120 სპარსი მოწამე (+344-347) - 06 (19) აპრილი
120 სპარსი მოწამე (+344-347) - 06 (19) აპრილი
ირანის შაჰის, შაბურ II-ის (309-379 წლები) დევნისას, 345 წელს სელევკიაში ას ოცი ქრისტიანი: მღვდელნი, დიაკონნი, კლირიკოსნი და ცხრა ქალწული შეიპყრეს და ბნელ და აყროლებულ დილეგში უკრეს თავი. პირობები, რომელშიც ნეტართ ნახევარი წლის მანძილზე უხდებოდათ ყოფნა, იმდენად მძიმე იყო, ბევრ პყრობილს სიკვდილიც კი უჯობდა.

სასჯელის აღსრულების წინა დღეს ერთი წარჩინებული ბანოვანი, სახელად აზდუნდოქტა ქალაქ აბრელიდან ტყვედქმნილთ საზრდელს უზიდავდა, ფერხთ ჰბანდა, სპეტაკი სამოსით ჰმოსავდა და სულიერად ფრიად განამხნევებდა.

მომდევნო დღის განთიადს, როდესაც მარტვილნი მსჯავრის აღსრულების ადგილამდე მიიყვანეს, ოფიცერი, რომელსაც მათი ჯალათობა ჰქონდა დავალებული, თავის გადასარჩენად კიდევ ერთხელ შესთავაზა, მზისთვის ეცათ თაყვანი, მაგრამ მოწამეთაგან პასუხად ეს მიიღო:

- ორმაგი სიბრმავე შეგყრია, რამეთუ ვერ ხედავ, რომ წუხილის და ზაფრის ნაცვლად, ყოველ სიკვდილის მომლოდინეს რომ იპყრობს, სიხარული შეგვიმოსავს. რა სატანჯველსაც უნდა გადაგვყარო, ვერაფერს გახდები, რადგან თავად გვსურს სიკვდილი, რამეთუ იგი მარადის¬ობას შეგვაერთებსო!

მართლაც, სიხარულით შეუშვირეს ჯალათის მახვილს პატიოსანი თავნი და მოწამებრივი გვირგვინის ღირსნი შეიქნენ.

მათი წმინდა ცხედრები იმავე ღამეს, ხუთ-ხუთნი ერთად მიაბარეს მიწას.

* * *
მცირე ექსკურსი სპარსელ ქრისტიანთა მატიანიდან:

მეფე შაბურისჟამინდელი სასტიკი დევნის შემდგომ იქაურ ქრისტიანებს შედარებით მშვიდი ჟამი დაუდგათ.

V საუკუნის დასაწყისისთვის მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა, რადგან ერთმა ეპისკოპოსმა მესოპოტამიიდან, წმინდა მარუთამ, სპარსეთის მეფე ეზდიგერდ პირველზე (399-422 წლები), მას შემდეგ, რაც მძიმე სენისგან განკურნა, დიდი გავლენა მოიპოვა.

მისი წყალობით, ქრისტიანების დევნა შეწყდა და მათ ტაძართა მშენებლობისა და ღვთისმსახურების თავისუფლად აღსრულების ნება დართო. მაგრამ ერთმა ფაქტმა ვითარება დაძაბა: - ქალაქ სუზის ეპისკოპოსმა, აბდიამ, ბომონი გადაწვა და როდესაც მეფემ მისი აღდგენა მოსთხოვა, მის აღდგენას სიკვდილი არჩია.

განრისხებულმა მეფემ ქრისტიანულ სალოცავთა დანგრევა ბრძანა. მას მოჰყვა დევნა, ხანმოკლე შუალედებით ოცდაათ წელიწადს რომ გაგრძელდა, ხოლო უკიდურეს სისასტიკეს ეზდიგერდის მემკვიდრე ბაჰრამ V-ის (421-438 წლები) ზეობისას მიაღწია.

სპარსი მოგვები, ჯადოქრებისგან წაქეზებული ხელისუფლება თუ უბრალო ხალხი ქრისტიანთა ტანჯვას ერთმანეთს არ აცლიდა: სადაც კი პოვებდნენ, ცოცხლად მარხავდნენ, ტყავს აძრობდნენ, რომელთა სიმხნევე და მოთმინება მტანჯველებსაც კი განაცვიფრებდა.

მეფის გარემოცვაში, თვით მაღალი თანამდებობების კარისკაცთა შორის, ბევრმა ქრისტიანმა სარწმუნოებისაგან განდგომას სიკვდილი ამჯობინა. ერთ-ერთმა მათგანმა, სახელად ჰორმიზდასმა, მეფეს უთხრა:

- რას გარგებს, რომ შენი მოთხოვნა აღვასრულო? ვინც ღვთის უარყოფას დათანხმდება, განა მიწიერ ხელმწიფეს უერთგულებს?!

ჰორმიზდას ყოველივე წაართვეს: - წოდებაც და საბადებელიც, შემდეგ კი, ვითომდა, გონს მოსაყვანად, მწყემსად გაგზავნეს, მაგრამ ამაოდ - მან ბოლომდე უერთგულა უფალს და მოწამებრივი სიკვდილიც მიიღო.

აღმოსავლეთ იმპერიის ქრისტიანები მხურვალედ თანაუგრძნობდნენ სპარსელ მოძმეთა ტანჯვას: ლტოლვილები თავშესაფარს მათ ჭერქვეშ პოულობდნენ.

როგორც კი ეს ამბავი ბაჰრას ყურს მისწვდა, საზღ¬ვრის დაცვა გააძლიერა და გაქცეულთა შეპყრობა ბრძანა, შემდეგ კი იმპერატორ თეოდოსის ყველა სპარსეთიდან ლტოლვილი გადაეცა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო.

რაღა თქმა უნდა, ამ ფაქტმა დაპირისპირება გამოიწვია, რამაც ქრისტიანთა მდგომარეობა ბევრად გააუარესა.

ბოლოს ბაჰრამის მრისხანება ერთ-ერთი მღვდელმთავრის დიდსულოვნებამ დააცხრო: - საიმდროოდ შვიდი ათასამდე სპარსი ტყვეობაში იტანჯებოდა. ამიდიის ეპისკოპოსმა, აკაკიოსმა, კლიროსი შეკრიბა და შესთავაზა, - ტყვეთა გამოსახსნელად საეკლესიო ოქროს ჭურჭელი გავყიდოთო და თანხმობაც მიიღო.

მალე ტყვედქმნილნი სამშობლოში დააბრუნეს და მგზავრობისათვის ყოველივე აუცილებელითაც მოამარაგეს. ქრისტიანთა ასეთმა გულმოწყალებამ ბაჰრამი გააოგნა: შეიცნო ჭეშმარიტი სული სარწმუნოებისა, რომელსაც სდევნიდა და თეოდოსის მალევე დაუზავდა, ხოლო ქრისტიანთ გარდაცვალებამდე მფარველობდა.

თუმცა, მისმა მემკვიდრემ, ეზდიგერდ მეორემ (438 - 457 წლები) დევნა განაახლა.

* * *
ამავე დღეს არის ხსენება ღირსისა გრიგოლ სინელისა (+1346)

* * *
ამავე დღეს არის ხსენება მოწამეთა იერემიასი და არქილე ხუცესისა (III)

ბეჭდვა
1კ1