მოწამენი: ილიოდორე ეპისკოპოსი, დისან (დუსავ) ეპისკოპოსი, მარიავე ხუცესი, აბდიესი და სხვა 270, სპარსეთს წამებულნი (+362-364) - 09 (22) აპრილი
მოწამენი: ილიოდორე ეპისკოპოსი, დისან (დუსავ) ეპისკოპოსი, მარიავე ხუცესი, აბდიესი და სხვა 270, სპარსეთს წამებულნი (+362-364) - 09 (22) აპრილი
სპარსეთის მეფემ, შაბურ მეორემ, თავისი ხელმწიფების ორმოცდამეცამეტე წელიწადს (362 წელს) ტიგროსის მარცხენა ნაპირას მდებარე ბეთ-ზაბდეს სიმაგრე აიღო.

ხსენებული ციხე მესოპოტამიისა და სომხეთისკენ მიმავალ გზას იცავდა. შაბურმა მისი მრავალი მცველი გამოასალმა სიცოცხლეს, ცხრა ათასამდე კი - ტყვედ აიყვანა, მათ შორის ეპისკოპოსი ილიოდორე და მხცოვანი მღვ¬დელნი - დისანი და მარიავე.

გზაში ილიოდორე დასნეულდა და დისანი თავის ნაცვლად აკურთხა.

სპარსი ქურუმნი, იხილეს რა, რომ ქრისტიანები ტყვეობისასაც არ წყვეტდნენ ფსალმუნთგალობას და ყოველდღიურ ღვთისმსახურებას, მეფეს მყისვე ენა მიუტანეს და დაარწმუნეს, - ამით შენი მეფური ღირსებაც ილახება და სპარსული კანონებიცო!

მაშინ შაბურმა ბრძანა: - ვინაც მზესა და მთვარეს სცემს თაყვანს და რომაელთა ღმერთს განუდგება, ნებისმიერ სოფელში შეუძლია, დამკვიდრება, ხოლო ურჩთ მახვილით სიკვდილი ელითო!

მისმა ორმა ხელქვეითმა ტყვედქმნილი ქრისტიანები ერთი მთის წვერზე შეჰყარეს და იქ ამცნეს შაბურის ნება.

დისანმა მიუგო:

- თქვენ საკუთარი შვილების სისხლში ბანაობთ და აღმოსავლეთისა და დასავლეთის აღმსარებელთა სისხლში გასვრილხართ, ჩვენი სისხლი კი - უწინდელ მოწამეთა ღვაწლს განამტკიცებს! ჩვენი სამშობლო - ზეცაა და არც მწირთა მსგავსად მოვისრებით!

გსურთ, რომ სიკვდილს მიგვცეთ? მაშ, იჩქარეთ და ნუღა ყოყმანობთ, რამეთუ სხვა ღმერთს, გარდა ჭეშმარიტისა, არ ვესავთ. ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად მისივე ნებით ჩაგივარდით ხელში. ამის გამო სიკვდილსაც მივიღებთ, მაგრამ თქვენებრ მზესა და მთვარეს, ღვთისგან ქმნილთ, აროდეს ვცემთ თაყვანს!

ქურუმმა მათი ჯგუფ-ჯგუფად, 50-50 კაცად მოკვდინება ბრძანა. სასჯელის აღსრულებისას ოცდახუთმა განსაცდელს ვერ გაუძლო და მზეს სცეს თაყვანი, რის შედეგადაც თავისუფლება მიიღეს.

ერთმა მათგანმა, დიაკონმა, სახელად აბდიესმა, თუმც მძიმედ დაჭრილმა, უახლოეს სოფელს შეაფარა თავი, მომდევნო დღეს კი იმათთან ერთად წარდგა სამსჯავროზე, ვინც შეიფარა. მათ დისანის, მარიავესა და სხვა მოწამეთა ცხედრები მოძებნეს და ერთ მღვიმეში დამარხეს.

იმ ადგილას წარმართმა მწყემსებმა მრავალი მოგალობე ანგელოზი იხილეს, ეს საკვირველი ამბავი ყველას ამცნეს და გაქრისტიანდნენ.

დიაკონი აბდიესი, მოწამეთა წმინდა ნაწილების გამო იქაურობას რომ ვერ ტოვებდა, იმ მხარეში ქრისტეს ქადაგებდა.

სოფლის მამასახლისი, ხედავდა რა აბდიესის სიტყვით რამდენი წარმართი ქრისტიანდებოდა, შურით აღივსო და ერთ-ერთ მწყემსს ნეტარის მოკვლა იმ ადგილას დაავალა, სადაც მისმა თანამოძმეებმა მიიღეს სიკვდილი.

კაცი, რომელმაც ეს უსჯულოება აღასრულა, ოჯახიანად ღვთისგან სასტიკად დაისაჯა, სოფელი კი ჯერ გვალვამ მოსრა, შემდეგ - ოცი წლით გაუკაცრიელდა.

ბოლოს ერთ-ერთი იმათგანის შთამომავალი, რომელთაც მარტვილთა წმინდა ნაწილნი მღვიმეში დაფლეს, მის სიახლოვეს დასახლდა და ამ წმინდა ადგილს ყოველგვარ პატივს მიაგებდა.

ხოლო როდესაც მღვიმესთან მიახლებით მრავალი სასწაული აღსრულდა, იმ ადგილას ტაძარი აღაშენეს და მარტვილთა წმინდა ნაწილნი იქ გადააბრძანეს.

ბეჭდვა
1კ1