ღირსი ილარიონ ახალი (+754) - 28 მარტი (10 აპრილი)
ღირსი ილარიონ ახალი (+754) - 28 მარტი (10 აპრილი)
28 მარტს ეკლესია იხსენიებს VIII საუკუნის მოღვაწეს, პელიკიტის მონასტრის იღუმენს ილარიონ ახალს. ილარიონი ხატმებრძოლეობის ერესს შეეწირა. იმ დროს ბიზანტიის იმპერიის საიმპერატორო ტახტი ტახმებრძოლ კონსტანტინე კოპრონიმოსს ეკავა. კონსტანტინეს ოცდათხუთმეტწლიანი (741-775 წწ.) მმართველობა ქრისტიანებისთვის საშინელ განსაცდელად იქცა; ბევრმა თავისი რწმენა მოწამებრივი სიკვდილით დაბეჭდა. ასეთი გახლდათ ილარიონ ახალიც. კონსტანტინემ თრაკისიონის ახალ სტრატეგოსად ხატმებრძოლი მიქაელ ლახანოდრაკონი დანიშნა. ლახანოდრაკონმა ხატთაყვანისმცემელთა სასტიკი დევნა დაიწყო. მას ბერმონაზვნობის აღმოფხვრა სურდა. 754 წელს დიდ ხუთშაბათს მიქაელ ლახანოდრაკონი პელიკიტის მონასტერს თავს დაესხა. ლიტურგიისას შეიჭრა ტაძარში, შეაწყვეტინა მსახურება, წმინდა ძღვენი მიწაზე დაყარა, 42 ბერი შეიპყრო, ეფესოში გაგზავნა და დაახრჩობინა. დარჩენილი ბერმონაზვნები სასტიკად ცემეს, წვერები ცეცხლით შეუტრუსეს, ზოგიერთი კი ცხვირისა და ყურების მოჭრით დაასახიჩრეს. ამ თავდასხმის დროს ხატთა თაყვანისცემისათვის მოწამებრივად აღესრულა ღირსი ილარიონი.

წმინდა ილარიონ ახალი თურმე სიყრმიდან უფალს ემსახურებოდა და მრავალი წელი დაყუდებულად ცხოვრობდა. უბიწოებისა და სიწმინდისათვის ჯერ ხუცესად აკურთხეს, შემდეგ კი პელიკიტის მონასტრის იღუმენად (დარდანელის სრუტესთან). ღირსი ილარიონი უფლისაგან წინასწარჭვრეტისა და სასწაულმოქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. მისი ლოცვით გვალვაში წვიმა მოდიოდა, ყანას საქონელი არ ეკარებოდა, მეთევზურთა ბადეები თევზით ივსებოდა. გარდა ამისა, იგი ავადმყოფებს კურნავდა და ბოროტ სულებს განასხმიდა.

ბეჭდვა
1კ1