მოწამე კალიოპე, პამფილიის პერგიელი (+294-304) - 07 (20) აპრილი
მოწამე კალიოპე, პამფილიის პერგიელი (+294-304) - 07 (20) აპრილი
პამფილიის პერგიაში ცხოვრობდა ღვთისმოშიში ქალი, თეოკლია, მეუღლე წარჩინებული და ღვთისმოყვარე კაცისა. ქალი დიდი ხნის მანძილზე ვერ ფეხმძიმდებოდა, მხოლოდ ლოცვის შემდგომ მიეცა ნაყოფი. სწორედ ამ დროს დაკარგა მეუღლე, რომელმაც თეოკლიას უზარმაზარი ქონება უმემკვიდრევა.

ცხრა თვის თავზე ვაჟი გაუჩნდა, რომელსაც კალიოპე დაარქვა. თეოკლია, რომელიც ყოველგვარად ცდილობდა, მხოლოდშობილი ვაჟისათვის კარგი განათლება მიეცა, უპირველესად ღვთის შიშს ზრდიდა მის სულში, რისი წყალობითაც იმ მძიმე დროებაში კალიოპეს განუყრელი თანამგზავრნი ბავშვობიდანვე მარხვა და ლოცვა იყო.

როგორც კი 305 წელს იმპერატორმა დიოკლეტიანემ ქრისტიანთა დევნის თაობაზე ედიქტი გამოსცა, წმინდა ჭაბუკი, დედის რჩევით, კილიკიას, პომპეიოპოლს გაემგზავრა, რომ უსამართლო მსაჯულთა სასჯელი ასცდენოდა.

როდესაც პრეფექტმა მაქსიმინემ "ღმერთთა" საამებელი ორგია გამართა, კალიოპემ მასში მონაწილეობა მტკიცედ იუარა: - ქრისტიანი ვარო!

იგი იქვე შეიპყრეს და პრეფექტს მიჰგვარეს.

- რად უარობ ჩვენთან ერთად ღმერთთათვის მსხვერპლის შეწირვას? - დაეკითხა მმართველი, - ვფიცავ, თუ ამას იზამ, ჩემს ერთადერთ ქალიშვილს ცოლად მოგცემ!

- ქორწინება რომ მინდოდეს, შენს ქალიშვილს შევირთავდი და ჩემს მამულში თან წავიყვანდი, მაგრამ მთლიანად უფალს ვეკუთვნი, რომელმან თავის ხატად და მსგავსად შემქმნა და მსურს, მის სამსჯავროზე უმწიკვლო წარვდგე! - უპასუხა კალიოპემ.

- შენი სინორჩე გათამამებს, მაგრამ არც კი უწყი, თუ რა სასჯელი გელის ურჩობისთვის. ამ სიტყვებით ჩემი გაცოფება გსურს, რომ სული მყისიერად ამოგართვა, მაგრამ იცოდე, წინ ხანგრძლივი წამება გელის, ასო-ასო აგქნი შემდეგ კი - შენს ნარჩენებს ცეცხლს მივცემ!

- რაც უფრო ხანგრძლივად და სასტიკად დამტანჯავ, მით დიდებული და ნათელი იქნება გვირგვინი, რომელიც მომელის.

სასტიკად ტანჯეს კალიოპე, - ჯერ რკინის დაბოლოებებიანი მათრახებით გვემეს, შემდეგ კი - ბორბალზე დააკრეს და ქვეშ ცეცხლი შეუგზნეს, მაგრამ ნეტარი ღვთის ანგელოსმა დაიფარა და ცეცხლი ჩააქრო.

ამის მხილველმა, გაცოფებულმა მმართველმა კალიოპე ყველაზე ბნელ ღრმა დილეგში გამოკეტა.

შეიტყო რა შვილის ამბავი, თეოკლეამ ყველა ყმა დაითხოვა, მამული ეკლესიას და ღატაკთ უწყალობა და კალიოპესთან წავიდა.

ხანგრძლივი ტანჯვით უძლურ ქმნილ კალიოპეს დედის საამბორებლად და წამოსადგომად ძალა არ ეყო და ამ სიტყვით მიესალმა:

- კურთხეულ არს თქვენი აქ ყოფნა, რამეთუ ჩემი მეოხებით ქრისტეს ვნებათა მოწმე შეიქნებით!

- ბედნიერი ვარ, რამეთუ ძალმიძს, ვითარცა უძვირფასესი საგანძური, შენი თავი უფალს მივუძღვნა! - აღმოთქვა დედამ.

გამთენიისას, როდესაც კვლავ მსაჯულს წარუდგინეს, კალიოპემ წარმოთქვა:

- ვისწრაფვი, რომ ჩემი უფლის, ქრისტეს ვნებანი დავითმინო!

დიდი ოთხშაბათი იდგა, თეოკლიამ რომ შეიტყო, კალიოპე მაცხოვარივით ჯვარს უნდა აცვანო, ჯალათებს ხუთი ვერცხლის მონეტა მისცა, რომ, ვითარცა მოციქული პეტრე, იგიც თავით მიწისკენ გაეკრათ...

მომდევნო დღეს, წითელ პარასკევს, სწორედ უფლის ჯარზე ცხოველმყოფელი მიცვალების ჟამს, კალიოპემ სული უფალს შეჰვედრა...

როდესაც იგი ჯვრიდან გარდამოხსნეს, თეოკლიამ გულში ჩაიკრა მისი სხეული, სამგზის ეამბორა და თავადაც მიიცვალა...

დედა-შვილი ადგილობრივმა ქრისტიანებმა ერთ სამარეში დაფლეს.

საუკუნოდ იყოს ხსენება თქვენი, ღვთის წმინდანნო!
...............................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1