წმინდა მღვდელმოწამე სვიმეონი, სპარსთა ეპისკოპოსი და მის თანა მოწამენი: ავდელი და ანანია ხუცესი, ქუსდაზატ (ქუსტაზადი) საჭურისი, ფუსიკი, აზატი, ასკიტრეა და სხვანი (+344) - 17 (30) აპრილი
წმინდა მღვდელმოწამე სვიმეონი, სპარსთა ეპისკოპოსი და მის თანა მოწამენი: ავდელი და ანანია ხუცესი, ქუსდაზატ (ქუსტაზადი) საჭურისი, ფუსიკი, აზატი, ასკიტრეა და სხვანი (+344) - 17 (30) აპრილი
იყო დრო, როცა სპარსეთში მრავლად იყვნენ ქრისტიანები, ჰქონდათ თავიანთი ეკლესია, ჰყავდათ ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები. წარმართი ქურუმები გამძვინვარებული კბილებს აღრჭენდნენ ქრისტიანებზე, მათ შეუერთდნენ სპარსეთში მცხოვრები ურიები, შეითქვნენ და სპარსეთის მეფე შაბპურ მეორე (310-381 წლებში მართავდა სპარსეთს) დაარწმუნეს, ქრისტიანების დევნა დაეწყო. ეს მოხდა 343-344 წლებში. მანამდე კი მეფესთან ცილი დასწამეს სელევკიის-ქტეზიფონის ეპისკოპოსს, წმინდა სვიმეონს, სპარსეთის სამეფოს მტრობს და თავის მეგობარს ბერძნების მეფეს ყველაფერს ატყობინებს, რაც სპარსეთში ხდებაო.

მაშინ შაბურმა ქრისტიანებს ჯერ დიდი და მძიმე ხარკი დაადო და მის ამოღებას მკაცრად აკონტროლებდა. შემდეგ კი პირდაპირ ხოცვა დაიწყო მღვდლების და ღვთისმსახურებისა, ძარცვავდა ეკლესიის ქონებას და მისაფუძვლამდე ანგრევდა ტაძრებს. ხოლო წმინდა ეპისკოპოსი სვიმეონი ორ მღვდელთან - ავდელთან და ანანიასთან ერთად შეიპყრეს და ბორკილდადებულნი მეფესთან მიიყვანეს. წმინდანებს არათუ შეეშინდათ, მეფეს თაყვანიც კი არ სცეს. განრისხებულმა შაბურმა წმინდა სვიმეონს ჰკითხა:

- ადრე თაყვანს მცემდი, ახლა ქედი რატომ არ მომიდრიკეო.

წმინდანმა უპასუხა:

- ადრე ბორკილდადებული არ მოვყავდი შენთან, თაყვანსა გცემდი და საკადრის პატივს მივაგებდი შენს ხარისხს. ხოლო ახლა იმ განზრახვით მომიყვანეს, რათა ჩემს ღმერთს და ჩემს რწმენას ვუღალატო, ამიტომაც თაყვან იცე შენ, ჩემი ღმერთის მტერს.

მეფემ მას დარწმუნება დაუწყო მზისთვის თაყვანი ეცა, ჰპირდებოდა ბევრ საჩუქარს, დიდებასა და პატივს, თან დაიმუქრა: - წინააღმდეგ შემთხვევაში ქრისტიანობას მთლიანად აღმოვფხვრი ჩემს სამეფოშიო. როცა მეფემ დაინახა, რომ სვიმეონზე ვერც ალერსმა და ვერც მუქარამ ვერ გაჭრა, მაშინ მისი საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა.

იმ დროს, როცა წმინდანი სამეფო პალატიდან საპყრობილეში მიჰყავდათ, მას თვალი მოჰკრა მეფის გამზრდელმა, მოხუცებულმა ქუსტაზად საჭურისმა. ის მეფესთან ყველაზე დაახლოებული იყო და დიდი პატივით სარგებლობდა, ადრე ქრისტიანი გახლდათ, მაგრამ შაბურის შიშით ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო. ახლა, როცა სვიმეონ ეპისკოპოსმა გვერდით ჩაუარა, წამოდგა და მღვდელმთავარს მდაბლად თავი დაუკრა. მაგრამ წმინდა სვიმეონმა მისგან პირი იბრუნა და ქრისტიანობის ღალატისთვის ხმამაღლა ამხილა მეფის გამზრდელი. ამან ძალზე იმოქმედა ქუსტაზადზე, ტირილი დაიწყო. მან ძვირფასი სამოსლის ნაცვლად უხეში ძაძა ჩაიცვა, დაჯდა მეფის სასახლის ეზოს კარის წინ და მწარედ მოსთქვამდა:

- ვაი მე საცოდავს! როგორ წარვდგები ჩემი უფლის წინაშე, რომელიც უარვყავ? აგერ სვიმეონმაც პირი იბრუნა ჩემგან, როგორც განდგომილისგან; მაშ, როგორღა შემომხედავს ჩემი შემოქმედი?

ამას ამბობდა და უნუგეშოდ მოსთქვამდა. როცა მეფე შაბურმა გამზრდელის გლოვის შესახებ შეიტყო, მიიხმო და ჰკითხა:

- ასე რამ დაგამწუხრა, ასეთი რა მოხდა სამეფო კარზე?

ქუსთაზადმა მიუგო:

- არა, მე ცუდი არაფერი შემმთხვევია შენს სასახლეში, თუმცა სჯობდა დამეთმინა მთელი სოფლისაგან შეურაცხყოფა და ტკივილი და განსაცდელები, ვიდრე ის ერთი რის გამოც ახლა გულშემუსვრილი მწარედ მოვთქვამ. სწორედ ის, რომ აქამდე ვცხოვრობ დედამიწაზე, დავბერდი და დიდი ხნის მკვდარი უნდა ვიყვე, მე კი ვუცქერ მზეს და როგორც ღმერთს თაყვანსა ვცემ. სჯობდა მოვმკვდარიყავი და არ მეღალატა ყოველი ქმნილების შემოქმედი ღმერთისთვის, და არ მეცა თაყვანი ქმნილებისთვის შემოქმედის ნაცვლად. მაგრამ ეს ჩემი გულწრფელი სურვილით კი არ გავაკეთე, არამედ ფარისევლურად, შენთვის გულის მოსაგებად. ამიტომაც ორგზის სიკვდილის ღირსი ვარ: ჯერ იმიტომ, რომ ქრისტეს ვუღალატე, ხოლო მეორედ იმის გამო, რომ ამ სიბერეში ვერ გიერთგულე. მაგრამ ვფიცავ ღმერთს, ცისა და მიწის შემოქმედს, რომ ამგვარ ცოდვას აღარ ჩავიდენ. მეტად აღარ გავარისხებ ჩემს უფალსა და ღმერთს იესო ქრისტეს, უკვდავ მეუფეს, მიწიერი მეფის გამო.

მეტად აღარ მოვუყრი მუხლს მზის ქმნილებას, არამედ თაყვანსა ვსცემ თვითონ შემოქმედს ამიერითგან და უკუნისამდე. მეფე ძალზე გააოცა გამზრდელის ამგვარმა ცვლილებამ და უფრო განრისხდა ქრისტიანებზე, იფიქრა, რომ მათ მოაჯადოეს ქუსდაზატი. შეეცოდა მოხუცი და როგორც მამას სთხოვა, ღმერთები ასე არ დაემცირებინა და ამით საკუთარ თავისთვის პატივის აყრა და მეფის სახლისთვის მწუხარება არ მოეტანა. ხან ალერსით და ხანაც მუქარით სცადა მისი დაყოლიება. მაგრამ ქუსდაზატმა მეფეს უპასუხა:

- მეყოფა ის სისულელე, რაც ადრე ჩავიდინე; ახლა აღარ მივაგებ ქმნილებას შემოქმედის შესაფერის პატივს.

მრავალი შეგონებისა და მუქარის შემდეგ ქუსდაზატი არ გატყდა და მეფემ მას თავის მოკვეთა მიუსაჯა. როცა დასასჯელად მიჰყავდათ ქუსდაზატმა ერთ თავის მეგობარს საჭურისსა და მეფის მესაწოლეს სთხოვა მეფესთან წასულიყო და მისი უკანასკნელი სიტყვა გადაეცა. მან უთხრა:

- მეფეო, გაიხსენე ჩემი მსახურება, მთელი გულმოდგინებით როგორ ვმსახურებდი ჯერ მამაშენს და მერე შენ ბოლო დრომდე. ამას დამოწმება არა სჭირდება, რადგან შენ თვითონაც კარგად მოგეხსენება. ამ მსახურებისთვის მხოლოდ ერთ ჯილდოსა გთხოვ: გააგებინე ყველას, რომ მე ვკვდები. ხმამაღლა განაცხადე ამის შესახებ, რათა დიდებულებმა და ხალხმა იცოდნენ, რომ ქუსდაზატი მეფის წინაშე დანაშაულისთვის კი არ კვდება, არამედ იმიტომ, რომ ის ქრისტიანია და ღვთის ღალატი არ ისურვა. მეფეს მისი თხოვნა ჭკუაში დაუჯდა, იფიქრა, როცა ირანში მცხოვრები ქრისტიანები ნახავენ, ქრისტეს რწმენისთვის მეფემ საკუთარი გამზრდელი არ დაინდოო, შეეშინდებათ, ჩვენ რაღას გვიზამსო. წმინდა ქუსდაზატი კი სხვანაირად ფიქრობდა: ქრისტიანები, რომლებიც ჩემ მიერ რწმენის ღალატის გამო შეწუხდნენ და შეეშინდათ, ჩემი ქრისტესთვის თავდადების შემდეგ უფრო გამტკიცდებიან და შეემზადებიან ამნაირივე ღვაწლისთვისო. ღვთის მადიდებელი ავიდა წმინდა ქუსდაზატი და მას თავი მოჰკვეთეს. დიდება შენდა ღმერთო!

როცა ქუსდაზატის ამგვარი აღსასრულის შესახებ შეიტყვეს, სვიმეონ ეპისკოპოსმა და საპყრობილეში დამწყვდეულმა სამღვდელოებამ, იქ მყოფ ქრისტიანებთან ერთად უზომოდ გაიხარეს და ადიდეს ღმერთი.

მალე წმინდა სვიმეონი ისევ მეფის წინაშე წარადგინეს. მან ისევ თამამად და კადნიერად აღიარა თავისი რწმენა და თაყვანი არ სცა მეფეს. მაშინ განრისხებულმა მეფემ საპყრობილეში დამწყვდეული ასამდე ქრისტიანი, საერონი და სამღვდელონი მაცხოვრის ვნების დღეს - დიდ პარასკევს, გამოიყვანა და ყველას წმინდა სვიმეონის წინ თავი მოჰკვეთა, რის შემდეგაც თვითონ წმინდა ეპისკოპოსიც მოაკვდინეს. მასთან ერთად თავები მოჰკვეთეს მღვდლებს ავდელის და ანანიას. როცა ჯერი ანანიაზე მივიდა, შიშისგან აკანკალდა. იქვე იდგა ვინმე ცნობილი კაცი, ვინმე ფუსიკი, სასახლის მოსამსახურეთა უფროსი, ფარული ქრისტიანი. მან გაამხნევა მღვდელი ანანია:

- ნუ გეშინია მამაო, თვალები დახუჭე და მტკიცე იყავი, რამეთუ მალევე იმწამსვე იხილავ ღვთაებრივ ნათელს.

როგორც კი ფუსიკმა ეს თქვა, მაშინვე შეიპყრეს როგორც ქრისტიანი და მეფესთან მიიყვანეს. მან მეფის წინაშე თავი ქრისტიანად აღიარა და უარყო სპარსელთა უწმინდური რწმენა. მაშინ მეფის ბრძანებით მას კისერი გაუჭრეს და იქიდან გამოაძრეს ენა, რომელიც მერე მოჰკვეთეს. ამის შემდეგ ცოცხალს ტყავი გააძრეს და ამგვარი წამებით აღესრულა. მასთან ერთად ფუსიკის ქალიშვილი ასკიტრეაც შეიპყრეს, საშინლად აწამეს და მოკლეს. ამ დროს მრავალი ქრისტიანი აღესრულა ქრისტეს რწმენისთვის. ერთი წლის შემდეგ, კვლავ დიდ პარასკევს მოკლეს წმინდა აზატი, საჭურისი და მეფის საყვარელი მსახური, მასთან ერთად დიდ პარასკევს, ათასზე მეტი ქრისტიანი მოწამებრივად აღესრულა. ამას მოწმობენ საეკლესიო ისტორიკოსები სოზომენი და ნიკიფორე კალისტე. რამეთუ როცა უწმინდური შაბურის ბრძანება გამოვიდა, რომ ქრისტიანები მთელ სამეფოში ამოეხოცათ, მაშინ ქრისტიანი ქალები და კაცები, დიდები და პატარები, სახლებიდან სასწრაფოდ გამოვიდნენ, და თავი ქრისტიანად აღიარეს, რათა ქრისტესთვის მოწამებრივად აღსრულებულიყვნენ. წმინდა აზატ საჭურისის მკვლეობა შემდეგ მეფემ დიდად იდარდა და გამოსცა ბრძანება, რომ მხოლოდ მასწავლებლები, ეპისკოპოსები და მღვდლები დაეხოცათ, ხოლო დანარჩენი ქრისტიანები დაენდოთ.

ბეჭდვა
1კ1