წმინდა მოწამე მიქაელ სმირნელი (ვურლელი, +1772) - 16 (29) აპრილი
წმინდა მოწამე მიქაელ სმირნელი (ვურლელი, +1772) - 16 (29) აპრილი
წმინდა მიქაელი დაახლოებით 1754 წელს დაიბადა მცირე აზიაში, სოფელ ვურლში ხელოსნების ოჯახში. ბავშვი ღვთისმოშიში, მაგრამ მერყევი ხასიათის იყო. 1772 წელს, როცა 18 წელი შეუსრულდა, სმირნში ერთ თურქ მექვაბესთან დაიწყო მუშაობა (სხვა ვერსიით - ის ფეიქარი იყო). ლამაზ და მოხდენილ ყმაწვილს თვალი დაადგა ყავახანის მფლობელმა. დიდმარხვა ახალი დაწყებული იყო, მან ყმაწვილს მოუალერსა და დაარწმუნა, ისლამი მიეღო, რათა მასთან ემუშავა. ყმაწვილი დათანხმდა და სიამოვნებით დაიწყო ყავახანაში მუშაობა. მაგრამ, აი დადგა წმინდა აღდგომის დღესასწაული, მიქაელმა ქრისტიანთა საზეიმო გალობა გაიგონა: "ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!" მან მთელი გულით იგრძნო, რომ ქრისტესია, რომ უფალი მოუწოდებს თავის სიხარულში შესასვლელად. ყმაწვილი გაჰყვა მგალობლებს და თვითონაც დაიწყო გალობა: "ქრისტე აღდგა". იქ მყოფნი შეეწინააღმდეგენ, "ამას მხოლოდ ქრისტიანები გალობენ, შენ კი თურქი ხარო".

- ხვალ შეიტყობთ, ვინ ვიყავი და ვინ ვარო, - უთხრა მათ მიქაელმა.

მეორე დღეს ის ყადისთან მივიდა და ჰკითხა:

- მსაჯულო, ვინმემ მოტყუებით ოქროს მაგივრად ტყვია რომ შემოგაპაროს, შეიძლება მოტყუებით წართმეული ოქრო უკან დაიბრუნო?

- შეიძლება და კანონიერიც არის ეგ სურვილიო, - მიუგო მსაჯულმა.

- თუ კი ასეა, აიღე შენი ტყვია და დამიბრუნე ჩემი ოქრო, წაიღე უკან შენი რწმენა და დამიბრუნე ჩემი ბაჯაღლო - მამა-პაპათა რწმენა.

ამის შემდეგ მიქაელმა ხმამაღლა აღიარა თავი ქრისტიანად და ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად.

გაუკვირდა მსაჯულს ბიჭის საქციელი, ალერსით სცადა მაჰმადის თაყვანისცემაზე დაეყოლიებინა, მაგრამ მიქაელი ქრისტეს ღალატს აღარ აპირებდა. მიქაელი საპყრობილეში ჩააგდეს, იქნებ დაფიქრდესო. ორი დღის შემდეგ კვლავ წარდგა მსაჯულის წინაშე და კვლავ დაამტკიცა თავისი რწმენა. მას თავის მოკვეთა მიუსაჯეს. მიდიოდა მიქაელი საჯალათო კუნძისკენ გახარებული, შემხვედრ ქრისტიანებს ყველას ხმამაღლა შენდობას სთხოვდა. 1772 წლის 16 აპრილს წმინდა მიქაელს თავი მოჰკვეთეს. სამი დღე ეგდო მიწაზე მისი სხეული, უვნებელი და თოვლივით თეთრი, შემდეგ კი თურქებმა ზღვაში მოისროლეს. ზღვამ მისი სხეული გამორიყა ფინიკიაში. ქრისტიანებმა იპოვეს წმინდა მიქაელის უხრწნელი სხეული და დიდი პატივით წმინდა ფოტინიას სახელობის ტაძარში დაკრძალეს.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1