წმინდა მოწამენი: პროკესი და მარტინიანე (+დაახლ. 67) - 11 (24) აპრილი
წმინდა მოწამენი: პროკესი და მარტინიანე (+დაახლ. 67) - 11 (24) აპრილი
წმინდა მოწამეები - პროკესი და მარტინიანე თავდაპირველად წარმართები იყვნენ და მამერტინის ციხის ზედამხედველები გახლდნენ. ეს ციხე რომის ჩრდილოეთით მდებარეობდა და იქ ძირითადად სახელმწიფო დამნაშავეებს (ასეთად თვლიდნენ ქრისტიანებს) ამწყვდევდნენ.

ამ ციხეში ჩასვეს ქრისტიანობის ქადაგებისთვის წმინდა მოციქულები - პეტრე და პავლე. ციხეში მოციქულების მიერ მოხდენილი სასწაულები რომ იხილეს პროკესმა და მარტინიანემ, ქრისტე ირწმუნეს. როცა ტარპეის კლდეზე (ეს კლდე რომში, კაპიტოლიუმის ბორცვის დასავლეთით მდებარეობდა. ძველ რომში აქედან ყრიდნენ სიკვდილმისჯილებს) ჯვარი გამოსახა და ლოცვით მთიდან წყარო გამოადინა, ამ წყალში არა მარტო პროკესი და მარტინიანე მოინათლნენ, ნათელ იღო 47-მა ტუსაღმაც. პროკესიმ და მარტინიანემ იწამეს ქრისტე, მოინათლნენ და მოციქულები საპყრობილიდან გამოუშვეს; მაგრამ, რომიდან მიმავალ პეტრე მოციქულს თვით მაცხოვარი გამოეცხადა, და უთხრა, რომ რომში მიდიოდა, რათა კვლავ ჯვარს ეცვათ. ამ სიტყვებმა აიძულა პეტრე მოციქული რომში დაბრუნებულიყო, სადაც კვლავ ჯარისკაცებმა შეიპყრეს.

პროკესის და მარტინიანეს მეთაურმა, პავლინემ წმინდანებს მოუხმო და ქრისტიანობის დატევება ურჩია. მაგრამ როცა ისინი შეეწინაღმდეგნენ და კერპების ლანძღვა დაიწყეს, ჯარისკაცებს უბრძანა მათი ცემა. შემდეგ რამდენჯერმე ამაოდ სცადა, წმინდანების ქრისტეს ღალატზე დათანხმება. ვერას გახდა. მისი ბრძანებით, წმინდანები საწამებლად ხეზე ჩამოჰკიდეს, სხეული ბასრი იარაღით დაუსერეს და მხრები ცეცხლით მოუწვეს. წმინდანები მხნედ დაითმენდნენ წამებას, მათ ამხნევებდა და ანუგეშებდა ერთი რომაელი დედაკაცი, სახელად ლუცინა.

ამასობაში ღვთის რისხვა ეწვია ჯალათს. პავლინემ წმინდანების წამების ბრძანება გასცა თუ არა, მაშინათვე მარცხენა თვალით დაბრმავდა და ბოროტი სულისაგან გატანჯული სამ დღეში მოკვდა. პავლინეს შვილმა ქალაქის თავს მოწამეთა სიკვდილით დასჯა მოსთხოვა. წმინდა პროკესსა და მარტინიანეს რომის გარეთ თავი მოჰკვეთეს. ზემოთ ხსენებულმა ლუცინამ მათი ცხედრები შესაფერისი პატივით დაკრძალა. წმინდანები I საუკუნის II ნახევარში აღესრულნენ. მათი წმინდა ნაწილები, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში მათივე სახელობის ეკვდერში ასვენია.

ბეჭდვა
1კ1