მღვდელმოწამე აკაკი აღმსარებელი, მელიტინელი ეპისკოპოსი (III) - 31 მარტი (13 აპრილი)
მღვდელმოწამე აკაკი აღმსარებელი, მელიტინელი ეპისკოპოსი (III) - 31 მარტი (13 აპრილი)
31 მარტს (13 აპრილი) ეკლესია იხსენიებს მღვდელმოწამე აკაკი აღმსარებელს, მელიტინელ ეპისკოპოსს. წმინდა აკაკი აღმსარებელი მოღვაწეობდა იმპერატორ დეციუსის (249-251 წწ.) დროს. დეციუსმა დაიკავა თუ არა საიმპერატორო ტახტი, ოლქებში გავრცელდა მისი ბრძანებაც: სიკვდილით დაესაჯათ ყველა ქრისტიანი, ვინც არ განუდგებოდა თავის სარწმუნოებას! დეციუსს ეგონა, რომ ამით მოიგებდა ღმერთების გულს და თავიდან აიცილებდა განსაცდელს, რაც იმპერიას ემუქრებოდა.

ამ ბრძანებამ ქრისტიანები ააფორიაქა და შეაძრწუნა. უმრავლესობას მიწიერი სიამენი ღმერთზე მეტად შეჰყვარებოდა და უჭირდა მათი დათმობა, თან სიკვდილისა ეშინოდა. ჭეშმარიტი მორწმუნეები კი ნაღვლიანად შესცქეროდნენ, თუ როგორ მიიჩქაროდნენ ქრისტიანები სამსჯავროსა და წარმართული ბომონებისკენ, რათა დაეგმოთ ქრისტე და შეეწირათ მსხვერპლი კერპებისთვის. ბევრი გამოძახებასაც არ უცდიდა და მანამდე მირბოდა. ერთხელ მსაჯულები იძულებულებიც კი გახდნენ, მეორე დღისთვის მოეხმოთ ისინი, რადგან ვეღარ ასწრებდნენ განდგომილთა მოსმენას. ზოგიერთი ქრისტიანი ყიდულობდა წერილობით მოწმობას, ვითომ წარმართული რიტუალი აღასრულა და ამ სულმოკლეობითა და თაღლითობით ინარჩუნებდა სიცოცხლეს.

სწორედ ქრისტიანთა ასეთი დევნის დროს იმპერატორის კონსული მარკიანე გაგზავნა ქალაქ მელიცინაში, რომლის ეპისკოპოსიც გახლდათ აკაკი. ღირსი აკაკი არწმუნებდა კონსულს, რომ ქრისტიანები არც ერთ იმპერიაში ისე არავინ სცემს პატივს იმპერატორს, უბრალოდ მას არ აქვს უფლება ქრისტიანებს მოსთხოვოს შეწირონ მსხვერპლი როგორც ღმერთს. მღვდელმთავარმა განუმარტა კონსულს, რომ ქრისტიანი მოვალეა ადიდოს უფალი მაშინაც კი, როცა ეს მისი სიცოცხლისთვის სახიფათოა. ის ესაუბრა კონსულს ქრისტიანული მოძღვრების შესახებ. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენელი გულგრილი დარჩა მისი საუბრის მიმართ.

- დამისახელე ამ ქალაქის ქრისტიანები და შენ ამით წამება აგცდება, - უთხრა მან ქრისტიან სასულიერო პირს.

- ამ ქალაქში მცხოვრები ქრისტიანთა სახელები ზეციური ცხოვრების წიგნშია ჩაწერილი. მე შემიძლია გითხრა მხოლოდ ჩემი სახელი - აკაკი, მიქენი რაც გსურს, - მიუგო ქრისტესთვის მოწამეობისთვის მზადმყოფმა ეპისკოპოსმა..

კონსულის ბრძანებით, ღირსი აკაკი საშინლად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ელოდნენ იმპერატორის გადაწყვეტილებას, რომელსაც დაუყოვნებლივ ამცნეს მომხდარი. ყველას გასაკვირად მოულოდნელად დეციუსმა ბრძანა გაეთავისუფლებინათ აკაკი და უფლება მისცა მას თავისუფლად ეღიარებინა ქრისტიანული სარწმუნოება. კონსული მაკრიანე ამ მოვლენის შემდეგ პამფილიის მმართველად დაინიშნა.

ერთხელ ქალაქ მელიცინასთან მდინარე ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქს საშინელი წყალდიდობა ემუქრებოდა. წმინდა აკაკიმ ნაპირთან ახლოს ქვა დადო და წყალს უბრძანა, ამ ქვას არ გადმოსცდეო. წყალიც დაემორჩილა და ასე გადაურჩა ქალაქი უბედურებას...

წმინდა აკაკიმ ქალაქგარეთ სავანე დააარსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე ეკლესიაც ააგო, მაგრამ ეტყობა, მშენებლებმა შენებისას რაღაც დააკლეს... ერთხელ ღვთისმსახურება აღესრულებოდა და ტაძარი მლოცველებით იყო სავსე. უეცრად ტაძრის სახურავი შეიძრა და ის-ის იყო, უნდა ჩამოქცეულიყო, რომ წმინდა აკაკიმ გულმხურვალედ შესძახა:

- უფალია მცველი ცხოვრებისა ჩემისა - ვისა მეშინოდის?

სახურავი მეყსეულად ჰაერში შეჩერდა. როდესაც მსახურება დასრულდა და ყველა იქ მყოფი ტაძრიდან გამოვიდა, სახურავი მხოლოდ მაშინღა ჩამოიქცა და არავინ დაშავებულა.

ღირსმა აკაკიმ მრავალი უღმრთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სახელი გაითქვა შთაგონებული ქადაგებებითა და სასწაულებით, რის შემდეგაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მისი წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღეს ეკლესია 15 (28) სექტემბერს ზეიმობს.

ბეჭდვა
1კ1