ღირსმოწამენი: ექვთიმე, ეგნატე და აკაკი ათონელნი - 01 (14) მაისი
ღირსმოწამენი: ექვთიმე, ეგნატე და აკაკი ათონელნი - 01 (14) მაისი
წმინდა აკაკი XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და თესალონიკის სიახლოვეს მდებარე სოფელ ნეოქორიონში დაიბადა.

ცხრა წლისა ერთ მეწაღეს მიაბარეს შეგირდად, სასტიკ და შეუბრალებელ ადამიანს, რომელიც აკაკის დაუნდობლად სცემდა და გამუდმებით საყვედურობდა.

წითელ პარასკევს, მორიგი ცემის შემდეგ ბავშვი ოსტატს გაექცა, რის შემდეგაც ორმა მუსულმანმა ქალმა შეიფარა.

ქალებმა იმდენი ქნეს, აკაკი დაარწმუნეს, - ისლამი მიიღეო, წინადაცვეთის შემდგომ კი ერთმა თურქულმა ოჯახმა იშვილა.

ჩვიდმეტი წლისა რომ შესრულდა, იმ ოჯახის დიასახლისი მისდამი ბილწი ვნებით აღივსო, ხოლო ოდეს უარი მიიღო, გონი დაკარგა და გაავებულმა ქმრის წინაშე ცილი დასწამა, - გაუპატიურებას მიპირებდაო.

აკაკი მყისვე გამოაძევეს, რის შემდეგაც კვლავ ღვიძლ მშობლებთან დაბრუნება და ჭეშმარიტი რწმენით შემოსვა გადაწყვიტა.

დედამისი დიდი სიხარულით შეხვდა და ურჩია, ათონს წასულიყო და იქ გამოეგლოვა თავისი განდგომა და ცოდვები.

დედაეკლესიას მირონცხებით კვლავ შეერთებულმა მართლაც ათონის ივერთა მონასტერს მიაშურა, სადაც მცირე ხნის წინ ქრისტესთვის ვნებული ექვთიმესა და ეგნატეს ამბავი შეიტყო, დიდბერ ნიკიფორეს სულიერი შვილებისა.

მაშინვე აღინთო ღვთისთვის სიკვდილის სურვილით და დიდბერს ამ ღვაწლისთვის კურთხევა გამოსთხოვა, თუმცა, რამოდენიმე დღის შემდგომ შიშმა შეიპყრო, გაიქცა და მონასტერ - მონასტერ იწყო ხეტიალი.

ბოლოს კვლავ სკიტს დაუბრუნდა და დიდმარხვისას, მოძღვრის კურთხევით, კვლავ მოწამებრივი ღვაწლისათვის იწყო მზადება.

აკაკი იმგვარი მოშურნეობით შეუდგა ამ გზას, მალე გამუდმებული ცრემლთაფრქვევით თვალნი ამოეწვა.

მცირე ხნის შემდგომ ხუცეს გრიგოლის თანხლებით კონსტანტინოპოლს წარგზავნეს, ქალაქის შესასვლელთან თურქი ზღვაოსანივით შეიმოსა და ვეზირთან მიყვანა ითხოვა.

იქ ჩალმა იატაკს დაანარცხა და ყველას თანდასწრებით აღიარა, - ქრისტეს დავუბრუნდიო!

ცოფქმნილი თურქები მაშინვე ეცნენ და თავი ჯურღმულს უკრეს, შემდეგ ლიქნით და დაპირებებით შეეცადნენ გადათავისიანება, თუმცა, არც სიტყვამ, არც დაპირებებმა და არც წამებამ მისი რწმენა ოდენ გააათმაგა.

მაშინ კი გაუწყდათ მოთმინების ძაფი ურჯულოებს და მცირე დაკითხვის შემდგომ სასიკვდილო განაჩენის აღსასრულებლად ადგილობრივ დმსაჯულს წარუდგინეს.

ხუცესმა გრიგოლმა, ღვთის ეწევნით, მოახერხა და აკაკი საპყრობილეში აზიარა, 1815 წლის 1-ლ მაისს კი მარტვილს თავი წარკვეთეს.

კონსტანტინოპოლის ქრისტიანებმა თანხა შეაგროვეს და წმინდა აკაკის სხეული გამოისყიდეს, ხუცესმა გრიგოლმა კი მისი წმინდა ნაწილნი ათონს, იოანე ნათლისმცემლის სახელობის სკიტს ჩააბრძანა და იმ ადგილას დაკრძალა, სადაც თავად ნეტარმა აკაკიმ მიუთითა ათონიდან კონსტანტინოპოლს გამგზავრების წინ.

მეოხ გვეყოს მისი წმინდა ლოცვანი ღვთის წინაშე!

* * *

ხსენება წმინდა მოწამისა ნინოსი (კუზნეცოვა, 1938 წელი)

ბეჭდვა
1კ1