მოწამეები: დადა, მაქსიმე და კვინტილიანე (+286) -28 აპრილი (11 მაისი)
მოწამეები: დადა, მაქსიმე და კვინტილიანე (+286) -28 აპრილი (11 მაისი)
იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის ჟამს ქრისტიანთა დევნისას მოწამებრივად აღესრულა სამი ძმა, დადა, მაქსიმე და კვინტილიანე. იმპერატორის ბრძანებით, მისმა თანაშემწეებმა ტრაკვინიუსმა და გავინიუსმა ქალაქ დოროსპოლში მდიდრული წარმართული ზეიმი მოაწყვეს, სადაც მრავალმა ხალხმა მოიყარა თავი ცრუღმერთების თაყვანსაცემად.

როცა ზეიმი დამთავრდა, იმპერატორის თანაშემწე ტარკვინიუსს ერთმა წარმართმა მოახსენა, რომ სამმა ძმამ - დადამ, მაქსიმემ და კვინტილიანემ, მისი განკარგულების საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა არ მიიღო წარმართულ მსხვერპლშეწირვაში. მმართველის ბრძანებით ძმები სასწრაფოდ შეიყრეს და იმპერატორის თანაშემწეებს მიჰგვარეს. მმართველებმა ქრისტიანი ძმების დაკითხვა დილისთვის გადადეს. დადამ, მაქსიმემ და კვინტილიანემ მთელი ღამე ლოცვაში გაატარეს, უფალს შესთხოვდნენ მიეცა ძალა მტერზე გამარჯვებისა.

დილით ტარკვინიუსმა და გავინიუსმა სამსჯავროზე წარდგენილი ძმების დაკითხვა დაიწყეს.

ძმების დანახვაზე ტარკვინიუსმა იკითხა: - ეს ადამიანები არ აღასრულებენ ჩვენს ბრძანებას და თვითნებურად აღიარებენ თავიანთ რწმენასო?

მმართველებმა სახელები ჰკითხეს ქრისტიან ძმებს.

- აღმსარებლობით ქრისტიანი ვარ, ისევე როგორც ჩემი ძმები. ჩემი სახელია მაქსიმე, - უპასუხა მმართველებს ერთ-ერთმა ძმამ.

- შენ აცხადებ, რომ არ ემსახურები ჩვენს ღმერთებს, არამედ ვიღაც სხვას. რა ჰქვიათ თქვენს მეგობრებს?

დადამ და კვინტილიანემაც აღიარეს ქრისტეს რწმენა მმართველების წინაშე და თქვეს თავიანთი სახელები.

სამსჯავროს მდივანი მაგნილიანი ყველაფერს სიტყვასიტყვით იწერდა. ტარკვინიუსმა ასეთი სიტყვებით მიმართა ძმებს:

- თქვენი სიცოცხლე თქვენს ხელშია. თუ სიცოცხლე გსურთ, მსხვერპლი შეწირეთ ჩვენს ღმერთებს.

ამ სიტყვების შემდეგ ტარკვინიუსმა წმინდა მაქსიმეს ზევსის ქურუმობა შესთავაზა. წმინდანმა კი ზევსს ბილწი მემრუშე უწოდა და კვლავ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.

მმართველმა გავენიუსმა ცალკე სასაუბროდ იხმო დადა და კვინტილიანე. მმართველი ცდილობდა დაეყოლიებინა ძმები, უარი ეთქვათ ქრისტიანობაზე, მაგრამ ამაოდ. დადამ და კვინტილიანემ განუცხადეს, ჩვენც იმავე აზრზე ვართ, რომელზეც ჩვენი ძმა მაქსიმე. ის კარგად იცნობს ქრისტიანულ სწავლებას, წმინდა წერილს, მან უკეთ იცის რაა უკეთესი ჩვენთვისო.

ბოლოს, მმართველებმა ბრძანეს, კვლავ საპყრობილეში ჩაეყარათ ძმები. საპყრობილეში მაქსიმე ძმებს ბევრ რამეს ასწავლიდა წმინდა წერილიდან. შუაღამისას, როცა წმინდანებმა დაიძინეს, მათ ეშმაკი გამოეცხადა, გამოღვიძებულებმა კი ანგელოზი იხილეს, რომელმაც გაამხნევა აღმსარებლები.

მეორე დილით ძმები კვლავ წარდგნენ სამსჯავროზე მმართველთა წინაშე. წარმართებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მათ ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დაემუქრნენ. ქრისტიანემბა განაცხადეს, რომ მათ უფალმა მოუწოდა, მოთმინებით აეტანათ მოსალოდნელი ტანჯვა წამება მისი წმინდა სახელის გამო.

- თუ არ ვაწამებთ, არასდროს მოგვისმენენ, - უთხრა ტარკვინიუსმა გავინიუსს. რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა:

- თავად აირჩიეს ასეთი ხვედრი, დაე თავიანთ თავებს დააბრალონ, რაც დაემართებათ.

წარმართი მმართველების ბრძანებით, დადა, მაქსიმე და კვინტილიანე გააშიშვლეს, შეკრეს, მიწაზე დააწვინეს და უმოწყალოდ სცემეს. არც ამის შემდეგ შეუცვლიათ ძმებს აზრი. ისინი ისევ საპყრობილეში ჩაყარეს. მესამედ წარდგნენ სამსჯავროზე ქრისტიანი ძმები, კიდევ ერთხელ მოისმინეს მმართველების გაფრთხილება, მსხვერპლი შეეწირათ ღმერთებისთვის, თუ სიცოცხლე სურდათ. კიდევ ერთხელ აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და მტკიცე უარი განაცხადეს მმართველთა ბრძანების შესრულებაზე. თარკვინიუსი და გავინიუსი მიხვდნენ, რომ ქრისტიანი ძმები არასდროს განუდგებოდნენ ქრისტეს, ბრძანეს სამივე ძმისთვის თავი მოეკვეთათ. ეს მოხდა დაახლოებით 286 წელს. მოწამე ძმებს ეკლესია ძველი სტილით 28 აპრილს იხსენიებს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1