წმინდა მოწამე გიორგი, ახალ ეფესოში მახვილით განგმირული (+1801)
წმინდა მოწამე გიორგი, ახალ ეფესოში მახვილით განგმირული (+1801)

ღვთის ეს რჩეული წარმოშობით ახალი ეფესოდან იყო, ოჯახი ჰყავდა, მაგრამ უწესო ცხოვრებით ცხოვრობდა და ლოთობდა.


 


ღვთის დაშვებით, ღვინით გონდაკარგულმა თურქ მსაჯულთა თანდასწრებით ქრისტე უარყო, მაგრამ გონს რომ მოვიდა, კუნძულ სამოსზე გაიქცა, სადაც თურქებმა იპოვეს, ეფესოში დააბრუნეს, წინადაცვითეს და მეჩეთის ზედამხედველად დაადგინეს, თუმცა, ღვინის სიყვარულს ვერაფრით სძლია.

გავიდა წელიწადი და გიორგიმ კვლავ კუნძულებს პატმოსს და სამოსს შეაფარა თავი და ცრემლით შეინანა განდგომა. კუნძულ სამოსზე თურქებმა ისევ შეიპყრეს და საშინლად გაროზგეს, თუმცა, საპირისპირო შედეგი მიიღეს, - გიორგი სასჯელმა ცოდვის გამოსასყიდად მოწამებრივი აღსასრულისთვის შეაგულიანა, ხოლო იმ ძელის ხილვის შემდგომ, რომელზეც მცირე ხნის წინ წმინდა მოწამე პოლიდორი ჩამოახრჩვეს, გადაწყვეტილება გაუმყარა.

შინ მიბრუნებულმა ოჯახს, ახლობლებს თუ მეგობრებს შენდობა სთხოვა, ადგილობრივ მსაჯულს წარუდგა, თავიდან ფესი მოიხადა და მიწაზე დაანარცხა.

ქალაქის ხელისუფალნი, როგორც კი დარწმუნდნენ, - გიორგი სრულ ჭკუაზეა და ფხიზელიო, საპყრობილეს უკრეს თავი, კისერზე ჯაჭვი შეაბეს, ფეხები შეუკრეს, ხან ლიქნით შესთავაზეს, - გონს მოდი და თავი იხსენიო, ხან - მუქარით სცადეს მოდრეკა, ხან - გვემეს, მაგრამ პასუხი უცვლელი იყო:

- ქრისტიანი ვარ და ქრისტიანად მოვკვდებიო!

1801 წლის 5 აპრილს გიორგის თავი წარჰკვეთეს, მისი მარტვილობის შემსწრე ქრისტიანებმაც და მუსულიმანებმაც იხილეს, თუ როგორ სარკისებრ იელვა მისმა სხეულმა, თითქოს მზე აირეკლაო.

წმინდა მოწამე გიორგი წმინდა პოლიდორის სამუდამო განსასვენებელთან დაკრძალეს.

მისმა წმინდა ლოცვამ გვიწინამძღვროს!

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1