წმინდა ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული (+322) - 26 აპრილი (9 მაისი)
წმინდა ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი და მართალი გლაფირა ქალწული (+322) - 26 აპრილი (9 მაისი)
მას შემდეგ, რაც კონსტანტინე დიდმა 312 წელს ჯვრის ცხოველმყოფელი ძალით იტალიის უსასტიკესი და ანგარი ხელისუფალის მაქსენციუსის ლაშქარი ზედიზედ რამდენჯერმე დაამარცხა, მაქსენციუსმა სცადა, გაქცევით გადაერჩინა თავი, მაგრამ მდინარე ტიბრში დაიხრჩო. კონსტანტინეს უკვე შეგნებული ჰქონდა, რომ ეს გამარჯვება ღვთის შეწევნით ებოძა. ამიტომ გამოსცა ედიქტი, რომელიც ქრისტიანთა დევნას წყვეტდა. 313 წლის დასაწყისში, კონსტანტინემ თავისი დისა და ლიცინიუსის ქორწილზე, მილანში, დაიყოლია ეს უკანასკნელი - მასთან ერთად ხელი მოეწერა ედიქტისთვის, რომლის თანახმად ქრისტიანებს ენიჭებოდათ უფლება თავიანთი სარწმუნოების აღიარებისა და უბრუნდებოდათ ყველაფერი, რაც დევნის დროს ჩამოერთვათ... ლიცინიუსმა არცთუ დიდი ხალისით მოაწერა ხელი ამ განკარგულებას, რადგან ქრისტიანები ეჯავრებოდა, მაგრამ კონსტანტინესთან დაპირისპირებას მოერიდა. მილანში გამოცემული ედიქტით ცხადდებოდა სარწმუნოებათა სრული შემწყნარებლობა - წარმართებს უნარჩუნდებოდათ კერპებისთვის რიტუალების ჩატარების უფლება, ქრისტიანებსაც ნება ეძლეოდათ, თავისუფლად თაყვანი ეცათ ჭეშმარიტი ღმერთისთვის და აეგოთ ტაძრები. მათვე სრულად დაუბრუნეს დევნის დროს ჩამორთმეული ქონებაც. თუ ქრისტიანთა საკუთრებას უკვე სხვა პატრონი ჰყავდა, მას სახელმწიფო ხაზინა უნაზღაურებდა საფასურს, ქონებას კი უწინდელ მფლობელს გადასცემდნენ. თუ ახლო ნათესავები არ გამოჩნდებოდნენ, დაღუპულთა მემკვიდრეობას ადგილობრივ ეკლესიას სწირავდნენ. კონსტანტინე შემთხვევას არ უშვებდა, რათა კეთილგანწყობა დაედასტურებინა ქრისტიანებისადმი; ყოველი თავისი წარმატების შემდგომ ღმერთს სადიდებელსა და სამადლობელს აღუვლენდა.

მაშინ, როდესაც დასავლეთში კონსტანტინეს მფარველობით ქრისტიანები კეთილდღეობით ცხოვრობდნენ, სულ სხვაგვარი ვითარება იყო აღმოსავლეთში, რომელსაც მისი სიძე ლიცინიუსი მართავდა. მილანში მან ვერ გაბედა კონსტანტინეს სურვილს წინ აღდგომოდა და მასთან ერთად მოაწერა ხელი სარწმუნოების აღმსარებლობის თავისუფლების ედიქტს, მაგრამ გულში სძულდა ქრისტიანები და როგორც კი აღმოსავლეთის სრულუფლებიანი ხელისუფალი გახდა, დაიწყო მათი შევიწროება და ჩაგვრა. მის დაქვემდებარებულ ოლქებში ქრისტიანთა მდგომარეობას ამძიმებდა მისი მოთხოვნა, წარმართული ფიცი დაედო ყველას - იქნებოდა ეს მის კარზე მომსახურე თუ მეომარი. მანვე აუკრძალა ეპისკოპოსებს კრებების მოწვევა; მიიტაცა ქრისტიანების ქონება, შემდეგ კი იმ საბაბით, თითქოს კონსტანტინესთვის ლოცულობდნენ, დახურა ტაძრები და ზოგან დაანგრია კიდეც; დაატყვევა ეპისკოპოსები, ზოგი მათგანი კი სიკვდილით დასაჯა. ისევ გაივსო ქრისტიანთა დასახლებებით უდაბნოები და მთათა ხეობები; ისევ დაიწყო დაკითხვა, წამება და ხოცვა. ბევრმა მოწამემ განადიდა ღმერთი თავისი სიმტკიცითა და ურყევი რწმენით.

განსაკუთრებით ძლიერი იყო დევნა პონტოს მხარეში, სადაც ყველაზე სახელოვანი ეპისკოპოსები დახოცეს, მათი სხეულები აკუწეს და ზღვაში გადაყარეს. ამ დროს პონტოს ამასიის ეპისკოპოსი იყო ბასილი. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს.

ლიცინიუსის მეუღლეს, კონსტანტინე დიდის დას, კონსტანციას ჰყავდა მსახური მშვენიერი ქალწული გლაფირა. ლიცინიუსს ვნება აღეძრა ქალწულის მიმართ. გლაფირამ თავისი გასაჭირი დედოფალს შესჩივლა და მფარველობა სთხოვა. კონსტანციამ მსახური მამაკაცის ტანსაცმლით შემოსა, ფული მისცა და ერთგული მონის თანხლებით ქალაქიდან გააპარა. სომხეთში მიმავალი გლაფირა ამასიაში შეჩერდა, სადაც ის ეპისკოპოსმა ბასილიმ შეიფარა. ამ დროს მღვდელმთავარი ამასიაში ეკლესიას აშენებდა. ქალწულმა გლაფირამ კონსტანციისგან მიღებული ფული ეკლესიის მშენებლობისთვის წმინდა ბასილის მისცა. ყოფილმა მსახურმა თავის დედოფალს წერილი გაუგზავნა და კიდევ სთხოვა ფული მშენებლობის დასამთავრებლად. დედოფალმა მისი თხოვნა შეასრულა, მაგრამ წერილი იმპერატორს ჩაუვარდა ხელში. განრისხებულმა ლიცინიუსმა ამასიის მმართველს მოსთხოვა, მასთან გამოეგზავნა ეპისკოპოსი და მსახური. სანამ ბრძანება ამასიაში ჩავიდოდა, მართალი გლაფირა გარდაიცვალა (+322). წმინდა ბასილი იმპერატორთან წაიყვანეს. მას თან წაჰყვნენ დიაკვნები - პართენი და ფესტიმი. ისინი დასახლდნენ იმ ციხის შორიახლოს, სადაც წმინდა ეპისკოპოსი იყო დატყვევებული.

ღვთისმოსავმა ქრისტიანმა ელპიდიფორმა მეციხოვნეები მოისყიდა და პართენსა და ფესტიმთან ერთად ყოველ საღამოს ნახულობდა ეპისკოპოსს. სასამართლოს დღეს წმინდა ბასილიმ ჩვეულებრივ ილოცა და სამგზის ცრემლებით გაიმეორა ფსალმუნის სიტყვები: "აღ-თუ-ვიპყრენ ფრთენი ჩემნი განთიად და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა. და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდის მე და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე" (ფს. 138, 9-10). დიაკონები დაეჭვდნენ, შიში ხომ არ შეეპარაო ეპისკოპოსს, მაგრამ წმინდა ბასილიმ ისინი დაამშვიდა.

სამსჯავროზე წამდგარ ამასიის მღვდელმთავარს იმპერატორმა ლიცინიუსმა ქრისტიანობის უარყოფის სანაცვლოდ უმაღლესი ქურუმის თანამდებობა შესთავაზა. ბასილიმ უარყო იმპერატორის შეთავაზება. "ვიდრე პირში სული მიდგას, არ განვუდგები ჩემს შემოქმედს. განსაცდელები, იწროება, წამება, ცეცხლი და სიკვდილი ქრისტეს სიყვარულს ვერ განმაშორებს", - თქვა ეპისკოპოსმა და სასიკვდილოდ გაემზადა. გაწბილებულმა იმპერატორმა მღვდელმთავრის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა. ელპიდიფორმა მოისყიდა ჯალათები და სთხოვა, ეპისკოპოსისთვის ლოცვა დაეცლიათ. ლოცვის შემდეგ წმინდა ბასილიმ ჯალათს მიმართა: "მეგობარო, ჰქმენ, რაც გიბრძანეს" და მშვიდად მიუშვირა თავი მახვილს. ელპიდოფორი შეეცადა წმინდანის ნეშტი გამოესყიდა, მაგრამ ჯარისკაცებს იმპერატორის შეეშინდათ და ბასილის სხეული ზღვაში გადააგდეს.ელპიდიფორეს სამჯერ გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა: "ეპისკოპოსი ბასილი სინოპშია და გელოდებათ". ელპიდიფორე და დიაკვნები სინოპში წავიდნენ და მეთევზეებს სთხოვეს, ბადე გადაეგდოთ ზღვაში. ბადეს წმინდა ბასილის ნეშტი ამოჰყვა. თავი სხეულს შეხორცებოდა და მხოლოდ იარა მიანიშნებდა ხმლის ნაკვალევზე. წმინდანის ნეშტი ამასიაში გადაასვენეს და დაასაფლავეს მის მიერ აგებულ ტაძარში.

მღვდელმოწამე ბასილი ამასიის ეპისკოპოსის კონდაკი:

ქუეყანისა ამის მეფისა ბრძანებასა სძლიე რა, ზეცათა მეუფესა მიემთხვიე, ბასილი, რომლისა მიერ მოხარულმან მოგვიხსენენ ჩუენ, პატივისმცემელნი შენნი, მღდელმოწამეო.

ბეჭდვა
1კ1