წმინდა პეტრე და სტეფანე ყაზანელები (+1552) - 24 მარტი (6 აპრილი)
წმინდა პეტრე და სტეფანე ყაზანელები (+1552) - 24 მარტი (6 აპრილი)
დაახლოებით XIII საუკუნეში მონღოლებმა დაიპყრეს ვოლგის ბულგარეთი, რომელიც ოქროს ურდოს შემადგენლობაში შევიდა, თუმცა ერთგვარი ავტონომია შეინარჩუნა.

XIV საუკუნეში ოქროს ურდო, ბულგარეთთან ერთად, თემურ-ლენგმა გაანადგურა, დამოუკიდებელი მარტო ყაზანი დარჩა, რომელიც შეიქმნა ყაზანის სახანოს დედაქალაქად. ბულგარელები კი სხვა ეთნოსს - თათრებს შეერივნენ, რომელთაც გადასცეს წინაპართა რწმენა - ისლამი. აქაურ ორ თათარზე გვსურს მოგითხროთ, რომლებიც XVI საუკუნეში ცხოვრობდნენ.

ყაზანის სახანომ 200 წელი იარსება. ის ხშირად ესხმოდა თავს რუსებს, არც რუსები რჩებოდნენ ვალში ყაზანს. 1552 წელს, როცა ყაზანი ივანე მრისხანემ აიღო, ეს ორი ყაზანელი თათარი მაშინ მოინათლა. მათ პეტრე და სტეფანე უწოდეს.

წმინდა სტეფანე ხანშიშესული იყო, როცა ქრისტიან მღვდელს მონათვლა სთხოვა. მღვდელმა ჰკითხა: - შიში ან სიღარიბე ხომ არ არის ამის მიზეზიო. წმინდა სტეფანემ უთხრა: "ოცდაათი წელი ფეხების ტკივილის გამო მყარად დგომა არ შემეძლო. როცა მოსკოვის მეფემ ჩვენს ქვეყანას სძლია, მაშინ შევიტყვე ქრისტიანთა ღმერთის შესახებ და ჩემთვის ვთქვი: - დიდია ღმერთი, რომელიც ქრისტიანებს სწამთ, მას ჩემი ფეხების განკურნებაც ძალუძს. მოდი, მას ვიწამებ და მოვინათლები-მეთქი. ამის თქმა იყო და იმავე დღეს ფეხები განმეკურნა. ახლა მოვედი, რომ აღთქმა შევასრულო, გთხოვ მომნათლო". იფრთხილე, თანატომელებმა ქრისტიანულ რწმენაზე უარი არ გათქმევინონო, - უთხრა მღვდელმა. მაშინ ბერიკაცმა წვერიდან თმის ღერი გამოიძრო, დაწყვიტა და თქვა: - უარს ვერ მათქმევინებენ. თუნდაც დამანაწევრონ ისე, როგორც ჩემი წვერი დავგლიჯეო. ცოტა ხნის მერე იგი მოინათლა სტეფანეს სახელით. შინ დაბრუნებულ სტეფანეს ყველა აუმხედრდა და ქრისტიანული რწმენის უარყოფას აიძულებდნენ, ემუქრებოდნენ. იმავე დროს მონათლულა წმინდა პეტრეც.

რუსულმა არმიამ ყაზანი დატოვა. აჯანყდნენ ყაზანელები, ამოჟლიტეს ქალაქში დარჩენილი რუსი ჯარისკაცები და ვაჭრები. წმინდა სტეფანეს ქალაქიდან გაქცევა შეეძლო, მაგრამ მტკიცედ გადაწყვიტა სარწმუნოებისთვის მომკვდარიყო. წმინდა სტეფანე ასო-ასო აქნეს, მისი ქონება კი დაიტაცეს. წმინდა პეტრეც შეიპყრეს, ჯერ მშობლები მიუგზავნეს, მაგრამ არ დაჰყვა მათ სურვილს, რამდენიმე დღე აწამებდნენ, მაგრამ ქრისტიანობა ვერ განაგდებინეს.

წმინდა სტეფანე და წმინდა პეტრე ყაზანელების ხსენების დღე 24 მარტსაა (ძვ. სტ.). შეგვეწიოს მათი წმინდა ლოცვა.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1