წმინდა მოწამენი: ანატოლი და პროტოლეონი - 23 აპრილი (6 მაისი)
წმინდა მოწამენი: ანატოლი და პროტოლეონი - 23 აპრილი (6 მაისი)
წმინდა გიორგი ძელზე წამებისა და დიდი ქვის ლოდის მკერდზე დადების შემდეგ , რომ ვერ მოდრიკეს იგი წვერბასრ რკინის მახვილებიან მბრუნავ ურმის თვალზე დააკრეს. როდესაც ძლიერად დაატრიალეს ბორბალი, წმინდანის სხეული ნაკვეთ-ნაკვეთ დაიჭრა, მაგრამ ლოცვითა და ღმრთის სასოებით განმტკიცებული მოწამე მხნედ დაითმენდა საშინელ ტანჯვა-წამებას: პირველად ხმამაღლა მადლობდა უფალს, ხოლო შემდეგ, როგორც მძინარე, დადუმდა და გულში ლოცულობდა. დიოკლეტიანემ და მისმა მეგობრებმა იფიქრეს, მოკვდაო და ხმა აღიმაღლეს: "იხილეთ ყველამ, რამეთუ არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა აპოლონისა და პოსეიდონისა, ზევსისა და ჩვენი სხვა ღმერთებისა. სად არის გიორგის ღმერთი, რატომ არ მოვიდა და დაიხსნა იგი ჩვენი ხელიდან?" მეფის ბრძანებით, დაჭრილი და დაკუწული მოწამე დატოვეს ურმის თვალზე და სასამხროდ წავიდნენ. იქნებოდა დილის 10 საათი, როდესაც ზეციდან მოისმა საშინელი ოხვრის ხმა, რომელიც ეტყოდა მას: "განმხნევდი, გიორგი და განძლიერდი, რამეთუ მრავალი მიწამებს შენ გამო". როგორც კი მცველებს ეს ხმა მოესმა, შეშინებულები გაიქცნენ. უეცრად გამოჩნდა უფლის ანგელოზი, გიორგი ჩამოიყვანა სატანჯველი ბორბლიდან, სრულიად განკურნა, ეამბორა და უთხრა: "გიხაროდეს გიორგი, განძლიერდი და გწამდეს იესო ქრისტესი, რომელიც მოგანიჭებს მოწამეობის სრულ გვირგვინს", ხოლო, როდესაც სიტყვა დაასრულა, წმინდა გიორგიმ მადლობა შესწირა უფალს: "აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო და მეუფეო ჩემო და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე". და კვლავ "სლვანი ჩემნი წარმიმართენ მე სიტყვითა შენითა და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უშჯულოებაი". ამის შემდეგ ქრისტეს მოწამე მივიდა ბომონში, სადაც მეფე, თანამზრახველებითურთ, მსხვერპლს სწირავდა აპოლონის კერპს და უთხრა მათ: "მიცანით მე და ირწმუნეთ ღმერთი, რომელსაც მე გიქადაგებთ და რომელმაც გამომიხსნა თქვენი ხელიდან და იმ სატანჯველთაგან, რომელიც თქვენ განამზადეთ ჩემს მოსაკლავად, თქვენ კი დიდად სცოდავთ, როცა მსხვერპლს სწირავთ ცრუ ღმერთებს". გაოცებულმა მეფემ ვერ შეიცნო წმინდანი, რადგან მისი მსგავსი ვინმე ეგონა და სთხოვა, ეთქვა, ვინ იყო. წმინდა გიორგიმ მიუგო: "მე ვარ გიორგი, მონა ქრისტესი, ხოლო თქვენ, რადგანაც მკვდარი გეგონეთ, ნაწილ-ნაწილ დაჭრილი, ბორბალზე მიმატოვეთ. და აი, მე მოვედი, რათა გიჩვენოთ, რომ ჩემს ღმერთს, რომელსაც თქვენ აყვედრეთ, შეუძლია სიკვდილისაგან დახსნა". ამგვარი დიდი სასწაულის ხილვისა და ჭეშმარიტ სიტყვათა მოსმენის შემდეგ მეფის მხედართმთავრებმა, ანატოლიმ და პროტოლეონმა, თავიანთი სახლეულობითურთ, ირწმუნეს ღმერთი და აღიარეს: "მხოლოდ ქრისტიანთა ღმერთია ჭეშმარიტი". როგორც კი ესმა ეს დაწყევლილ მეფეს, ბრძანა, მათთვის თავის მოკვეთა, ხოლო ისინი ლოცულობდნენ: "უფალო, ღმერთო ჩვენო იესო ქრისტე, შეივედრე ჩვენი სულები მშვიდობით და გვამყოფე შენი მეუფების ნათელში, ხოლო ჩვენი მცირედი აღსარება ჩაგვითვალე შენდამი ჭეშმარიტ სარწმუნოებად და ცოდვების გამოსასყიდად" და ასეც აღესრულნენ ღმრთის დიდებასა და გალობაში.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1