წმინდა ცხრა კვიზიკელი მოწამე: თეოგნიდე, რუთე, ანტიპატრო, თეოსტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი (III) - 29 აპრილი (12 მაისი)
წმინდა ცხრა კვიზიკელი მოწამე: თეოგნიდე, რუთე, ანტიპატრო, თეოსტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი (III) - 29 აპრილი (12 მაისი)
ქალაქი კვიზიკია მდებარეობს მცირე აზიაში, დარდანელის სრუტის ნაპირზე. ქრისტიანობა აქ პირველად თვით პავლე მოციქულმა იქადაგა, მაგრამ წარმართთა დევნის გამო ქრისტიანთა ნაწილი ქალაქიდან გაიქცა, ნაწილი კი საიდუმლოდ აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს, ამიტომ III ს-ის ბოლოს კვიზიკია ძირითადად წარმართული ქალაქი იყო, თუმც იქვე ქრისტიანული ეკლესიაც არსებობდა. ცხრა გულმხურვალე ქრისტიანი წარმართი მსაჯულების წინაშე ქრისტიანობის საჯაროდ აღიარებისათვის და კერპთაყვანისმცემლობის დასაგმობად ჩავიდა ქალაქ კვიზიკიაში. მათი სახელებია: თეოგნიდე, რუთე, ანტიპატრო, თეოსტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი. ცხრავე სხვადასხვა ქალაქიდან იყო, სხვადასხვა ასაკისანი იყვნენ და სხვადასხვა მდგომარეობა ეკავათ საზოგადოებაში, თუმცა ყველას აერთიანებდა ქრისტეს სიყვარული. კვიზიკიაში ჩასულმა წმინდანებმა საჯაროდ აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და უშიშრად ამხილეს წარმართობა. მოწამეობისთვის განწირული ქრისტიანები მოუწოდებდნენ კვიზიკიის წარმართ მოსახლეობას, უარი ეთქვათ კერპთაყვანისმცემლობაზე, თაყვანი ეცათ ცოცხალი და ერთადერთი ღმერთისთვის, იესო ქრისტესთვის. ისინი შეიპყრეს და ქალაქის მმართველს მიჰგვარეს. ქრისტეს მხედრებმა საშინელი ტანჯვა-წამება დაითმინეს, ბოლოს კი მახვილით მოისრნენ (+დაახლ. 284-292). წმინდანები ქალაქის ახლოს დამარხეს.

გავიდა რამდენიმე წელი. იმპერიას სათავეში კონსტანტინე დიდი ჩაუდგა, შეწყდა ქრისტიანთა დევნა. ქრისტიანებმა გათხარეს წმინდანთა სამარხი, ამოასვენეს 9 მოწამის უხრწნელი გვამი და დაასვენეს მათ სახელზე აგებულ ტაძარში. წმინდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

ერთხელ მოწამეების წმინდა ნაწილებზე ხელის შეხებით წყალმანკისაგან განიკურნა ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი მამაკაცი. ასეთი შემთხვევების გამო მრავალი წარმართი მოექცა ქრისტეს რჯულზე.

იულიანე განდგომილის დროს წარმართებს სურდათ ამ ტაძრის დანგრევა და მის ადგილას საკერპო ბომონის აღდგენა, იმპერატორსაც მოახსენეს, იქ აღსრულებული სასწაულების შესახებ, მაგრამ იულიანემ რატომღაც თავი შეიკავა ტაძრის დანგრევისაგან.

ბეჭდვა
1კ1