წმინდა მოწამენი: იონა, ბარაქისი და სხვანი (+დაახლ. 330) - 28 მარტი (10 აპრილი)
წმინდა მოწამენი: იონა, ბარაქისი და სხვანი (+დაახლ. 330) - 28 მარტი (10 აპრილი)
ძველი სტილით 28 მარტს ეკლესია იხსენიებს IV საუკუნის დასაწყისის მოწამე ძმებს - იონას და ბარაქისს და მათთან ერთად წამებულ კიდევ რამდენიმე მოწამეს. ქრისტიანი ძმები, იონა და ბარაქისი სპარსეთში ცხოვრობდნენ. იმ დროს სპარსეთს მართავდა ქრისტიანთა დევნით განთქმული მეფე საპორა (310-331). სპარსეთის ქალაქ ბარაბოქში ქრისტიანობის საჯაროდ აღიარების გამო დაატყვევეს მორწმუნეები ზანითანი, ლაზარე, მარუთანი, ნარსი, თლია, მარინა, აბიბო, საბეთინი და საბა. წარმართი სპარსელები ქრისტიანებს წამებისათვის ამზადებდნენ. ძმებმა შეიტყვეს ამის შესახებ და გაემგზავრნენ ქალაქ ბარაბოქში, რათა დატყვევებული მორწმუნეები ენუგეშებინათ. იმ დროისათვის ეს არც ისე უსაფრთხო ქმედება იყო. ძმებმა გაამხნევეს წამებულები. ცეცხლთაყვანისმცემელ სპარსელებს არ გამოჰპარვიათ ბარაბოქში ქრისტიანი ძმების ჩასვლა, შეიპყრეს და სპარს მთავრებს წარუდგინეს. მათ ქრისტიანებისაგან მზის, ცეცხლისა და წყლის თაყვანისცემა მოითხოვეს. წმინდა მოწამეებმა საჯაროდ აღიარეს ქრისტე და წარმართთა სურვილის შესრულებაზე უარი განაცხადეს. ძმები სასტიკად აწამეს.

პირველად წმინდა იონა აღესრულა. ჯალათებმა წმინდანი ხეზე მიაბეს და დიდხანს სცემეს, მერე ყინულზე გააგდეს, მოაჭრეს თითები, ენა, თავიდან ტყავი გააძვრეს, ბოლოს გახერხეს და გვამი თხრილში გადააგდეს.

წმინდა მოწამე ბარაქისს ხელებზე გახურებული ბორკილები დაადეს, გამდნარი კალა ჩაასხეს პირში, შემდეგ კი ბორბალზე აწამეს. მათი წამება აღსრულდა დაახლოებით 310 წლის 28 მარტს. მოწამე ძმების ცხედრები სხვა მოწამეების ცხედრებთან ერთად ქრისტიანული წესით მიაბარა მიწას ერთმა ღვთისმოსავმა კაცმა.


ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1