მოწამენი: იაკობ ხუცესი, აზადან და ავდიკი დიაკონნი, სპარსელნი (+380) - 10 (23) აპრილი
მოწამენი: იაკობ ხუცესი, აზადან და ავდიკი დიაკონნი, სპარსელნი (+380) - 10 (23) აპრილი
ქრისტეს ეს მარტვილნი დაახლოებით 379 წელს აკეფსიმეს, იოსებსა და აითალასთან (ხსენება 3 ნოემბერს) ერთად, სოზომენეს "ეკლესიის ისტორიის" თანახმად, იმ დროს ევნენ, როდესაც სპარსთა ხელმწიფის, შაბურ მეორის დევნა დასასრულს უახლოვდებოდა.

შვიდი თვის მანძილზე იტანჯებოდნენ უბნელეს დილეგში, შემდეგ კი - უმაღლეს მსაჯულს, კურკაშიდს წარუდგინეს.

მარტვილნი უსასტიკესად ტანჯეს - ცხვირის ნესტოებში მდოგვში აღრეული ძმარი ჩაასხეს, უმოწყალო გვემის შემდგომ კი - გააშიშვლეს ცივ ღამეში და ძელებზე ჩამოკიდეს.

დილით გარდამოხსნეს და იმედოვნებდნენ - ეს მწარე ღამე გონს მოიყვანთო, მაგრამ მოწამენი კვლავ მტკიცედ უარობდნენ მზისა და ცეცხლისთვის მსხვერპლის შეწირვას.

მაშინ მსაჯულმა "სამართალი აღასრულა" და ურჩთ თავები წარჰკვეთა. ხოლო როდესაც ჯალათმა სისხლიანი მახვილის იმ წყაროში განიზრახა გაწმენდა, ქალაქ არბელას რომ ამარაგებდა წყლით, წყარო ადუღდა, მთელი თვე სისხლმდინარებდა, შემდეგ კი - საბოლოოდ ამოშრა.


ბეჭდვა
1კ1