წმინდა მოწამე იოანე ახალი (+1526) - 18 აპრილი (1 მაისი)
წმინდა მოწამე იოანე ახალი (+1526) - 18 აპრილი (1 მაისი)
წმინდა მოწამე იოანე ახალი საბერძნეთის ქალაქ იანინაში იშვა. მშობელთა გარდაცვალების შემდგომ კონსტანტინოპოლს გადავიდა, ნამემკვიდრევი თანხით ქალაქის ბაზარში პატარა დუქანი შეისყიდა და ხელოსნობა დაიწყო.

შრომისმოყვარე და მეტად გულმოდგინე პატიოსნად ასრულებდა ყოველ შეკვეთას და საქმეც კარგად მისდიოდა, მაგრამ მისი სული ზეცათა სასუფევლისკენ ილტვოდა.

ცხოვრება მეტად მძიმე დროში მოუწია: - კონსტანტინოპოლი თურქთა ხელში იყო, რის გამოც ქრისტიანნი ძლიერ იდევნებოდნენ.

სამწუხაროდ, ბევრმა განსაცდელს ვერ გაუძლო და ქრისტიან ხელოსანთა და ვაჭართა ნაწილი გამაჰმადიანდა.

ნეტარი კი ამგვართ პირში ამხელდა და ჭეშმარიტი სარწმუნოების დატევებას საყვედურობდა, რის გამოც მოიძულეს და მისი დაღუპვა განიზრახეს.

იოანემ ყოველივე უწყოდა, თუმცა, არ ეშინოდა, უფლის სიყვარულით აღვსილი თავად ეძებდა ქრისტესთვის სიკვდილს.

დიდ პარასკევს სულიერ მოძღვარს მიაკითხა და მოწამებრივი ღვაწლისათვის გამოსთხოვა კურთხევა.

ღვთისმსახურმა ჭაბუკს თავის გამოცდა და ამ ღვაწლისთვის ლოცვითა და მარხვით შემზადება ურჩია და ისიც მხურვალედ შესთხოვდა უფალს განმტკიცებას.

დიდ შაბათს ძილში იხილა, როგორ იდგა ცეცხლოვან ღრუბელზე და გალობით უფალს როგორ განადიდებდა.

ეს ხილვა მოწოდებად მიიღო, უფლის წმინდა სისხლსა და ხორცს ეზიარა და მოძღვარს კვლავაც გამოსთხოვა კურთხევა.

ბაზარში მისულ წმინდა იოანეს ხელოსნებმა ქრისტიანობისთვის ყვედრება უწყეს.

პასუხად წმინდანმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ქრისტიანი იყო და არასოდეს უარყოფდა სარწმუნოებას. მაშინ რჯულის მოღალატეებმა სასამართლოში დააბეზღეს...

მსაჯულნი მის გადაბირებას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ.

წმინდანს რამდენიმე დღის მანძილზე უმოწყალოდ ჰგვემდნენ, შემდეგ კი ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს.

ნეტარი სიხარულით შეხვდა განაჩენს, აგიზგიზებულ კოცონზეც სიხარულით ავიდა, მაგრამ ჯალათებმა ცეცხლიდან გამოიყვანეს და თავი მოჰკვეთეს, გვამი კი კვლავაც კოცონს მისცეს.

ქრისტიანებმა მისი წმინდა ძვალნი, რაც ცეცხლს გადაურჩა, სასოებით შეკრიბეს და ტაძარში დაკრძალეს.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1