მღვდელმოწამე იანუარიუს ეპისკოპოსი და მისთანა წამებულნი: ფავსტოსი, პროკულე და სოსიოს დიაკონნი, დისიდერიოს წიგნისმკითხველი, ევტიქიოსი და აკუტიონი (დაახლ. +305) - 21 აპრილი (4 მაისი)
მღვდელმოწამე იანუარიუს ეპისკოპოსი და მისთანა წამებულნი: ფავსტოსი, პროკულე და სოსიოს დიაკონნი, დისიდერიოს წიგნისმკითხველი, ევტიქიოსი და აკუტიონი (დაახლ. +305) - 21 აპრილი (4 მაისი)
იანუარიუსი III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. იგი გახლდათ სამხრეთ იტალიის ქალაქ ბენევენტოს მღვდელმთავარი.

იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას მღვდელმთავარი იანური წარმართებმა შეიპყრეს და კამპანიის (შუა იტალია) მმართველ ტიმოთეს მიჰგვარეს. იანუარიუსს ჯერ ტკბილი სიტყვით, შემდეგ კი მუქარით სთხოვდნენ თაყვანი ეცა კერპებისთვის, მაგრამ ამაოდ, წმინდა ეპისკოპოსი არ ტყდებოდა და ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას არ ღალატობდა. მტკიცე აღმსარებლობისათვის წმინდა ეპისკოპოსი გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ბაბილონელ ყრმათა მსგავსად უვნებლად გამოვიდა ცეცხლიდან. ამის შემდეგ წმინდა მოწამე შეკრეს და სასტიკად სცემეს.

იანუარიუს ეპისკოპოსის წამების ადგილას თავმოყრილ ბრბოში იდგნენ წმინდა დიაკონი ფავსტოსი და წმინდა დისიდერიოს მკითხველი, რომლებიც, მღვდელმთავრის ტანჯვის შემყურენი, გულისტკივილს ვერ მალავდნენ და ტიროდნენ. წარმართები მიხვდნენ, რომ ისინიც ქრისტიანები იყვნენ და მღვდელმოწამე იანუარიუსთან ერთად ქალაქ პუტეოლის ციხეში ჩაყარეს. ციხეში მათ დახვდნენ ქრისტიანობისთვის დევნილი პუტეოელი დიაკვნები: სოსიოსი და პროკულე და ერისკაცები: წმინდა ევტიქიოსი და აკუტიონი.

მეორე დილით ყველა ქრისტიანი ცირკში წაიყვანეს და მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად, მაგრამ მხეცებმა მათ პირი არ დააკარეს. ტიმოთემ განაცხადა, რომ ეს სასწაული ქრისტიანთა ჯადოქრობით აღესრულებოდა. მკრეხელს დაატყდა თავს ღვთის რისხვა: იგი დაბრმავდა და სასოწარკვეთილმა შემწეს უხმო. მღვდელმოწამე იანუარიუსმა ილოცა ტიმოთეს განკურნებისთვის და მას თვალები აეხილა, მაგრამ სულიერად მაინც ბრმად დარჩა: კვლავ გამძვინვარებული აბრალებდა ქრისტეს აღმსარებლებს ჯადოქრობას. მმართველის ბრძანებით ეპისკოპოსი იანუარიუსი, დიაკონნი: ფავსტოსი, პროკულე და სოსიოსი, დისიდერიოს მკითხველი, ევტიქიოსი და აკუტიონი ქალაქგარეთ გაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა დაახლოებით 305 წელს. მოწამეთა სხეულები ქალაქ პუტეოლის მეზობელი ქალაქების ქრისტიანმა მცხოვრებლებმა დაინაწილეს. წმინდა იანუარიუსის სხეული წილად ხვდა ნეაპოლის ქრისტიან მოსახლეობას. წმინდა მღვდელმთავრის სხეული მათ ტაძარში დაკრძალეს. წმინდა მღვდელმოწამე იანუარიუსის სახელს მრავალი სასწაული უკავშირდება ქალაქ ნეაპოლში.

ერთხელ, როცა ვეზუვის მთაზე მიძინებულმა ვულკანმა გაიღვიძა და გავარვარებული ლავით დაღუპვას უქადდა ახლომდებარე ქალაქებს, ნეაპოლელებმა საშველად წმინდა მღვდელმთავარ იანუარიუსს უხმეს. ვულკანიც მაშინვე ჩაცხრა და მოსახლეობა გავარვარებული ლავისგან სიკვდილს გადაურჩა.

ერთ ქვრივს, სახელად მაქსიმილას, ერთადერთი ვაჟი გარდაეცვალა. დედა ძალიან გლოვობდა შვილს. ერთხელ ტაძარში მისულმა კართან წმინდა ეპისკოპოს იანუარიუსის ხატს მოჰკრა თვალი და გაახსენდა, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველმა ელისემ როგორ აღადგინა მკვდრეთით ერთი დედაკაცის ვაჟი. სასოწარკვეთილი ქალი ისე მოიქცა, როგორც ის დედაკაცი დაარიგა ელისე წინასწარმეტყველმა: აიღო წმინდა იანუარიუსის ხატი და გარდაცვლილ შვილს დაადო სახეზე. მხურვალედ ლოცულობდა ქვრივი: "ღვთის მსახურო, შემიწყალე, აღადგინე მკვდრეთით ჩემი ერთადერთი ვაჟი". უეცრად აღსრულდა უფლის სასწაული და ქვრივის ვაჟი მკვდრეთით აღდგა. იქ მყოფნი გაოცებულები იყვნენ მომხდარით. უფალმა თავისი მოწამის, მღვდელმთავარ იანუარიუსის საშუალებით ეს დიდი სასწაული აღასრულა.

ბეჭდვა
1კ1