მოწამენი: აღათოპოდი დიაკონი, თეოდულე წიგნისმკითხველი და სხვანი (+303) - 05 (18) აპრილი
მოწამენი: აღათოპოდი დიაკონი, თეოდულე წიგნისმკითხველი და სხვანი (+303) - 05 (18) აპრილი
ავადსახსენებელი დიოკლეტიანეს (303-305 წლები) დევნისას თესალონიკელ ქრისტიანთა უმრავლესობა გაქცევით შველოდა თავს, მხოლოდ დიაკონი აღათოპოდი, იმხანად უკვე მხცოვანი და ჯერაც ყმაწვილი წიგნისმკითხველი თეოდულე ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას კვლავ დაუფარავად, რაც თვით წარმართებსაც კი აოცებდა.

როდესაც ორივე ქალაქის მმართველს, ფაუსტინეს წარუდგინეს, ორივემ ერთხმად დაამოწმა:

- ქრისტიანები ვართო!

ფაუსტინე იმედოვნებდა, - სათითაოდ უფრო ადვილად მოვდრეკო, მაგრამ როდესაც აღათოპოდთან ვერას გახდა, თეოდულეს მოყვანა ბრძანა და არწმუნებდა: - შენი თანამოღვაწე კერპთათვის მსხვერპლშეწირვაზე დაგვთანხმდაო!

- მე ოდენ ერთ, ჭეშმარიტ ღმერთს შევწირავ მსხვერპლს და არა ამ უსულო კერპებს, თქვენი უგუნურების გამო რომ გაგიღმერთებიათო, - მიუგო თეოდულემ.

საპყრობილეში გამომწყვდეული ეს ორი ნეტარი სულს ლოცვით განიმტკიცებდა, მათი სიმტკიცით განკვირვებული სხვა ტყვეები, სხვადასხვა მიზეზით რომ დაეტუსაღებინათ, ქრისტიანდებოდნენ და ცოდვებს სინანულის ცრემლით გამოისყიდდნენ.

მალე უბადრუკი საპყრობილე მათი წყალობით ღვთის სადიდებელ ტაძრად გარდაისახა, მმართველს კი მყისვე ამბად მიუტანეს - თუ თეოდულეს ახლავე სიკვდილს არ მისცემ, მალე მთელი ქალაქი გაქრისტიანდებაო!

როდესაც აღათოპოდი და თეოდულე კვლავ წარუდგნენ უსჯულო "მსაჯულს", ღვთის მადლს იმგვარად გაეცისკროვნებინა, თითქოს დღესასწაულზე მიიჩქარიანო.

საშინელ ტანჯვას შეამთხვიეს, მაგრამ ენა მათი კვლავ უფალს ჰმადლობდა და ადიდებდა, ჯალათთ კი ეტყოდნენ:

- სხეულის ჯიჯგნა იოლად ძალგიძთ, მაგრამ სულიერად ვერასოდეს გვძლევთ, რამეთუ ეს სატანჯველნი ამას ვერ იქმან, ნუთუ, ჩვენს გასატეხად სხვა საშუალება არ გაგაჩნიათო?!

იხილეს რა ამ სასჯელის ამაოება და ვერც სიტყვით დაიყოლიეს, ფაუსტინმა მათთვის ხელების ზურგს უკან შეკვრა, კისერზე ქვების გამობმა და ზღვაში შთაგდება ბრძანა.

სიკვდილით დასჯის წინა ღამეს ნეტარმა მამებმა სიზმრად იხილეს, თუ როგორ მიცურდნენ ხომალდთან, რომლის კორპუსიც გაიბზარა და მათ გარდა ყველა მგზავრი როგორ შთანთქა წყალმა, ისინი კი, სპეტაკად მოსილნი, იმ მთის წვერზე აღმოჩნდნენ, ცას რომ სწვდებოდა.

ამ ხილვით განამხნევებნი სიხარულით წარემართნენ სამსჯავროსაკენ, ჯალათთ მორჩილად დაუხარეს პატიოსანი თავნი, იქ მყოფ ქრისტიანთ კი გლოვის ნაცვლად სიხარული დაუბარეს. ხოლო აღათოპოდმა, ზღვაში შთანთქმამდე ხმამაღლა აღმოთქვა:

- ცოდვათაგან ამ ხელახალი ნათლობით განწმენდილი ქრისტეს წინაშე წარსადგომად ვისწრაფვიო!

ამბობენ, თოკები, რომლებითაც მარტვილნი შეკრეს, თავისით გაიგლიჯაო, წმინდა აღათოპოდისა და თეოდულეს ცხედრები კი ტალღებმა გამორიყა და ადგილობრივმა ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს.
................................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1