეთა გასაყარზე მოღვაწეობდა და წარმოშობით ეგვიპტური თებედან გახლდათ. ტაძარში წიგნისმკითხველად მსახურობდა და ადამიანებს რწმენაში განამტკიცებდა.

როდესაც დიოკლეტიანემ ქრისტიანთა დევნა იწყო, ტიმოთე მაშინვე დაასმინეს, - ახალ რელიგიას ქადაგებსო, მავრასთან ქორწინებიდან მეოცე დღეს კი თებეს პრეფექტის, არიანეს სასამართლოს წინაშე წარადგინეს, რომელმაც ტიმოთეს საეკლესიო წიგნთა გადაცემა უბრძანა.

წმინდანმა ამ სიტყვებით უპასუხა:

- როგორც მამა არ გაიმეტებს მოსაკვდინებლად საკუთარ შვილებს, ისე დავდებ თავს ამ წიგნებზე და მიჯობს, მოვკვდე, ვიდრე - დასაწვავად მოგცე!

განრისხებულმა არიანემ ტიმოთესათვის ყურებში გავარვარებული რკინის ჩხირები გაეყარათ, რის შედეგადაც ყურების დაუზიანდა და თვალის კაკლები მიწაზე გადმოსცვივდა.

თუმცა, ეს სასჯელი არ აკმარეს, ლურსმნებიან ბორბალზე დააკრეს, რომელიც სხეულს უფლეთდა, თუმცა, ტიმოთე ღვთის მადლით კვლავ მრთელდებოდა და უარეს სალმობას ღვთის დიდებით დაითმენდა.

დესპოტმა მისი საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა და მეუღლეს, მავრას უხმო, - ეგებ, მან მაინც მოსდრიკოს და გადმოაჩვენიანოსო.

ქალმა თავიდან ლიქნით სცადა ქმრის დაყოლიება, რამეთუ არ სურდა, ახლადშერთული მეუღლის დაკარგვა, თუმცა, ტიმოთესთან ხანმოკლე საუბრის შემდგომ ბნელი ჯურღმულიდან ტიმოთესებრ გულანთებული გამოვიდა, მსაჯულს წარუდგა და მოახსენა:

- თავადაც ქრისტეს ვესავ და მზად ვარ, მისთვის სიკვდილი მივიღოო!

მტარვალმა არიანემ ქალისთვის ჯერ თმის, შემდეგ კი - თითების მოჭრა ბრძანა, რის შემდგომაც მავრა ადუღებულ წყალში შთააგდეს. თუმცა, ღვთის შეწევნით, ქალი ამ საზარელ სასჯელს უვნებელი გადაურჩა და მსაჯულს კადნიერად უთხრა:

- შენს მიერ დაგზნებული ცეცხლი ფრიად სუსტია, თუ შეშა შემოგაკლდა, ჩემს მშობლებთან წარგზავნე ხალხი და შეშას ისინი მოგაშველებენო!

ამ ამბით გაოცებულმა არიანემ თავად შეამოწმა წყლის მცხუნვარება და სხეულის ნაწილი ისე დაითუთქა.

მაშინ ქალის მაშხალებით დადაღვა და დაწვა ინება, თუმცა, მავრა კვლავაც უვნებელი დარჩა.

გაცოფებულმა არიანემ სხვა ვეღარაფერი მოიფიქრა, თუ არა ცოლ - ქმრის ჯვარზე გაკვრა და ასე დატოვება.

ასე ევნენ, მსგავსად ქრისტესი, წმინდა მარტვილნი და ერთურთს სიტყვით განამტკიცებდნენ.

მეცხრე დღეს, მათი მოთმინებით და სიმტკიცით ძლეულმა, გაცოფებულმა ეშმაკმა ადამიანის სახე მიიღო და მავრას თაფლიანი რძის შესმა შესთავაზა, თუმცა, წმინდა დედამ ლოცვით უკუაგდო იგი.

მაშინ მოწამეს ღვთის ანგელოსი გამოეცხადა, ზეციური სანახები მიმოატარა და ის ალაგი აჩვენა, რომელიც მისთვის და მისი მეუღლისთვის იყო განმზადებული.

მავრამ ყოველივე აუწყა ტიმოთეს, მოკლე ხანში კი, მეათე დღეს, ორივემ დიდებისმეტყველებით შეჰვედრა სული უფალს.

ქრისტიანებმა მათი სხეულები გამოისყიდეს და პატივით დაკრძალეს. წმინდა მარტვილთა ლოცვით მრავალმა მიიღო კურნება.


კონდაკი: მრავალ სახენი წყლულებანი დაითმინენითა და გვირგვინი ღმრთისა მიერ მოიხვენით, იოხეთ ჩუენთვისცა უფლისა მიმართ სახსენებელთა თქუენთა საღმრთოთა აღმასრულებელთათვის, ყოვლად დიდო ტიმოთე და დიდებულ მავრა, რაითა მშვიდობით დაიცვას ქალაქი და ერი, რამეთუ იგი თავადი არს სიმტკიცე მორწმუნეთა.

ბეჭდვა
1კ1