აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა კეთილმორწმუნეთა რუსეთის მთავართა ბორისისა და გლებისა, წმიდა ნათლისღებით რომანოზისა და დავითისა (1072 და 1115) - 02 (15) მაისი
აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა კეთილმორწმუნეთა რუსეთის მთავართა ბორისისა და გლებისა, წმიდა ნათლისღებით რომანოზისა და დავითისა (1072 და 1115) - 02 (15) მაისი
კეთილმორწმუნე მთავარნი, ბორისი და გლები (წმინდა ნათლისღებით - რომანოზი და დავითი) მოციქულთასწორი მთავრის, ვლადიმირის (ხსენება 15 ივლისს) შვილები იყვნენ და სიყრმიდანვე კეთილმსახურებით გამოირჩეოდნენ.

ვლადიმირმა თავისსავე სიცოცხლეში დაუნაწილა მიწები ვაჟიშვილებს: ბორისს რიაზანის სამთავრო ერგო, გლებს კი - მურომისა. ძმები დაუცხრომლად იღვწოდნენ ქრისტიანობის განსამტკიცებლად.
\
1015 წელს, წმიდა ვლადიმირის ნეტარი აღსასრულის შემდეგ, დიდი სამთავრო მისმა შვილობილმა, რუსეთის ისტორიაში "წყეულის" სახელით ცნობილმა სვიატოპოლკმა დაისაკუთრა და წმიდა ძმების მოკვლა განიზრახა.

სწორედ ამ დროს მომხდურ პაჭანიკებთან ბრძოლიდან მობრუნებული წმიდა ბორისი თავისი რაზმით მდინარე ალტასთან იყო დაბანაკებული. სვიატოპოლკმა ბორისს ელჩები მიუგზავნა, მამის გარდაცვალება ამცნო და ურთიერთსიყვარულისკენ მოუწოდა, მაგრამ მის ჩამოსაშორებლად მკვლელები დაიქირავა.

24 ივლისის ღამეს ბოროტგანმზრახველები წმიდა მთავრის კარავთან მიიპარნენ, მაგრამ კარიდან ფსალმუნთა გალობა მოესმათ და გადაწყვიტეს, დაეცადათ, სანამ ბორისი დასაძინებლად დაწვებოდა.

მკვლელები თავს დაესხნენ წმინდანს და მახვილით დასერილი სვიატოპოლკს მიჰგვარეს.

როდესაც ამ უკანასკნელმა შეიტყო, რომ ძმა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მის მოსაკვდინებლად ხალხი აფრინა.

წმიდა მთავრის ცხედარი ფარულად გადაასვენეს ვიშგოროდში, კიევიდან თხუთმეტი ვერსის მოშორებით და წმიდა ბასილის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.

ბორისის მკვლელობის შემდეგ სვიატოპოლკმა საიმდროოდ სმოლენსკის მახლობლად მყოფ გლებთან მალემსრბოლნი აფრინა და თითქოსდა მძიმე სენშეყრილ მამასთან უხმო.

გლებიც გულდანდობილად გაეშურა მშობლისგან უკანასკნელი კურთხევის მისაღებად, მაგრამ მკვლელები წამოეწივნენ და მახვილებით მოუსწრაფეს სიცოცხლე, მისი ცხედარი კი იქვე, მდინარე სმიადინის პირას მიაგდეს და ზედ ფიჩხები დააყარეს.

უფლის რჩეულის წმიდა ნეშტის ადგილსამყოფელი ზეციური სასწაულით გაცხადდა: - ხან ნათლის სვეტი დაადგებოდა ხოლმე, ხან კი - გამვლელთ და მწყემსებს ანგელოზთა ტკბილი გალობა ესმოდათ. სმოლენსკელებმა ამას ყურადღება მიაქციეს, გლების ცხედარს მიაკვლიეს და პატივით გადაასვენეს თავიანთ ქალაქში.

იაროსლავმა გლების წმიდა ნაწილნი ვიშგოროდში გადაასვენა და წმიდა ბასილის სახელობის ტაძარში ბორისის გვერდით დაკრძალა.

მოგვიანებით იაროსლავის ძემ, იზიასლავმა წმიდა მთავართა სახელობის ახალი ტაძარი ააგო და 1072 წლის 2 მაისს მათი უხრწნელი ნაწილებიც იქ გადააბრძანა.

ბეჭდვა
1კ1