ღირსი პლატონი, სტუდიელი, აღმსარებელი (+814) - 05 (18) აპრილი
ღირსი პლატონი, სტუდიელი, აღმსარებელი (+814) - 05 (18) აპრილი
ამ წმინდა მამის მშობლები 747 წელს კონსტანტინოპოლში მძვინვარე შავ ჭირს ემსხვერპლნენ, დაობლებულ ბიჭუნაზე მეურვეობა კი ბიძამისმა იკისრა.

მისი წყალობით, პლატონმა ბრწყინვალე განათლება მიიღო და მალე იმგვარად გაითქვა სახელი, მასთან სიახლოვეს იმპერიის ყველაზე წარჩინებულნიც კი ეძიებდნენ.

თუმცა, ყმაწვილის გული, ასერიგად რომ სძაგდა წუთისოფლისეული ამაო ფუსფუსი, დროს ეძებდა, როგორმე ყოველივეს განრიდებოდა და მონასტერს ან ტაძარს უფალთან საურთიერთობოდ განმარტოებულიყო.

ხოლო როდესაც ღვთის სიყვარული მის არსებაში ყველა სხვა გრძნობას გარდაემატა, ყველაფერი მიატოვა, ყმები გაათავისუფლა, ქონება გლახაკთ გაუნაწილა, ორივე და გაამზითვა და ერთადერთი მსახურითურთ ბითვინიაში, ოლომპოს მთისკენ გაეშურა.

როგორც კი ერთ-ერთ მღვიმემდე მიაღწიეს, მსახურს თავისი ბრწყინვალე სამოსი გაუცვალა, თმა მოაკვეცინა და ასე შეაბიჯა ახალ ცხოვრებაში...

მონასტრის იღუმენმა და დამაარსებელმა, თეოქტისტემ ვინაობა და იქ მისვლის მიზეზი ჰკითხა და როდესაც ყოველი შეიტყო, თავიდან დაეჭვდა, შეძლებდა თუ არა პლატონიც მსგავსი, დახვეწილი არისტოკრატი, თუმცა, მოკლე ხანში ახალგაზრდა მონაზვნის მოსურნეობამ აზრი შეაცვლევინა.

პლატონი მთლიანად მიენდო ღვთის ნებას და მოძღვრის ყოველგვარ კურთხევას უსიტყვო მორჩილებით აღასრულებდა, სულიერად ყოველდღე წარემატებოდა.

თეოქტისტე გამოსაცდელად უცხოთა წინაშე ხან დაუმსახურებლადაც კი ამცირებდა და სასტიკად ჰკიცხავდა, პლატონს კი თავის მართლება აზრადაც არ მოსდიოდა და მორჩილად თავდახრილი ცრემლით ითხოვდა შენდობას.

ამ სიქველეებმა მას წინამძღვრის და ღვთისმოშიშ ადამიანთა სიყვარული მოახვეჭინა და თეოქტისტეს გარდაცვალების შემდგომ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, 770 წელს მონასტრის იღუმენად დაასხეს ხელი.

იმ დღიდან ღვაწლი გაიორმაგა, მონასტრის სიახლოვეს დამკვიდრდა და ოდენ ნედლი ბოსტნეულით საზრდოობდა, ძმებთან კი მხოლოდ კვირაობით იზიარებდა ტრაპეზს. წყალსაც კვირაში სამჯერ ან ორჯერ მიიღებდა.

მისი სული ლოცვით სუნთქავდა, თუმცა, წმინდა წიგნთა გადაწერასაც ახერხებდა, რის წყალობითაც ეკლესიის წმინდა გადმოცემას კიდევ უფრო ჩაუღრმავდა და ხატმებრძოლობის შემდგომ სამონასტრო რეფორმასაც ჩაუდგა სული.

780 წელს, კონსტანტინე მეხუთის, კოპრონიმოსის დევნის ჟამს პლატონი კონსტანტინოპოლს ჩავიდა, სადაც ახლობლებმა იმგვარი სიხარულით მიიღეს, თითქოს მკვდრეთით აღმდგარიყო. მისმა სახიერებამ, დიდსულოვნებამ, მადლმოსილმა, სახარების სულით გამთბარმა სიტყვამ მთელი დედაქალაქი მიიზიდა, - ერესით მოწამლულთ ჭეშმარიტებას უქადაგებდა და მოაქცევდა, მეუღლეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებდა, ქალწულთ კი - სიწმინდის დამარხვისკენ, ტვირთმძიმეთ ნუგეშს სცემდა, მოქიშპეთ - არიგებდა, სნეულთ - განამრთელებდა, ხელისუფალთ - კეთილად ჰმოძღვრიდა და ყოველთ სრულქმნილებისკენ შთააგონებდა.

მალე ღვიძლი და, თეოქტისტაც დაარწმუნა, მეუღლით და ვაჟიშვილებითურთ, - თეოდორეს (ხსენება 11 ნოემბერს), იოსების (ხსენება 14 ივლისს), ექვთიმესა და ქალიშვილითურთ აღკვეცილიყო. თავად კი ჯერ დედაქალაქის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვრობა იუარა, შემდეგ - ნიკომიდიის მღვდელმთავრობა, სეკუდიად წოდებულ მიწაზე ახლობლებითურთ განმარტოვდა და ზოგადცხოვრებულთა სავანე დააფუძნა.

მალე ეს სავანე, ას მონაზონს რომ აერთიანებდა, იმ დროის სხვა მონასტერთათვის სამაგალითოდ იქცა.

თუმცა, ღირს მამას კვლავ განმარტოება სწყუროდა, თავის დის შვილს, თეოდორეს წინამძღვრობა გადააბარა, უძლურება მოიმიზეზა და 794 წელს იქაურობას გაეცალა.

სავანის სიმშვიდე იმპერატორ კონსტანტინე მეოთხის უწესო ქორწინებამ დაარღვია, რამაც ფრიად აღაშფოთა წმინდა მამანი.

კონსტანტინემ პლატონს დედაქალაქში უხმო და შეეცადა, მისგან დათმობა გამოეთხოვა, მაგრამ ოდენ მისი რისხვა და მკაცრი მხილება მიიღო.

გულმოსულმა იმპერატორმაც აღარ დააყოვნა და წმინდა მამას ჯერ ბორკილნი აასხა, შემდეგ საპყრობილეში გამოკეტა, სადაც საზრდელს მცირე სარკმლიდან აწვდიდნენ.

ამასობაში სეკუდიის სავანის მამები გაიფანტნენ, მონასტერი გაიძარცვა, მისი იღუმენი, თეოდორე კი თერთმეტი ბერითურთ თესალონიკს გადაასახლეს.

ხანი გამოხდა და კონსტანტინე მეოთხე სამეფო კარის ინტრიგებს შეეწირა, 797 წელს დედოფალმა ირინემ კი წმინდა პლატონი და თეოდორე გაათავისუფლა, რის შემდეგაც სეკუდიის სავანემ სიცოცხლე დაიბრუნა, თუმცა, არაბთაგან მოსალოდნელი თავდასხმის გამო თავშესაფრის ძიება კვლავ კონსტანტინოპოლს იწყეს.

დედოფალმა მათ ხატმებრძოლობის ჟამს დაქცეული სტუდიის მონასტერი გადასცა, პლატონმა მის წინამძღვრად კვლავ თეოდორე დაადგინა, თავად კი მოშორებით მდებარე ერთ უბადრუკ სენაკს შეეფარა, სადაც ზამთარში აუტანლად ციოდა, ზაფხულში კი ისე ხურდებოდა, როგორც ბაბილონის ღუმელი.

ეს ნახევრად ბნელი ადგილი იყო მოწმე პლატონის ენით უთქმელი ღვაწლისა. თუმცა, ცხოვრების ამგვარი წესის მიუხედავად, მისი სენაკის კარი თანამოძმეთათვის მუდამ ღია იყო.

ეს ორი ხუცესი - პლატონი და თეოდორე, ვითარცა მოსე და აარონი, ისე წინამძღვრობდნენ სტუდიის სახელგანთქმულ სავანეს, მოშურნედ იცავდნენ საეკლესიო გარდამოცემებს და სწორედ მათზე დაყრდნობით და არა პირადი მტრობის მიზეზით შეეწინააღმდეგნენ 806 წელს წმინდა ნიკიფორეს (ხსენება 2 ივნისს) გაპატრიარქებას, რომელიც ერისკაცი გახლდათ.
ამის გამო იმპერატორმა ორივე მონასტრიდან განდევნა და მთელი წლის მანძილზე დევნიდა, რის შემდეგაც ხელმწიფის გულის მოსაფონად უკვე ჯანშერყეული პლატონი ეპისკოპოსთა ცრუ კრებამ გაასამართლა და კუნძულ ოქსზე გადაასახლა, სადაც კვლავ საპყრობილეში გამოკეტეს.

როდესაც იმპერატორმა ნიკიფორე პირველმა შეიტყო, რომ პლატონი საპყრობილეს სიკვდილის პირას მიეყვანა, სტუდიის სხვა დევნილ მამებთან ერთად მისი უკან დაბრუნება ისურვა, მაგრამ, სამწუხაროდ ვეღარ მოასწრო, - 811 წლის 29 ივლისს ბულაგრებთან ბრძოლაში დაეცა.

ახალნაკურთხმა იმპერატორმა, მიქაელ პირველმა კი დევნილთ ნება დართო, სტუდიის სავანეში დაბრუნებულიყვნენ.

თუმცა, ღირსმა პლატონმა განმარტოება ვეღარ შეძლო და ლოგინს მიჯაჭვული და ერთიანად ლოცვად ქცეული თავისი ღვთივსულიერი სიტყვით და რჩევით განამტკიცებდა სავანის მამებს.

814 წლის დიდმარხვისას წმინდა მამა მძიმედ დასნეულდა და მონაზვნებს სთხოვა, იმ ადგილთან მიეყვანათ, სადაც უნდა დაკრძალულიყო და აღმოთქვა:

- აი, ეს არის ჩემი სამუდამო განსასვენებელიო!

სნეული მამა მრავალმა ინახულა, მათ შორის - წმინდა პატრიარქმა ნიკიფორემაც, რომელსაც დიდსულოვნად შეურიგდა, თავის მდევნელთ შეუნდო, თეოდორეს და ძმებს გამოეთხოვა და ლაზარეს შაბათს მშვიდობით მიიცვალა.

ბეჭდვა
1კ1