მოწამენი: ისააკი, აპოლოსი და კოდრატე (+303) - 21 აპრილი (4 მაისი)
მოწამენი: ისააკი, აპოლოსი და კოდრატე (+303) - 21 აპრილი (4 მაისი)
ისააკი, აპოლოსი და კოდრატე თავდაპირევალდ დედოფალ ალექსანდრას მსახურები იყვნენ და საიმპერატორო სასახლის კარზე ცხოვრობდნენ. დედოფალი ალექსანდრა III-IV საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. იგი გახლდათ იმპერატორ დიოკლეტიანეს მეუღლე. უცნობია, როდის და რა ვითარებაში გაეცნო იმპერატორის ცოლი ქრისტიანულ სწავლებას, მაგრამ მას ვხედავთ, როგორც ქრისტიანს ან, უკიდურეს შემთხვევაში, ქრისტიანობისადმი კეთილად განწყობილს, მშვიდსა და მამაცს, რომელმაც ქრისტეს ერთგული შვილი აღზარდა. დედოფალი ალექსანდრა ესწრებოდა წმინდა გიორგის წამებას, რამაც მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საშინელი სანახაობით შეძრული ვერავის და ვერაფერს ხედავდა მოწამის გარდა, რომელიც ქრისტესათვის სიცოცხლეს სწირავდა... თავს ძლივს იკავებდა, რომ ქრისტიანად თავი ხმამაღლა არ ეღიარებინა... ის მთელი არსებით ისწრაფოდა მის წინაშე გახსნილი მარადისობისაკენ, ქრისტესადმი სიყვარულით ინთებოდა. მასთან თუნდაც ასე¬თივე ტანჯვის, მწუხარების, სასტიკი წამებისა და სიკვდილის გზით მისვლა - აი, რით იყო დედოფლის სული სავსე.
როდესაც წმინდა გიორგიმ აპოლონის ტაძარში სიტყვით კერპები დაამსხვრია და გარეთ შეგროვილი ბრბო მის სიკვდილს ითხოვდა, უეცრად საკერპოში გაისმა: - ღმერთო გიორგისაო, შემიწყალე! შენ ხარ ერთი ჭეშმარიტი და ყოვლადძლიერი ღმერთი! - ამ ყვირილმა ხალხის შეძახილები მიაჩუმა. იმპერატორს სუნთქვა შეეკრა. გიორგის ფერხთით დიოკლეტიანეს მეუღლე ალექსანდრა იწვა.

გაფითრებულმა, აღელვებულმა დიოკლეტიანემ ისღა მოახერხა, რომ ეკითხა:

- რა დაგემართა, ალექსანდრა, რომ ამ მოგვის ჯადოთი მოიხიბლე და ჩვენს ღმერთებს ურცხვად უარყოფ?

მაგრამ დედოფალს პასუხი არ გაუცია.

რამდენიმე წუთის შემდეგ დიოკლეტიანემ გიორგისა და მისით "მოჯადოებულ" დედოფალ ალექსანდრას თავის მოკვეთა ბრძანა. ალექსანდრას არა მხოლოდ ქრისტიანები, წარმართებიც მისტიროდნენ. ის კი ნათელი და ბედნიერი, როგორც კრავი ქრისტესი, სასიკვდილოდ გაეშურა და თან ღმერთს ადიდებდა. ორივე განსასჯელი ქალაქგარეთ გაიყვანეს.

ამ დროს მოწამეს ფიზიკურმა ძალებმა უღალატეს. ქალი საშინელმა დაღლილობამ შეიპყრო და იძულებული გახდა დამჯდარიყო. ის იყო ჩამოჯდა და თავი კედელს მიაყრდნო, რომ გონებაც დაკარგა. ყველას ეგონა, რომ მოკვდა. გიორგიმ ღმერთს მადლობა აღუვლინა, რომ მან თავის აღმსარებელს იოლი სიკვდილი არგუნა და სასჯელის ადგილზე მარტო მივიდა, სადაც მას თავი მოჰკვეთეს.

დედოფლის გაცივებული, უსიცოცხლო სხეული სასახლეში წაასვენეს და იმპერატორის კარის მთავარმა მინისტრმა ლუკიანემ, რომელიც ქრისტიანი იყო, ის ცნობისმოყვარეთაგან დამალა, თუმცა კი ის, რაც ყველას სიკვდილი ეგონა, მარტოოდენ გონების დაკარგვა იყო. წმინდა მოწამეს კიდევ ელოდა სიცოცხლესთან დაბრუნება, რათა მწუხარების თასი ბოლომდე შეესვა.

დედოფალ ალექსანდრას სამივე მსახური წარმართი იყო აღმსარებლობით. თავიანთი დედოფლის მსგავსად ისინიც ესწრებოდნენ წმინდა გიორგის წამებას. დიდმოწამის სარწმუნოებამ, უფლის ძალით აღსრულებულმა სასწაულებმა, დედოფლის მიერ ქრისტიანობის მამაცურმა აღიარებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ისააკზე, აპოლოსსა და კოდრატეზე. მათაც ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. საჯაროდ აღიარეს თავიანთი სარწმუნოება და ამხილეს იმპერატორი უშჯულოებასა და სისასტიკეში. ისააკი, აპოლოსი და კოდრა ტე ჯერ საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც აშიმშილებდნენ. ბო ლოს სამივეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს: წმინდა კოდრატეს თავი მოჰკვეთეს, მოწამენი აპოლოსი და ისააკი კი შიმშილით მოაკვდინეს.

ბეჭდვა
1კ1